Accessibility links

logo-print

ვის შეეძლო გამხდარიყო კინოვარსკვლავი საბჭოთა ეპოქაში


ვის შეეძლო გამხდარიყო კინოვარსკვლავი საბჭოთა ეპოქაში

და ვის შეეძლო ამ თავისებური ტიტულის შენარჩუნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? ქართულ კინოსა და თეატრში მსახიობი, რომელსაც პოპულარობა კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგაც არ დაუკარგავს, ბევრია, მაგრამ ვარსკვლავი, რომელიც, ასაკის მიუხედავად, კვლავაც ვარსკვლავად რჩება, ბევრი არ გვყავს. შარშან საქართველოს საზოგადოებამ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთი წლით ადრე გადაუხადა 70 წლის იუბილე საქართველოს სახალხო არტისტ თენგიზ არჩვაძეს – ხელოვნების მოყვარულებს თითქოს ეჩქარებოდათ ეთქვათ მსახიობისთვის, რომ იგი კვლავაც ეკრანისა და კინოს ვარსკვლავია. თენგიზ არჩვაძის იუბილეს ეძღვნება ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნეც”.

[ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა] “ვასაძე იტყოდა ხოლმე: რა აქვს არტისტსო? – როლი, ტაში, ხელფასი, ე.ი. ფული. ეს ბოლო არასდროს ჰქონია, დანარჩენი არ აკლდა. რა ვქნათ, ასეთ დროში იცხოვრა.”

ეს სიტყვები, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა შარშან წარმოთქვა თენგიზ არჩვაძის საიუბილეო საღამოზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ეხებოდა არამარტო არჩვაძეს. როლი და ტაში, ე. ი. ყველაფერი, ფულის გარდა, არ აკლდა თავად მეღვინეთუხუცესს, აგრეთვე, ამ საღამოზე სიტყვით გამოსულ სხვა მსახიობებს – ლეილა აბაშიძეს, ზურაბ ქაფიანიძეს, სხვებსაც – თენგიზ არჩვაძის თაობას, თეატრისა და კინოს ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც ვარსკვლავებად კომუნისტურმა ეპოქამ აქცია, რომელთაც ჩაკეტილ სისტემაში მოუხდათ მოღვაწეობა, ანუ ეს ვარსკვლავები, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში ანათებდნენ. ჩაკეტილ სისტემაში კი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, პოპულარობას და ხალხის სიყვარულს განსაზღვრავდა მსახიობის ის თვისებები, რომლითაც იგი “არ ეწერებოდა” ამ სისტემის მოთხოვნებში. ამ თვალსაზრისით, ძალზე საგულისხმოა კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის გამოსვლა თენგიზ არჩვაძის საღამოზე [რეზო ჩხეიძის ხმა]: “ეს მოპოვებული სიყვარულია, ღირსეული სიყვარული, რომელიც თენგიზმა დაიმსახურა იმიტომ, რომ ის აფრქვევს ამ ბოროტ დროში სინათლეს.”

ბატონმა რეზო ჩხეიძემ, შესაძლოა, “ბოროტ დროში” არა წარსული, არამედ პოსტკომუნისტური საქართველოს ეპოქა იგულისხმა, როცა თენგიზ არჩვაძეს ნაკლებად იღებენ კინოში, თუნდაც იმიტომ, რომ თავად კინოს იღებენ ნაკლებად საქართველოში, ნაკლებად ათამაშებენ თეატრში, თუნდაც იმიტომ, რომ რეფორმა მარჯანიშვილის თეატრში ბოლომდე მაინც ვერ განხორციელდა. მაგრამ რომელი ეპოქაც არ უნდა ეგულისხმა კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორს, მის ნათქვამში მაინც არის ჭეშმარიტება – მსახიობი, რომელიც სიკეთეს ქადაგებს, მარადიულ ფასეულობებს, ლირიკულ ინტონაციებს ამკვიდრებს მაშინ, როცა ფასეულობები იცვლება, ყველგან, ყველა ეპოქაში და, რაც მთავარია, ყველა სისტემაში იქნება პოპულარული - განსაკუთრებით, კინოში, სადაც იდენტიფიკაციის მექანიზმი აქტიურად მუშაობს, სადაც არტისტი პოპულარობის მისაღწევად, უბრალოდ, ვალდებულია გაითვალისწინოს პუბლიკის მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია, რომ თენგიზ არჩვაძის პოპულარობის ხანა იწყება ზუსტად 60-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად, 1961 წელს, როცა ეკრანებზე ერთდროულად გამოდის ლანა ღოღობერიძის ფილმი “ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის “კეთილი ადამიანები”. მანაგაძის სურათზე მუშაობა თენგიზ არჩვაძის თავისებური “ნათლობა” აღმოჩნდა – ქართულ კინოში დამკვიდრდა კეთილი, ლამაზი, ვაჟკაცური, მაგრამ არააგრესიული ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ თენგიზ არჩვაძეს თითქმის ყოველწლიურად იწვევდნენ გადაღებაზე. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სახე დიდხანს არ შეიცვლება – არჩვაძის გმირები სხვადასხვა ეპოქის ადამიანები იქნებიან, განსხვავებული კონფლიქტის გადაწყვეტა მოუხდებათ, მაგრამ ეს იდეა – სიკეთის დამკვიდრება “ბოროტ დროში” შეუცვლელად გადავა ფილმიდან ფილმში. ამავე დროს, ეს იქნება ქართველ-საბჭოთა 60-იანელთა კრედოც, ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც პოსტსტალინური ხანის ქართული კულტურა დაამკვიდრებს. თუ გნებავთ, ამას “მოდა” დავარქვათ – “მოდა” სიმპათიურ, კეთილ, რბილ მამაკაცზე, რომლისკენაც იმხანად მთელი ქართული საზოგადოება მიილტვოდა.

თამაზის როლს “კეთილ ადამიანებში” მოჰყვება იმედა “ხევსურულ ბალადაში”, ალუდა “ვედრებაში”, არსაკისძე “დიდოსტატის მარჯვენაში” – თენგიზ არჩვაძის საუკეთესო კინოროლები, რომლებშიც ეს, ეგრეთ წოდებული, “იმიჯი” უკვე დამკვიდრებულია, ამიტომ მსახიობი არანაირ ძალდატანებას არ მიმართავს ხასიათის შექმნის პროცესში – როლი თითქოს თავისთავად იქმნება უაღრესად ლაკონიური მოძრაობით, ლაკონიური ჟესტითა და მიმიკით. ამგვარ ლაკონიურობას მსახიობები, რომელთაც, კინოს გარდა, თეატრშიც უწევთ თამაში, იშვიათად აღწევენ ხოლმე. ამ როლების მიმართ როგორი პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონდეს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსს, იგი ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ არჩვაძე სადმე, რომელიმე ეპიზოდში, არის ყალბი. 60-იან წლებში გადაღებულ ეგრეთ წოდებულ “საკასო ფილმებშიც” კი, სადაც თენგიზ არჩვაძეს თითქმის არაფერი აქვს სათამაშო (თუნდაც “ხევისბერი გოჩა” და “ხევსურული ბალადა” რომ გავიხსენოთ) – არჩვაძე სიყალბეს თავს აღწევს. ორნამენტებს იგი ყოველთვის უარყოფდა – თამაშში, სიმღერაში. ასე მღერის იგი, თავის ქალიშვილ ნატო არჩვაძესთან ერთად, 70 წლის ასაკშიც.

[მუსიკა. მღერიან ნატო და თენგიზ არჩვაძეები]

70-იანი წლების მიწურულს, როცა გიგა ლორთქიფანიძემ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიას” ეკრანიზაცია გადაწყვიტა, საქართველოში დასრულებული იყო 60-იანელთა უტოპიური იდეალების ხანა. ლორთქიფანიძემ თენგიზ არჩვაძე მუშნი ზარანდიას როლზე დაამტკიცა. არჩვაძემ აქ პირველად თქვა უარი საკუთარ იმიჯზე – შეიცვალა სიარულის მანერაც კი. მას ესმოდა, რომ, ერთი მხრივ, უნდა შეექმნა დათა თუთაშხიას ანტიპოდის სახე, მეორე მხრივ, აქაც უნდა ასცდენოდა სიყალბეს – მან, როგორც ჭკვიანმა მსახიობმა, მშვენივრად იცოდა, რომ ანტინომია თუთაშხია-ზარანდია არა მარტო კონტრასტებს, არამედ ამ კონტრასტების მთლიანობას გულისხმობს. იმხანად არჩვაძის მიერ განსახიერებულ ამ სახეს “ბოროტი გენია”, “სიკეთედ გარდაუქმნელი ბოროტი გენია” უწოდეს. იგი ოსტატურად ქმნის მახეებს, ინტრიგების ქსელს, რომელსაც ადამიანები ეწირებიან – 70-იან წლებში, როცა ცეკას პირველი მდივნის როლში ედუარდ შევარდნაძე მოგვევლინა, ეს სახე საკმაოდ პოპულარული გახდა. თუმცა მნიშვნელოვანი აქ მაინც სხვა რამ იყო – კეთილშობილი გმირის ნიღაბი თენგიზ არჩვაძეს არც აქ მოუხსნია. შეიცვალა მხოლოდ არსი. კეთილშობილება, მართლაც, ნიღბად იქცა. ეს იყო თავდაცვის თავისებური რეფლექსი, რომელიც არა აქვს დათა თუთაშხია-ოთარ მეღვინეთუხუცესს. ეპიზოდში, რომელსაც “საიდუმლო სერობა” უწოდეს, დათა სწორედ მუშნის გასაგონად ამბობს: “ადამიანი საკუთარი სიკვდილის პატრონი უნდა იყოსო”. მაგრამ საკუთარი სიკვდილის პატრონი ხდება ის, ვინც საკუთარი სიცოცხლით ცხოვრობს – თენგიზ არჩვაძის მუშნი ზარანდია კი კრებითი სახეა ადამიანისა, რომელსაც “თვითობა” უკვე წართმეული აქვს, ამიტომ იგი ვეღარ იქნება “ბოროტ დროში სიკეთის გამავრცელებელი”. სიკეთე –“ბოროტ დროში”, რომელიც უკვე ყველას და ყველაფერს იპყრობს, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი შეიძლება იყოს.

თენგიზ არჩვაძის საიუბილეო საღამოზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში გაიმართა, ნოსტალგიური ინტონაცია ჭარბობდა – მაყურებელს, ძირითადად, 60-იან წლებში თენგიზ არჩვაძის მიერ განსახიერებული გმირები გაახსენეს. თუმცა მსახიობი აქაც სიტყვაძუნწი იყო, ანუ ერთგული თავისი სტილისა – ამგვარი სიძუნწე ინარჩუნებდა იმ იდუმალებას, რომელიც ყოველთვის იზიდავდა მაყურებელს. ეს არ იყო ნიღაბი. საიუბილეო საღამოს დასრულების შემდეგ თენგიზ არჩვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “პატივმოყვარე ადამიანი არ მომწონს, უამრავი ცუდი თვისება მოდის პატივმოყვარეობიდან, თითქმის – ცხრა ბოროტება. მე საკუთარ თავთან დიალოგი მშველის, სხვანაირად არ შემიძლია. ვაზროვნებ – ესე იგი ვარსებობ.”
XS
SM
MD
LG