Accessibility links

პატარა იახტა და დიდი პრობლემები


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა 19-წლამდელ

ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები, რომლებსაც ეროვნული და “ლოკომოტივის” სტადიონები მასპინძლობდა. ქუჩაში იაფი პროდუქტების საძებნელად გამოსული დამშეული ხალხი ევროპული მასშტაბის ფეხბურთით არც დაინტერესებულა და, წინა ორი ტურის მსგავსად, შაბათის შეხვედრებსაც საგანგაშოდ ცოტა მაყურებელი დაესწრო. არადა, სწორედ შაბათს გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც გაისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოსახვედრად იბრძოლებენ. პირველ ტურში, ბელგიელებთან წაგებული მატჩის შემდეგ, ქართველთა შანსები ერთობ მოკრძალებული ჩანდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა, ბოლო წუთებში გატანილი ორი გოლის წყალობით, მომდევნო შეხვედრა უკრაინას მოუგო, შემდეგ კი დიდი ანგარიშით დაამარცხა ფარერების გუნდი. საბოლოოდ, მასპინძლებმა 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და, ბელგიელებთან ერთად, წარმატებით დაძლიეს პირველი ევროპული ბარიერი. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა შედეგით კმაყოფილია, თამაშის ხარისხით – არა. უფროსი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე შემადგენლობის შერჩევისას დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და საგაისოდ ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებს. კორღალიძის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს მაქსიმალურად ხელსაყრელი საწვრთნელი პირობები შეუქმნა და რაკი გუნდმა სასტარტო ამოცანას თავი გაართვა, იმედია, ყურადღება არც მომავალში მოაკლდება.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საფიქრალ-საზრუნავი სხვაც ბევრი აქვს, უწინარესად – ქვეყნის პირველი გუნდი და ეროვნული ჩემპიონატი, 30 აპრილისთვის დანიშნული საქართველო-რუსეთის გადატანილი მატჩის საორგანიზაციო - ფინანსური პრობლემების მოგვარება, ყადაღადადებული საბანკო ანგარიში და იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო დეპარტამენტის მორიგი ულტიმატუმი. ეროვნული ნაკრების ამბავი ყველასათვის ცნობილია: სამარცხვინო წაგება ბაზელში, 12 ოქტომბრის ჩაშლილი მატჩი და მისი უღიმღამო პირველი ტაიმი, უდიდესი მორალურ-ფინანსური ზარალი და ერთობ საეჭვო პერსპექტივა. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ჩაიშალა თბილისის “მერანისა” და რუსთავის “გორდას” მეთორმეტე ტურის მატჩი. უხელფასოდ დარჩენილმა “მერანის” ფეხბურთელებმა თამაშზე უარი განაცხადეს და, თუ კლუბს სერიოზული ფინანსური პარტნიორი არ გამოუჩნდა, შეიძლება უმაღლესი ლიგა გუნდნაკლული დარჩეს. ამ ვითარებაში აღმოჩენილ ქართულ ფეხბურთს და მის ფედერაციას თითქოს პრობლემები აკლდა: უკვე მერამდენედ დაუყადაღეს საბანკო ანგარიში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ბიუჯეტთან მცდარი ანგარიშსწორებისათვის. ფედერაციასთან ასევე ძველი ანგარიშები აქვს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც 24 აგვისტოს გამართულ ფედერაციის საარჩევნო ყრილობას ბათილად აცხადებს და იქ მიღებულ გადაწყვეტილებათა რევიზიას ითხოვს. თითქოს მიჩუმათებულ-მივიწყებული ეს საქმე გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა: ფედერაციის ოფისს თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს უფროსი და მისი მოადგილე ესტუმრნენ და, უკვე მერამდენედ, ყრილობის დოკუმენტაცია მოითხოვეს. ბიუროს უფროსის გია ჩალათაშვილის განცხადებით, აღმასრულებლები სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ და ფედერაცია ვალდებულია წარმოადგინოს ყრილობის ოქმი. აი, ასეთი საფეხბურთო არასაფეხბურთო ამბები უძღოდა წინ თბილისობის ტრადიციულ ზეიმს, რომლის მონაწილეთა ყურადღება, გარდა მოჭიდავეთა და მკლავჭიდელთა ტურნირებისა, ერთმა უცნაურმა სანახაობამ მიიპყრო: თვითნაკეთი იახტით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში – საბურთალოდან თვისუფლების მოედნისკენ და თბილისის ზღვის მიმართულებით – ორი საათი ისეირნა ცნობილმა მოგზაურმა და ინჟინერმა ნუგზარ კიკნაძემ. ბორტჩამოშვებული სატვირთო ავტომანქანის ძარამ, იახტასთან და მის კონსტრუქტორთან ერთად, ათამდე სტუდენტი-მეზღვაურიც დაიტია. თბილისური პრეზენტაციის შემდეგ ბატონი ნუგზარი და მისი თანმხლები მეზღვაურები ლამის მთელ საქართველოს მოივლიან და ღუზას ფოთში ჩაუშვებენ. სწორედ ფოთში უნდა აიღოს სტარტი დედამიწის გარშემო სარეკორდო მოგზაურობამ, რომელსაც ბატონი ნუგზარი გაისად გაზაფხულზე გეგმავს.


(ნუგზარ კიკნაძის ხმა): ”მე მგონი, შესაძლებელია ამისთანა პატარა ნავით დედამიწის შემოვლა. მთავარია, დაფინანსება. ნავი მზად არის, მეც მზად ვარ და, დაფინანსება თუ იქნა, გაზაფხულზე წავალ”.


ნუგზარ კიკნაძის ადრინდელი მცდელობა, სწორედ ფინანსური პრობლემების გამო, წარუმატებელი გამოდგა: 1996 წელს დედამიწის გარშემო კრეისერული იახტით მისი პირველი მოგზაურობა ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებთან შეწყდა. ამჯერად მეზღვაურმა მინი-იახტა დააპროექტა და თავად ააგო. იახტის სიგრძე 327 სანტიმეტრია, სიგანე - 160 სანტიმეტრი, წყალწყვა – 1,2 ტონა ასეთი ზომის იახტით დედამიწა ჯერ არავის შემოუცურავს. მარშრუტიც ორიგინალურია.


(ნუგზარ კიკნაძის ხმა) “შავი ზღვიდან გავდივარ მარმარილოს ზღვაში, მარმარილოს ზღვიდან - ეგეოსის ზღვაში. მთელს ხმელთაშუა ზღვას გავივლი, გიბრალტარის სრუტით გავალ ატლანტის ოკეანეში და იქიდან ავსტრალიაში გავაჭრი. იქიდან ინდონეზიას ავუყვები ჩრდილოეთისაკენ, ინდოეთამდე, და მერე ინდოეთის ოკეანეს გადავსერავ წითელი ზღვის პარალელზე. იქიდან ამოვალ სუეცის არხით ხმელთაშუა ზღვაზე და წრეც შეიკვრება”. [სტილი დაცულია]


თუ სპონსორები გამოჩნდნენ და ამ პროექტისათვის აუცილებელი მინიმალური თანხა – 50 ათასი დოლარი შეგროვდა, სარეკორდო მოგზაურობა დაახლოებით ორ წელიწადს გასტანს. ნუგზარ კიკნაძე იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება და ფინიში სწორედ სოხუმში ექნება. იახტასაც ხომ “აფხაზეთი” ჰქვია.
XS
SM
MD
LG