Accessibility links

logo-print

როგორ ეხმიანება ქართული საზოგადოებრიობა მოსკოვში მძევალთა გათავისუფლების ოპერაციას


რუსეთის ელექტრონულ მედიაზე თვალყურის დევნებით ცხადი ხდება, რომ მოსკოვში მძევლების გათავისუფლების ოპერაციას კრიტიკულად ცოტა თუ ვინმე აფასებს.

ეს ან მედიაში თვითცენზურის მექანიზმის ამუშავებით აიხსნება, ან კიდევ საზოგადოების რეალური განწყობით. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში არათუ პრესა, არამედ უბრალო მოქალაქენიც კი აკრიტიკებენ მძევლების დიდძალი მსხვერპლით დასრულებულ, ეგრეთ წოდებულ, ანტიტერორისტულ ოპერაციას.

მოსკოვში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის მიმართ ქართული საზოგადოებრიობის უარყოფითი დამოკიდებულება თავად ოპერაციის მეთოდმა და მისმა შედეგმა განაპირობა, ანუ მსხვერპლის იმ რაოდენობამ, რაც მძევლების გათავისუფლების მოტივით მომწამლავი გაზის გამოყენებას მოჰყვა. რუსეთის ხელისუფლების მიერ მძევლების დახსნის სხვაგვარი მცდელობის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის აზრი, სავარაუდოა, რომ ორად გაიყოფოდა, ახლა თბილისის ქუჩებშიც კი უბრალო მოქალაქეთა შეფასებები ერთმანეთს წააგავს. მათ ჩემთან საუბრისას, აი, რა განაცხადეს:
[მოქალაქეების ხმა] „ - ეს არის საშინელი ბარბაროსობა, რაც მათ გააკეთეს, მათ შეეძლოთ მოლაპარაკების გზით რაღაცა შედეგისთვის მიეღწიათ და აეცდინათ ეს საშინელი სისხლის ღვრა, როდესაც გაიმეტეს არათუ ჩეჩნები, არამედ საკუთარი მოსახლეობა. რუსეთმა დროა შეიგნოს, რომ კავკასიაში - არამცთუ ჩეჩნეთში, კავკასიაში - არაფერი ესაქმება.
- ძალიან უარყოფითად მოიქცა, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის მოქალაქეებს არ იცავს, პატივს არ სცემს. იმიტომ რომ, ის, რაც უნდა გაეკეთებია ტერორისტებს, ამათმა გააკეთეს: დახოცეს თითქმის მთელი შემადგენლობა, ვინც ესწრებოდა. ეს ყოვლად გაუმართლებელია.“ [სსტილი დაცულია]

ქუჩაში გამვლელთაგან, რომლებსაც მე გავესაუბრე, ერთ-ერთი იყო ლაშა ქარელი. აღმოჩნდა, რომ ის სულ რამდენიმე თვეა, რაც, 10 წელი მოსკოვში ცხოვრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ოდნავ უჭირს კიდეც მშობლიურ ენაზე მეტყველება. იგი რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს ასე აფასებს:
[ლაშა ქარელის ხმა] „მე მგონი, შეეშალათ. არ უნდა გაეკეთებიათ ეგრე, უნდა შეწყვეტილიყო, რაც ხდება, არ უნდა ყოფილიყო ომი ჩეჩნეთში. მაინც რაღაც მოხდებოდა, რუსები ეგრე არ გაუშვებდნენ იმიტომ, რომ მე თვითონ 10 წელი მოსკოვში ვცხოვრობ და ვიცი, რაც ხდება. არ აპატიებდნენ, მე ეგრე მგონია.“[სტილი დაცულია]

მოქალაქეები გმობენ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი დევნილები. თუმცა ამ უკანასკნელთა ლიდერები გაცილებით მკაცრნი არიან რუსეთის ხელისუფლების მოქმედებათა შეფასებისას. მექა ხანგოშვილის აზრით:
[ხანგოშვილის ხმა] „მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტერორისტები არიან რუსეთის სპეცსამსახურები, პირველ რიგში, ალბათ, თავიანთი პრეზიდენტის თამადობით. მათი ვერაგული პოლიტიკის შედეგი იყო ის, რაც მოხდა მოსკოვის ცენტრში. მე კიდევ იმასაც დავამატებდი, რომ, საერთოდ, რაც ამ დღეებში დატრიალდა რუსეთის დედაქალქის ცენტრში, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი სპექტაკლი.“

ამ აზრის არგუმენტირება მექა ხანგოშვილმა იმითაც სცადა, რომ ასლან მასხადოვის ტელემიმართვა, რომელსაც ახლა რუსეთის ოფიციოზი მასხადოვისა და მოსკოვში შეიარაღებული თავდასხმის მომწყობ ჯგუფს შორის კავშირის დასამტკიცებლად იყენებს, მას 6 თვის წინ აქვს ნანახი. ხანგოშვილის თქმით, ბარაევის გვარი ჩეჩნეთში ავტორიტეტით არასდროს სარგებლობდა და მის საბრძოლო დაჯგუფებაში მრავლად იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები. ის აგენტების ყოფნას არც მოვსარ ბარაევის გარემოცვაში გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მოსკოვში მომხდარი ინციდენტი არ შეესაბამებოდა არც ასლან მასხადოვისა და, მით უმეტეს, არც ჩეჩნეთის ინტერესებს. ჩეჩნეთიდან დევნილმა ქალბატონმა გაიხსენა რამდენიმე წლის წინ მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქება და სხვა ტერორისტული აქტებიც, რომლებიც მხოლოდ კრემლის მმართველთა პოლიტიკურ წარმატებებს განაპირობებდნენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG