Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ საქართველოში მოსკოვში მომხდარ მოვლენებს


მოსკოვში შეიარაღებული პირების მიერ მძევლების აყვანისთანავე საქართველოში ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ მრავალი მოსაზრება და ვერსია გაჩნდა.

ვერსიათა ნაწილმა უფრო მეტი დამაჯერებლობა შეიძინა მას შემდეგ, რაც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა საკონცერტო ცენტრში გამაგრებული ჩეჩენი მეომრების ნაწილი გაანადგურეს, რასაც მძევალთა შორისაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ჩეჩნეთის პრობლემატიკის ექსპერტები და საქართველოში მცხოვრები ჩეჩენთა წარმომადგენლები მომხდარის გაანალიზებას ცდილობენ და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მოსკოვში განვითარებული მოვლენები ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა.

ოფიციალური მოსკოვი ინციდენტის დაწყების დღიდან ცდილობდა მომხდარი იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის საწინააღმდეგოდ შეებრუნებინა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც რუსეთმა ინციდენტი დასრულებულად გამოაცხადა. მოსკოვის მიერ ტერორისტულ აქტად კვალიფიცირებულ ინციდენტთან მასხადოვის კავშირის დასადასტურებლად საკონცერტო დარბაზში შეჭრილ შეიარაღებულ პირთა მეთაურის მოვსარ ბარაევის სიტყვებს იმოწმებენ. ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე-სათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე მოვსარ ბარაევმა, აი, რა განაცხადა:

[ბარაევის ხმა] „ჩვენ არაერთხელ გაგვიგონია, რომ მასხადოვს არავინ არ ემორჩილება და ანგარიშს არავინ უწევს. ეს ტყუილი და ცილისწამებაა. ჩვენ მას, დიახაც რომ, ვემორჩილებით და, დიახაც რომ, ანგარიშსაც ვუწევთ. რაც შეეხება მასხადოვთან მოლაპარაკებებს, ეს მე არ ვიცი. ჩემი ამოცანა იყო აქ მოსვლა და ის, რაც ჩვენ გვინდოდა, ალაჰის დახმარებით, ჩვენ ეს გავაკეთეთ.“

საქართველოში ჩეჩნეთის პრობლემატიკის ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო მოსკოვის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული შეჭრის ორგანიზება მასხადოვის ხელმძღვანელობით განხორციელებულიყო.

[არეშიძის ხმა] „პირველ რიგში, ეს იყო ანტიჩეჩნური ღონისძიება და ჩეჩნებს სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ ამ ღონისძიების შედეგად.
-
ისევე, როგორც ბასაევის აქციის შემდეგ?
-
მაშინ კიდევ 11 სექტემბერი მომხდარი არ იყო ჯერ და რაღაცა ზოგადი მხარდამჭერები ჰყავდა ამ ამბავს, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირი დრო არის და არაპოპულარულია ეს ნაბიჯი, ასე რომ ვთქვათ, რბილად.“

მოსკოვში მძევალთა დატყვევების ფაქტის ჩეჩნეთის საწინააღმდეგოდ შემობრუნებაზე ლაპარაკობს საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ლიდერი ხიზრი ალდამოვიც და მასში მასხადოვის მონაწილეობას გამორიცხავს.

[ალდამოვის ხმა] „თუკი იმათ ეუბნებოდნენ, იმ 30 თუ 50 კაცს, რომლებიც, გაუგებარია, ვის დავალებას ასრულებდნენ, თუ იმათ ეუბნებოდნენ, რომ, რა მოხდა, კი დაიღუპა ჩეჩნეთში ახალგაზრდები, ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ თქვენ აქ ამ ხალხის დახოცვით ვერაფერს ვერ მიაღწევთ, ეს არ არის დასაშვები, ამ სიტყვებს ჩვენ ხომ ვუსმენდით... ის 35 კაცი განადგურდა. იმათ იქ არავინ მოუკლავთ და რატომ დაიწყო დღეს ჩეჩენი ერის განადგურება. როგორ შეიძლება, რომელიღაც ჯგუფებისა და რომელიღაც პიროვნებების გულისთვის ერი ხომ არ უნდა განადგურდეს?...“[სტილი დაცულია]

მოსკოვის ინციდენტის ჩეჩნეთის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შემობრუნება კრემლის სასიცოცხლო ინტერესებს წარმოადგენს, რადგან გაუთავებელი ომით პუტინის ის რეიტინგი დაეცა, რომელიც მან არჩევნების წინ სწორედ საბრძოლო მოქმედებების წამოწყებით მოიხვეჭა. მასხადოვისათვის ტერორისტული აქტის ორგანიზების გადაბრალება კი პუტინს მოახლოებული არჩევნების წინ იმის საფუძველს აძლევს, რომ გაამართლოს ომის გაჭიანურება. სწორედ ეს ფაქტორი მუშაობს ასლან მასხადოვის წინააღმდეგ და ამ მიზეზითაც ნაკლებად სავარაუდოა მისი მოსკოვის ინციდენტში მონაწილეობა. მამუკა არეშიძე რუსეთის დედაქალაქში მძევლების დატყვევების ოპერაციის ორგანიზატორებს სულ სხვა ძალებში ეძებს.

[არეშიძის ხმა]

ამ ჰიპოთეზების რეალურობას ახლო მომავალი მოჰფენს ნათელს.
XS
SM
MD
LG