Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა იქცეოდეს პრესა და ხელისუფლება ტერაქტების დროს?


მოსკოვში მძევალთა აყვანასთან დაკავშირებულმა ისტორიამ

კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩინა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის დამახასიათებელი მწვავე პრობლემა: კრიტიკულ სიტუაციებში თავისუფალ პრესასთან დიალოგს ხელისუფლება ტოტალიტარული მეთოდის გამოყენებას - ინფორმაციის შეზღუდვასა და ცენზურის ამოქმედებას - ამჯობინებს. 26 ოქტომბერს ამ პრობლემაზე შეშფოთებით საუბრობდნენ ნატოს საინფორმაციო ოფისისის მიერ თბილისში ორგანიზებული სემინარის მონაწილე როგორც ქართველი, ისე რუსი ჟურნალისტები. თუმცა სემინარზე წამოჭრილი ბევრი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. აღმოჩნდა, რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში ჭირს არა მარტო ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის შექმნა კრიზისულ სიტუაციებში, არამედ იმის დადგენაც, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ტერორისტად.


ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის თერთმეტ სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ბევრმა ავტორიტეტულმა საინფორმაციო საშუალებამ ექსტრემიზმის მიმართ საკუთარი მიდგომა შეიმუშავა. საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შემოღებულ იქნა შიდა შეზღუდვები, ერთგვარი კორპორატიული ნორმები, რაც სავსებით თავსდება კონსტიტუციურ მოთხოვნებთან. მაგრამ ერთია თვითცენზურა კონსტიტუციური ნორმების დაცვით და მეორეა, როდესაც ხელისუფლება კანონს ხმარობს როგორც ხელკეტს და, საკუთარი უსუსურობის დასაფარავად, ცენზურას უწესებს ყველა საინფორმაციო საშუალებას. რუსეთის "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის" წარმომადგენლის ბორის პანტელეევის განცხადებით, მოსკოვში მძევალთა გათავისუფლების ოპერაციის წინ რუსეთის ხელისუფლება სწორედ ტოტალიტარული წარსულის ინერციით მოქმედებდა:

[ბორის პანტელეევის ხმა] "რუსეთში წავიდნენ არა იმ გზით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ - როდესაც ყველა რედაქცია თავადვე შეიმუშავებს საკუთარ მიდგომას ექსტრემიზმის მიმართ. არამედ წავიდნენ უფრო იოლი გზით - კანონში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ შეიტანეს შესწორებები და მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას აუკრძალეს ნებისმიერი ტერორისტისთვის საეთერო დროის მიცემა, იმისდა მიუხედავად, თუ რის თქმას აპირებს იგი. თუ ტერორისტი ომის მშვიდობიანად დამთავრების იდეით გამოდის, განა ეს ექსტრემიზმისკენ მოწოდებას ნიშნავს? ან განა შეიძლება პასუხი მოეთხოვოს ჟურნალისტს იმის გამო, რომ მან ეთერი დაუთმო ექსტრემისტს, რომელიც მშვიდობას ქადაგებს? მე მიმაჩნია, რომ აქ კანონი გამოიყენება როგორც ხელკეტი, ხოლო, შედეგად, თავისუფალ ტელეარხს "მოსკოვიეს" ინფორმაციის სამინისტრომ ლიცენზია ჩამოართვა."

თუმცა, როგორც ირკვევა, კრიზისულ სიტუაციებში პრობლემატურია არა დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის შემუშავება, არამედ იმის დადგენაც, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ტერორისტად. საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითის გახსენებაც იკმარებს: ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობასთან გააფორმა ოქმი, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი პარტიზანული ჯგუფების წარმომადგენლები ბანდიტებთან და ტერორისტებთან იქნენ გაიგივებულნი. იარაღით ხელში საკუთარი მიწა-წყლის გასათავისუფლებლად მებრძოლი ადამიანისთვის ტერორისტის იარლიყის მიწებებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია სერიოზულ ზნეობრივ პრობლემას უწოდებს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მორალური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩევნ ვერავითარ შემთხვევაში ქართველ პარტიზანებს, რომლებიც მოქმედებენ აფხაზეთში, ვერ განვიხილავთ ტერორისტებად. იმ ხალხს, რომელიც, იარაღით ხელში, აი, ამ სრული უიმედობის პირობებში, ცდილობს, რომ გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემა, საკუთარ სახლში დაბრუნების პრობლემა, ჩვენ მათ ტერორისტებად ვერ შევრაცხავთ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ელემენტარული სამართლიანობის აღდგენას. და, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება მათ სხვა გზას არ უტოვებს."

მართალია, ჯერჯერობით "ტერორისტებისთვის" საინფორმაციო მხარდაჭერის გამო ლიცენზია არც ერთი სატელევიზო არხისთვის არ ჩამოურთმევიათ, მაგრამ ხელისუფლება ასევე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას საინფორმაციო პოლიტიკის პრინციპები, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებას დეზინფორმაციისგან დაიცავდა. მეტიც, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის ლაშა ტუღუშის განმარტებით, ხელისუფლება უფრო ხშირად ხელს უწყობს ისეთი საინფორმაციო ვაკუუმის შექმნას, რაც შეუძლებელს ხდის ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოების დაცვას. ხოლო ყველაზე საუკეთესო საინფორმაციო პოლიტიკად ლაშა ტუღუში ორმხრივ ნდობაზე აგებულ თანამშრომლობას მიიჩნევს.

[ლაშა ტუღუშის ხმა] "ამდენად, რისკი საკმაოდ სერიოზულია დღესაც და არანაკლებ დიდი შეიძლება იყოს ხვალაც. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია სახელმწიფოს, აი, ამ უწყებების ხელმძღვანელებმა არ იცოდნენ კოორდინირებულად როგორ უნდა იმუშაონ. საზოგადოებასთან თამაშის წესები სახელმწიფოს ხელისუფლებისა უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს, ეს უფრო მეტად უნდა იყოს დამყარებული ნდობაზე."

ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი, ასეთი ნდობის გამოვლინებას საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ ჩქარობს. მას ურჩევნია საზოგადოება პურითა და სანახაობით შეაქციოს, ისეთით, როგორიც "თბილისობაა" და რომელზეც ხალხი, ძირითადად, გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დადის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG