Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მომხდარიყო საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი მოსკოვში, ბურთულასაკისრების ქარხნის კულტურის ყოფილ სასახლეში მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია არანაკლებ კითხვებს ბადებს, ვიდრე თვითონ მძევლების აყვანა.

ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სასიკვდილოდ გაწირვა ძალაუნებურად გაფიქრებინებს: შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო საქართველოში? და, თუ შეიძლება, რა მოჰყვებოდა ამას?

საქართველოში დღეს წარმოუდგენელია ისეთი მასშტაბის ინციდენტი, როგორიც მოსკოვში მოხდა გასულ ოთხშაბათს, საღამოს: საამისოდ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს. თავისთავად, ადამიანების მძევლად აყვანა და გათავისუფლება საქართველოსთვის უცხო არ არის: მძევლობის ინსტიტუტმა ჩვენს ქვეყანაში მოქმედება დაიწყო სამოქალაქო ომის გაჩაღებისთანავე, 1992 წელს. პირველი ცნობილი მძევლები იყვნენ დღევანდელი დეპუტატი რომან გვენცაძე და სანდრო კავსაძე - მოგვიანებით, წლების მანძილზე, საქართველოს წარმომადგენელი ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მძევალთა ამყვან პირებზე არანაკლებ გაუკუღმართებული დამოკიდებულება აღმოაჩნდათ მოვლენებისადმი თვითონ მძევლებს, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ აცხადებდნენ, რომ მათ ღირსეულად ექცეოდნენ და, ფაქტობრივად, ტკბილ ქართულ ოჯახებში ცხოვრობდნენ.

დამოუკიდებელ საქართველოში მძევლების გათავისუფლების დროს მსხვერპლის ერთეული შემთხვევები შეიძლება გავიხსენოთ: წელს, გაზაფხულზე, მცხეთის სიახლოვეს ხიდზე მოკლეს აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელმაც თბილისში “ოქროს ბირჟა” გაძარცვა და მძევლად აიყვანა რამდენიმე ადამიანი მიკროავტობუსში. 2000 წლის 9 ივლისს ზესტაფონში მოკლეს მეამბოხე პოლკოვნიკი აკაკი ელიავა, რომელმაც, თითქოსდა, მძევლად აიყვანა პოლიციის თანამშრომლები: თუმცა ელიავას ლიკვიდაცია ფრიად საეჭვო ვითარებაში მოხდა – იმ დროს დანამდვილებით ვეღარავინ იტყოდა, რომ პოლიციელები ელიავას მძევლებად რჩებოდნენ. 1993 წელს ორთაჭალაში ბანდიტების მიერ ოჯახში აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად განხორციელდა პოლიციის ოპერაცია, რაც ბანდიტებისა და მძევლების დაღუპვით დასრულდა. არც ერთ შემთხვევას საზოგადოება დიდად არ აღუშფოთებია, რაც გასაგებია პირველ ორ შემთხვევაში; რაც შეეხება მესამეს, იმხანად ხმამაღლა პროტესტის გამოთქმას ვერავინ ბედავდა.

მძევლების გათავისუფლების უსისხლო ოპერაცია გამოდგა 1998 წლის თებერვალში გოჩა ესებუას მიერ მძევლად აყვანილი გაეროს ოთხი დამკვირვებლის დახსნა. საკუთრივ ოპერაციამ, მართალია, უმსხვერპლოდ ჩაიარა, მაგრამ მოგვიანებით გოჩა ესებუა მაინც მოკლეს, ხოლო მის დაკრძალვაზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დიდი მღელვარება არც ამ ფაქტებს მოჰყოლია.

სამაგიეროდ, ქართული საზოგადოება მგრძნობიარობას ავლენდა მასშტაბური სპეცოპერაციების განხორცილებისას. 13 წელიწადზე მეტი გავიდა 9 აპრილის შემდეგ, მაგრამ დღესაც შენდობა არა აქვთ არც ამ სისხლიანი აქციის განმახორციელებელ და ანონიმად დარჩენილ ძალებს და არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც იღებს ხოლმე 17%-ს. რუსეთისადმი საქართველოს უნდობლობას, გარკვეულწილად, 1989 წლის სისხლიანი ღამეც ამაგრებს. შეუძლებელია, რუსეთის პოლიტიკისადმი ეჭვიანი და უარყოფითი დამოკიდებულება არ გაამძაფროს მოსკოვის ინციდენტმაც: საქართველოში ძნელად თუ გაიგებენ და აპატიებენ ხელისუფლებას ასეთ სისასტიკეს მისივე თანამოქალაქეების მიმართ. საქართველოს პრეზიდენტს, რა დამსახურებებიც უნდა დაგვამახსოვროს პოსტიდან წასვლის შემდეგ, არავინ დაუვიწყებს 1983 წლის 18 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის სისხლიან ოპერაციას თბილისის აეროპორტში და ე.წ. თვითმფრინავის საქმის გამო ოთხი ადამიანისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების მოტივით საკუთარი მოქალაქეების დახოცვას საქართველოში ვერავინ გაამართლებს ისე, როგორც დღეს ამას რუსეთში აკეთებენ. და, უამრავი ნაკლის მიუხედავად, საეჭვოა, ქართულ მედიასაც ისევე ამოსდონ ლაგამი, როგორც დღეს რუსულ მედიას აქვს ამოდებული.
XS
SM
MD
LG