Accessibility links

logo-print

სამი პოლიტიკური ცენტრის ურთიერთქმედება


იმ ეტაპზე, როდესაც ქართული პოლიტიკური სივრცე არაოფიციალურად ორ პოლიტიკურ ცენტრად გაიყო, ბათუმის ცენტრი ერთიანად და შეკრულად გამოიყურებოდა,

თბილისის ცენტრი კი ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ბირთვისგან შედგებოდა. პირობითად, ამ ორ პოლიტიკურ ქვეცენტრს ასე მოიხსენიებდნენ: პარლამენტი და კანცელარია.

პოლიტიკური პროცესის განვითარების მიმდინარე ეტაპზე პირველ ცენტრში ორი პოლიტიკური ბირთვი ერთმანეთს ბოლომდე გაემიჯნა და ბუნებრივად მივიღეთ სამი ცენტრი, პირობითი სახელდებით: ბათუმი, კანცელარია, პარლამენტი.

მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური სივრცე ორ ცენტრად იყო გაყოფილი, ბათუმის ცენტრს ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, თბილისის ცენტრს კი – ედუარდ შევარდნაძე. პირველ ცენტრში მაშინაც აშკარად იკვეთებოდა ორი პოლიტიკური ბირთვი. კანცელარიას ნუგზარ საჯაია ლიდერობდა, პარლამენტს – ზურაბ ჟვანია. საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისის ცენტრი ბათუმის ცენტრის წინააღმდეგ მჭიდროდ შეკავშირდა. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტსა და კანცელარიას შორის ბზარი გაღრმავდა: საარჩევნო შტაბს ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა და კანცელარიაში არჩევნების შედეგების განხილვისას მას უშიშროების საბჭოს სხდომის დატოვება მოუხდა პროტესტის ნიშნად. სხდომაზე ირკვეოდა საკითხი - რომელმა ქვეცენტრმა უღალატა პრეზიდენტს ლამის ჩაშლილ არჩევნებში: პარლამენტმა თუ კანცელარიამ.

ნუგზარ საჯაიას გარდაცვალება კანცელარიის პოლიტიკური ბირთვისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო: ედუარდ შევარდნაძეს შიდა საყრდენი გამოეცალა. იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც პარალელურად ვითარდებოდა პარლამენტში, უმრავლესობის ფრაქციებად დანაწევრების კუთხით, პრეზიდენტი ორივე შიდა საყრდენის მხრივ პოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩნდა.

თუმცა პროცესი სამივე მიმართულებით განვითარდა. ასლან აბაშიძემ შეინარჩუნა თავისი პოლიტიკური სივრცის შეუვალობა, კანცელარიის ცენტრს ავთანდილ ჯორბენაძე ჩაუდგა სათავეში, პარლამენტში კი ინიციატივას ჟვანია-გამყრელიძის არაოფიციალური კოალიცია დაეუფლა. ოღონდ, წინა წლებისგან განსხვავებით, პირველი ცენტრის ერთიანობა დაირღვა და ორი პოლიტიკური ბირთვი - კანცელარია და პარლამენტი – ერთმანეთს ღიად და უპირობოდ დაუპირისპირდა.

რა გზა აირჩია თავად პრეზიდენტმა? ამჟამინდელი მდგომარეობით, ედუარდ შევარდნაძე მწვავედ არის დაპირისპირებული როგორც საპარლამენტო პოლიტიკურ ცენტრთან, ასევე ასლან აბაშიძესთან. იგი მთლიანად ეყრდნობა კანცელარიას.

ერთი შეხედვით და მარტივი არითმეტიკული ფაქტორის გათვალისწინებით, საკმარისია, ასლან აბაშიძე საპარლამენტო ცენტრის ლიდერებს შეეკრას, რომ შევარდნაძე უმცირესობაში და პოლიტიკურად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მეორე მხრივ, საკმარისია, აბაშიძე შეეკრას ჯორბენაძეს, რომ პრეზიდენტი საერთოდ საყრდენის გარეშე რჩება. მაგრამ ეს მარტივი მექნიზმები მოქმედებაში არ მოდის. რატომ?

ძველ დროშიც, როდესაც თბილისის ცენტრი ფორმალურად ერთიანი იყო, ბათუმის ცენტრი მისგან იზოლირებული არ ყოფილა. ასლან აბაშიძეს მეტ-ნაკლებად სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავდა და ჰყავს პარლამენტში, აგრეთვე, მას ჰყავდა და ჰყავს ჩუმი მომხრეები კანცელარიაშიც.

თბილისის პოლიტიკური ცენტრის ორ განაყოფს შორისაც ღია და ფარული კავშირები არსებობს. ავთანდილ ჯორბენაძე სრულად აკონტროლებს ოთხი საპარლამენტო ფრაქციის ხმებს. თავის მხრივ, ჟვანია-გამყრელიძის პოლიტიკურ ცენტრს ფარული მხარდამჭერები ჰყავს კანცელარიაში და მათი გამოვლენის მიზნით მოქალაქეთა კავშირის სახელისუფლო პარტიაში წმენდა დღემდე გრძელდება.

ედუარდ შევარდნაძე სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ ასლან აბაშიძე მის წინააღმდეგ არ შეეკრას არც ჟვანიასა და გამყრელიძეს, არც ჯორბენაძეს. იმის გამო, რომ პოლიტიკური ორიენტაცია ბათუმის და პარლამენტის ცენტრებს სრულიად განსხვავებული და ერთმანეთის საპირისპირო აქვთ, მათი სტრატეგიული თანამშრომლობა გამორიცხულია. და მაინც, თავის დაზღვევის მიზნით, პროდასავლურ საპარლამენტო პოლიტიკურ ცენტრს ხშირად ხელოვნურად უკავშირებენ ასლან აბაშიძეს, რითიც ჟვანია-გამყრელიძეს მუდმივი თავდაცვის პოზიციაში ამყოფებენ და აიძულებენ, საჯაროდ და არაერთგზის გაემიჯნონ ბათუმის ცენტრის ლიდერს. პარალელურად მიმდინარეობს მეორე პროცესი: შეიმჩნევა აღორძინების დეპუტაციის კეთილგანწყობა ავთანდილ ჯორბენაძის მიმართ. აი, სწორედ ამ ვითარებაში მოითხოვს პრეზიდენტი ასლან აბაშიძისგან, რომ მან ცენტრალურ ბიუჯეტს კუთვნილი თანხა გადმოურიცხოს. კანცელარიასა და ბათუმს შორის ურთიერთობა იძაბება და ფარული ალიანსი ჯორბენაძისთვის მეტად სარისკო სახეს იღებს. გამწვავებულ ვითარებაში, მოსალოდნელია, რომ ჯორბენაძე კანცელარიის ლიდერის სტატუსს და საკუთარ თანამდებობას ჯეროვნად გაუფრთხილდება, ანუ პრეზიდენტს მისგან ღალატის საფრთხე არ დაემუქრება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ პროცესს ერთი წლის განმავლობაში ამ სამი ცენტრის ურთიერთქმედება განსაზღვრავს, ხოლო საეტაპო შედეგს მომავალი საპარლამენტო არჩევნები შეაჯამებს. სამივე ცენტრის მიზანი ამ არჩევნების მოგებაა.
XS
SM
MD
LG