Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევალთა განთავისუფლება მოსკოვში და ამასთან დაკავშირებით წამოჭრილი შეკითხვები


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთის ოფიციალური და სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი მედია ხოტბას ასხამს მოსკოვში, მძევალთა გათავისუფლების მიზნით ჩატარებულ საგანგებო ოპერაციას,

მაგრამ მთავარობა არ ამხელს ოპერაციის დეტალებს, მათ შორის არც იმას, თუ რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული ჩეჩენი მეაბოხეების გასანეიტრალებლად. ოპერაციის შედეგად თითქმის ყოველი მეხუთე მძევალი დაიღუპა; და, გამორიცხული არ არის, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ნუთუ მართლა შეიძლება ეს ოპერაცია წარმატებად ჩაითვალოს?

ექიმების თქმით, სულ ცოტა 117 მძევალი გაზით მოიწამლა. ასობით სხვა ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, ზოგიერთი მათგანი – მძიმე მდგომარეობაში. რუსეთის მთავრობის თქმით, გაზის გამოუყენებლად შეუძლებელი იქნებოდა 750-მდე ადამიანის გადარჩენა.

დუბროვკის თეატრალური ცენტრის დარბაზში შეშვებული გაზის გავლენა მომენტალური იყო. სუნთქვის შეწყვეტისა და სისხლის მიმოქცევის შენელების შედეგად, თითქმის უმრავლესობამ, როგორც ჩეჩნებმა ისე მათმა მძევლებმა, გონება დაკარგეს.

რუსეთის ჯანდაცვის უწყებების რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, გაზი არ იყო მომაკვდინებელი. ის ჰგავდა იმას, რომელიც გამოიყენება ანესთეზიისთვის ქირურგიული ოპერაციების დროს. მაგრამ (ისევ და ისევ ოფიციალური ვერსიით) სამი დღის განმავლობაში ქანცგამოცლილ მძევლებზე მან მოსალოდნელზე უფრო ძლიერი გავლენა იქონია.

მოსკოვის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი სელტოვსკიმ განაცხადა, რომ მან ამ გაზის სახელიც კი არ იცოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის შეიქმნა სახედრო ან უშიშროების ძალების მიერ რაიმე საიდუმლო პროგრამის ჩარჩოებში.

ოპერაციიდან დღენახევრის შემდეგ ხელისუფლება არც ამ ვარაუდს ადასტურებს და არც გაზის იდენტიფიკაციაზე თანხმდება. მან შეერთებული შტატების საელჩოსაც კი არ გასცა პასუხი პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე.

რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტების თქმით, ყოველივე ეს ბადებს შეკითხვას: იცავს თუ არა რუსეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულებას?

რუსეთის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული ხელშეკრულება კრძალავს ყველა სახის მომაკვდინებელი გაზის გამოყენებას და მკაცრ მეთვალყურეობას უწევს იმ ათეულობით ქიმიურ კომპონენს, რომლებიც ამ იარაღის შესაქმნელად გამოიყენება. ხელშეკრულებით დაიშვება ზოგიერთი ქიმიური აგენტის, მაგალითად ცრემლსადენი გაზის გამოყენება საშინაო არეულობების ჩასაწყნარებლად, მაგრამ ასეთი აგენტის გავლენა ძალიან მოკლევადიანი უნდა იყოს.

ექსპერტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ დაღუპულთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, მიუთითებს, რომ გამოყენებული გაზის გავლენა სულაც არ იყო მოკლევადიანი.

როგორც გადარჩენილების, ისე ექიმების თქმით, მოწამლულთაგან არავის არ გასჩენია წყლულები, არავის ჰქონია კრუნჩხვები ან შინაგანი სისხლისდენა – სიმპტომები, რომლებითაც ხასიათდება მომაკვლინებელი ქიმიური იარაღი სარინი ან დაბლიუ ექსი.

ასეა თუ ისე, როგორ წერს –"მოსკოუ ტაიმსის" ჟურნალისტი ევგენია ბორისოვა სტატიაში "ისინი გაზმა გადაარჩინა, გაზმავე მოკლა"ექიმებმა შეტევამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს, რომ გაზით მოწამლული ასობით გულწასული ადამიანის მკურნალობა მოუხდებოდათ. მეტიც, მათ არ იცოდნენ როგორ ემკურნალათ დაზარალებულთათვისს.

მიუზიკლ "ნორდ-ოსტში" მონაწილე მსახიობი მარკ პოდლესნი ამბობს, რომ მასა და მის მეგობარს ამონიუმის ქლორიდით გაჟღენთილი ჩვარი ამოუდეს ცხვირქვეშ და უთხრეს, არ ჩაეთვლიმათ: შემდეგ სამი საათის განმავლობაში მათ პალატაში არავინ შესულა. "რომ დაგვძინებოდა, ალბათ ჩვენც მოვკდებოდითო", თქვა მსახიობმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია არაპროფესიულად იყო ჩატარებული, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მისთვის ხოტბა არ დაუკლია.

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი ანდრეი მირონოვი ამბობს, რომ მოსკოვმა თვითონ უბიძგა მეაბოხეებს ექსტრემიზმისკენ, ჩეჩნეთში ფედერალური ჯარების მხეცური მოქმედებებით და იმით, რომ უარს ამბობდა ნებისმიერ მოლაპარაკებებზე.

ჩვენს რადიოსთან საუბარში მსგავსი აზრი გამოთქვა ვაშინგტონში მოქმედი ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების ამერიკული კომიტეტის დირექტორმა გლენ ჰაუვარდმა
[ჰოვარდის ხმა] "ეს გაახანგრძლივებს ჩეჩნეთის ომს. გაახანგრძლივებს ჩეჩენი ხალხის ტანჯვას და, შესაძლოა, ეს "კამიკაძეების" უკანასკნელი თავდასხმა არ იყოს."

კრიტიკოსების თქმით, პუტინს პრობლემის მიზეზის აღმოფხვრა მართებს, ის კი ამის ნაცვლად ჩეჩნეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას აპირებს და ამას "საერთაშორისო ტერორიზმის" წინააღმდეგ" ომს უწოდებს.

რუსეთმა უცხოეთის მთავრობებისგან ჩეჩენ მეამბოხეებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა მოითხოვა. კვირას კრემლმა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა ნოემბრისთვის, დანიაში დანიშნულ რუსეთისა და ევროპის კავშირის სამიტს, თუ დანია დაუშვებდა, რომ კოპენჰაგენში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი გამართულიყო. ეს კონგრესი ორშაბათს მაინც დაიწყო. ნოემბრის სამიტი კი, დანიის წინადადებით, ბრიუსელში გადაიტანეს.
XS
SM
MD
LG