Accessibility links

რა გაზი გამოიყენეს მოსკოვში?


ასობით ადამიანი ჯერაც საავადმყოფოებშია მას მერე, რაც 26 ოქტომბერს რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა იერიშით აიღო მოსკოვის “დუბროვკის” თეატრალური ცენტრი,

სადაც ჩეჩენ მეამბოხეებს 700-ზე მეტი მძევალი ჰყავდათ დაკავებული. როგორც სპეციალისტები ამბობენ, 120-მდე დაღუპული მძევლის სიკვდილის მიზეზია უცნობი გაზი, რომელიც მოიერიშეებმა დარბაზის შტურმის წინ გამოიყენეს. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს საანესთეზიო გაზი იყო, მაგრამ ამავე დროს არ ამხელს, როგორია მისი შემადგენლობა. ცხადია, მოსკოვის ასეთი საქციელი კიდევ უფრო ამრავლებს ამ ინციდენტის გარშემო გაჩენილ ეჭვებს.

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ ფომინიხმა განაცხადა, რომ გაზი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა იერიშისას იხმარა, ქირურგიული ოპერაციების დროს გამოიყენება და სასიკვდილო არ არის. მაგრამ ფაქტი ჯიუტია: მოწმენი ვართ სწორედ რომ სასიკვდილო შედეგისა. ხოლო გაზის შემადგენლობის გასაიდუმლოება კიდევ უფრო ზრდის მსხვერპლის ზრდის საშიშროებას. გაირკვა, რომ “ალფას” სპეცდანიშნულების რაზმის მიერ თეატრის შტურმი სულაც არ ნიშნავდა მძევლების დრამის დასასრულს. ისინი ახალი დრამის მონაწილენი აღმოჩნდნენ, ან, შეიძლება ითქვას, თრილერისა, რომლის საბოლოო შედეგი, ანუ მსხვერპლის რაოდენობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ, პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს მასში არ ერგო სამართლიანობის დამცველი უზენაესი ინსტანციისა და მხსნელის როლი. იერიშიდან რამდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთი მსხვერპლი ასე აღწერდა თეატრში მომხდარს: “ხელისუფლებამ ტარაკანებივით მოგვწამლაო”. რუსეთის ქიმიური უსაფრთხოების კავშირის პრეზიდენტის, ლევ ფიოდოროვის თქმით, ეს დიდი შეცდომა იყო:

[ლევ ფიოდოროვის ხმა] "საავადმყოფოები საამისოდ მზად არ იყო. ხალხი საერთო პალატებში მოათავსეს და, რამდენადაც მესმის, ანესთეზიოლოგები არც ამ კონკრეტული ტოქსიკური ნივთიერების თაობაზე გააფრთხილეს და არც ანტიდოტებით მოამარაგეს."

რუსეთის ხელისუფლებისთვის ამგვარი ანტიდოტები რომ ცნობილია, ამაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ დარბაზში შეჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს აირწინაღები არ ეკეთათ, მოწამვლით კი ისინი არ მოწამლულან.

ოფიციალური მოსკოვი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, დაღუპულთა დიდი რაოდენობა სასიკვდილო გაზის ბრალი კი არ არის, არამედ მძევალთა ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტულობისო. ალბათ გახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რომ აცხადებდა მოსკოვი, სპეცდანიშნულების ჯარები არაფერ შუაშია, ქართველებმა თავად დახოცეს თავისიანებიო. ამ მხრივ “დუბროვკის” თეატრალური ცენტრის ტრაგედიის მსხვერპლთ ცოტა უფრო გაუმართლა.

კრემლი ცდილობს სასიკვდილო გაზი საანესთეზიო საშუალებად მიასაღოს მსოფლიო საზოგადოებრიობას, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ამ ვერსიას. პირველ რიგში იმიტომ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია უზარმაზარ შენობაში იმ რაოდენობის საანესთეზიო გაზის შეშვება, რომ მას დარბაზში მყოფნი თვალის დახამხამებაში გაეთიშა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის წევრის, დევიდ უიტეკერის თქმით, საანესთეზიო საშუალებების დიდი რაოდენობით ხმარებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა საყოველთაოდ ცნობილი სამკურნალო პროცედურის საშაულებით. მისი აზრით, მოსკოვში საქმე სხვა ტიპის გაზთან გვქონდა.

ქიმიური იარაღის ექსპერტი ლიდსის უნივერსიტეტიდან, ალისტერ ჰეი, არ გამორიცხავს რომ მოსკოვში გამოეყენებინათ ე.წ. “ბი-ზეტის” ტიპის გაზი, რომელიც 60-იან წლებში იქნა გამოგონებული და საბრძოლო მოქმედებებისთვის იყო განკუთვნილი.

აი, რა განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, კეტლინ ნოქსს, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა:

[რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ხმა ] "დასავლეთის სხვა ქვეყნების საელჩოების მსგავსად ჩვენც ვთხოვეთ რუსეთის ხელისუფლებას გამოყენებული გაზის შესახებ ინფორმაცია. მივიღეთ ზოგიერთი წინასწარი ინფორმაცია გამოყენებული აგენტის მოქმედების შესახებ, მაგრამ აგენტის სახელწოდება არ დაგვიდასტურეს. მოსკოვში ერთ-ერთმა დასავლურმა საელჩომ საკუთარ ექიმებს გაასინჯვინა გადარჩენილი მძევლები და დაასკვნა, რომ აგენტი, რომლის ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებოდნენ ისინი, უფრო ოპიატს ჩამოჰგავს, ვიდრე ნერვულ აგენტს".

კიდევ ერთი გაურკვეველი საკითხია, დაარღვია თუ არა რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებები, პირველ რიგში ქიმიური იარაღის 1993 წლის კონვენცია, რომელსაც მოსკოვი 90-იანი წლების ბოლოს შეუერთდა? ამის გასარკვევად კი ისევ და ისევ საჭიროა გამოყენებული გაზის შემადგენლობის ცოდნა.
XS
SM
MD
LG