Accessibility links

logo-print

სომხეთის პარლამენტში სამი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ჯერაც იდუმალებით არის მოცული


სომხეთი პარლამენტის შენობაში დატრიალებული ტრაგედიის სამი წლისთავს აღნიშნავს. თარიღს თან ახლავს როგორც ოფიციალური ცერემონიები, ისე ოპოზიციის მხრიდან სულ უფრო გამძაფრებული ბრალდება,

რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. 1999 წლის 27 ოქტომბერს მსოფლიო თვალს ადევნებდა სომხეთის პარლამენტის დარბაზში გადაღებულ ვიდეოფირს, რომელიც სხდომაზე მყოფი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ სარქისიანის, პარლამენტის თავმჯდომარის კარენ დემირჭიანისა და კიდევ ექვსი თანამდებობის პირის მკვლელობას ასახავდა. თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს ძიება მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირის საქმეზე. მთავარი შეკითხვა კი უპასუხოდ რჩება: ვინ იყო ამ საზარელი მკვლელობის დამკვეთი, ვინ დგას ხუთი განსასჯელის უკან?

ნაირი ჰუნანიანი გისოსებს მიღმაც კი სერიოზულ პოლიტიკურ ფაქტორად რჩება. პარლამენტის შენობაში ოთხი შეიარაღებული პირის შეძღოლისა და მათ მიერ იქ საშინელი მკვლელობის ჩადენიდან სამი წლის შემდეგაც, 36 წლის ყოფილი ჟურნალისტი გავლენას ახდენს სომხეთში პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაზე.

სასამართლო პროცესი უკვე 20 თვეა გრძელდება. დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს ყველაზე მეტად ჰუნანიანის თავდაჯერებულობა აღიზიანებთ. ამ ადამიანებისთვის სამართალი მაშინ აღსრულდება, როცა სამი წლის წინანდელი სისხლისღვრის სულისჩამდგმელს აღმოაჩენენ, რაც, შესაძლოა, აღარც არასოდეს მოხდეს.

ჰუნანიანი დღემდე ამტკიცებს, რომ პარლამენტში შეჭრა მთლიანად მისი იდეა იყო. შეიარაღებულ პირებს კი იმ რეჟიმის გადაგდება სურდათ, რომელმაც ქვეყანა სიღატაკემდე მიიყვანა. ჰუნანიანი ირწმუნება, რომ მის თანმხლებ ოთხ პირს სულაც არ ჰქონდა გამიზნული ვინმეს მოკვლა: ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი მოქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ სახალხო რევოლუციის ინსპირირებას გამოიწვევდაო.

კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა მაშინ პარლამენტის შენობის სუსტი დაცვით ისარგებლეს, დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ათეული დეპუტატი და მთავრობის წევრი მძევლად აიყვანეს. 18 საათის შემდეგ კი სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.

დრამის ამსახველი ვიდეოფირიცა და უამრავი მოწმეც ადასტურებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა მიზანში უპირველესად პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი და პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჭიანი ამოიღეს. სარქისიანი და დემირჭიანი "მიასნუციუნის", ანუ ერთობის ალიანსის ლიდერები იყვნენ – იმ ძალისა, რომელმაც თავდასხმამდე ხუთი თვით ადრე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. "მიასნუციუნის" წარმატებამ ერთგვარად შეზღუდა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ძალაუფლება, და ვაზგენ სარქისიანი სულ უფრო ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც ყველაზე გავლენიანი პირი სომხეთში.

ასე რომ, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამებრძოლებმა პარლამენტზე თავდასხმაში პრეზიდენტს დასდეს ბრალი. ალბერტ ბაზეიანი – ერევნის ყოფილი მერი ამჟამად კი "ჰანრაპეტუციუნის", იმავე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი გახლავთ. გასულ პარასკევს ოპოზიციის მიერ გამართულ მანიფესტაციაზე მან განაცხადა:

[ბაზეიანის ხმა] "ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი რობერტ ქოჩარიანისთვის შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების მინიჭება იყო. კარენ დემირჭიანისა და ვაზგენ სარქისიანის ფიზიკური განადგურებით ორგანიზატორებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქოჩარიანის წარმატების უზრუნველყოფა სურდათ."

ეს იყო მთავარი ვერსია, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზე განიხილებოდა. 2000 წლის დასაწყისში პროკურატურას ქოჩარიანისთვის თითქოს პირადად უნდა წაეყენებინა ბრალდება, მაგრამ საკმარის მტკიცებულებათა უქონლობის მოტივით ეს ვერ განხორციელდა.

თავად ქოჩარიანმა არაერთგზის გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰუნანიანის ბანდა დამოუკიდებლად მოქმედებდა. გამოძიებამ, რომელსაც მთავარი სამხედრო პროკურორი გაგიკ ჯანგირიანი ხელმძღვანელობს, დღემდე ვერ მოახერხა საპირისპიროს დამტკიცება.

დაღუპულთა ახლობლების მდგომარეობას კიდევ უფრო აუტანელს ხდის ჰუნანიანის აგრესიული და გამომწვევი საქციელი. ამას წინათ მან განაცხადა, რომ აპირებს, კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

პროცესზე დემირჭიანის ოჯახის ადვოკატი აშოტ სარქისიანი ჰუნანიანის შესახებ აცხადებს:

[სარქისიანის ხმა] "ის ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო პროცესს პოლიტიკური ელფერი შესძინოს. ეს მისი ერთადერთი მიზანია. ეს მიზანი ამოძრავებდა მას 1999 წლის 27 ოქტომბერსაც."

ჰუნანიანი ასევე ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ერევანსა და ევროპის საბჭოს შორის მიმდინარე დისკუსიაში, რომელიც სომხეთში სიკვდილით დასჯის გაუქმებას ეხება. სომხეთის პარლამენტმა ამ ზაფხულს მიიღო სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სიკვდილით დასჯის ოფიციალურად გაუქმებამდე უშვებს სასჯელის ამ ზომის გამოყენებას, მათ შორის, პარლამენტში დატრიალებული დრამის მონაწილეთა წინააღმდეგაც. ამას ემხრობიან დაღუპული პოლიტიკოსების ახლობლებიც.

თუმცა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასულ თვეში გააფრთხილა სომხეთი, რომ მის მიმართ შეიძლება სერიოზული სანქციები გამოიყენონ, თუ ის 2003 წლის ივნისისთვის საკუთარი კანონმდებლობიდან უპირობოდ არ ამოიღებს სიკვდილით დასჯის მუხლს.

პრეზიდენტი ქოჩარიანი, როგორც ჩანს, ეთანხმება სტრასბურგს, მაგრამ ჯერჯერობით თავს არიდებს კანონმდებლებზე ზეწოლას. და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ეს კიდევ უფრო გააღრმავებდა ეჭვს სამი წლის წინანდელ სისხლიან დრამასთან მისი კავშირის შესახებ.
XS
SM
MD
LG