Accessibility links

logo-print

სიტყვის თავისუფლება რუსულად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოსკოვის მოვლენების შემდეგ საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება საუბარიც კი ახალგაზრდა დემოკრატიული რუსეთის შესახებ. მოსკოვის ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ დაადასტურა არა მხოლოდ ის,

რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი დემოკრატიულობით მაინცდამაინც თავს ვერ მოიწონებს, არამედ ისიც ნათელყო, რომ თავად რუსეთის საზოგადოებაც ეგუება მის მიმართ ხელისუფლების ძალადობას და საკუთარი სიმშვიდისთვის თავის მოტყუებაზეც თანხმობას აცხადებს. ამის საუკეთესო გამოვლინება იყო მოსკოვის ტრაგედიის დღეებში რუსეთის მასმედიის მუშაობა, მასმედიისა, რომელიც დღემდე უსუსურად ცდილობს გაამართლოს საკუთარი ხელისუფლების გადაწყვეტილება იმით, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება დაუშვებელი იყო. როგორ გამოიყურება სიტყვის თავისუფლება რუსულად?


შემთხვევით რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება, ეს გასულ კვირას მოსკოვის მოვლენებმაც დაადასტურა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ ჯაჭვში ჩაჯდა მოვლენები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდა: ჯერ იყო და, რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, საზოგადოების მხარდაჭერით, რუსეთის ჰიმნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინა; რამდენიმე კვირის წინათ მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება სახელოვანი ჩეკისტის, ფელიქს ძერჟინსკის, ძეგლის აღდგენის თაობაზე; ახლა კი, 100-ზე მეტი მძევლის სიკვდილის ფონზე, რუსეთის ხელისუფლება ჩატარებული ოპერაციის წარმატებაზე საუბრობს.
იმ სამი დღე-ღამის განმავლობაში მთელი რუსეთის მოსახლეობას და ყველა იმას, ვისაც საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით რუსეთის ტელეკომპანიების მუშაობის ყურება შეეძლო, არა მხოლოდ რუსეთის “ახალგაზრდა” პრეზიდენტის ყოვლისშემძლეობის მითი გაუქარწყლდებოდა, არამედ დააეჭვებდა რუსი ჟურნალისტების პროფესიონალიზმიც. ყოველ შემთხვევაში, აქამდე საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებს მაგალითად ყოველთვის რუსეთის ტელეკომპანიების მუშაობას უსახელებდნენ. დღეს ხელისუფლებასთან ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტების საკმაოდ უცერემონიო საუბარიც კი ბევრად უფრო მისაღებად გამოიყურება რუს ჟურნალისტთა გამაოგნებელ “მორიდებულობასთან” შედარებით, როცა კულტურის ცენტრის შტურმის შემდეგ გამართულ სახელდახელო ბრიფინგზე ხელისუფლების წარმომადგენელს არავინ ჰკითხა, ხომ არ არის მსხვერპლი მძევლებს შორის...რომ არაფერი ითქვას არაპროფესიონალიზმის სხვა გამოვლინებებზე – როცა, პრესის კანონის გათვალისწინებით, პირდაპირი ეთერიდან გამორთეს კულტურის ცენტრში გამაგრებული ერთ-ერთი თავდამსხმელი, ექსტრემისტულად განწყობილ “ჩვეულებრივ” ადამიანებს კი, მოსკოვიდან კავკასიელების გასახლებას რომ ითხოვდნენ, ფართოდ უთმობდნენ ეთერს. შესაბამისად, სწორედ რუსეთის მედიის მუშაობის შედეგია ის საზოგადოებრივი აზრი, მოსკოვის მოვლენებისას რომ გამოვლინდა, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდეს, გამოკითხულთა 31,5 პროცენტმა განაცხადა, რომ უნდა გაიზარდოს მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ღონისძიებები. 24, 8 პროცენტი მოსკოვიდან ყველა კავკასიური ეროვნების ადამიანის გასახლებას უჭერს მხარს. ჩეჩნეთიდან ჯარების გამოყვანასა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინადადებას 14, 5 პროცენტი ემხრობა. 10, 9 პროცენტის განცხადებით, აუცილებელია ჩეჩნეთში პოლიტიკის გამკაცრება.
შესაბამისად, დღეს უკვე გასაგებია, თუ რატომ შეზღუდა რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში რუსი ჟურნალისტების ჩასვლა. დღეს რუსეთის საზოგადეობას წარმოდგენა არა აქვს – ან, სულაც, აღარ აინტერესებს - რა ხდება იქ. არადა, მაშინ, როცა ხელისუფლება მოსკოვის ცენტრში, უამრავი ტელეკამერის წინ, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ისე ზრუნავს, რომ “გადარჩენილების” ნაწილი იღუპება, ნაწილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ იქცევა იგივე ხელისუფლება იქ, სადაც არც კამერაა და არც ჟურნალისტები.
დღეს უცნაური ვითარება იქმნება: ის კადრები, რომელთა ჩვენებაც რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია, საქართველოს ტელეკომპანიების ეთერში ხვდება. რუსი ჟურნალისტები, რომელთაც რუსეთში საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არა აქვთ, საქართველოს ტელეკომპანიების მეშვეობით გვიამბობენ, რა მოხდა მოსკოვის ცენტრში. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოდაა დარჩენილი. მაგალითად: რა გაზი იყო გამოყენებული კულტურის დარბაზში და როგორ მოხდა, რომ გაზმა მხოლოდ კამიკაძე- ქალები გათიშა, მძევლების ერთი ნაწილი კი საკუთარი ფეხით გამოვიდა შენობიდან? ბოლოსდაბოლოს, რამდენი მძევალი დახვრიტეს თავდამსხმელებმა? – ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ერთი კაცია მოკლული, მაშინ, როცა საუბარი იყო სამი მძევლის დახვრეტაზე. რატომ არ უშვებენ ყოფილ მძევლებთან ნათესავებს, თუკი პაციენტები ისე კარგად გრძნობენ თავს, როგორც პრეზიდენტ პუტინის საავადმყოფოში მისვლის კადრებიდან ჩანს? სად არის ის 60-მდე ყოფილი მძევალი, ვისაც ვერც საავადმყოფოებში მიაგნეს და ვერც მორგში.?...
XS
SM
MD
LG