Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძის პოლიტიკური თამაშის ახალი დეტალები


ბლოკი“ საქართველოს აღორძინება” ედუარდ შევარდნაძის იმპიჩმენტის საკითხზე ასლან აბაშიძეს ეთათბირება. ბათუმში დაწყებული კონსულტაციების ერთ-ერთ ძირითად მიზანს ედუარდ შევარდნაძის

იმპიჩმენტის მოთხოვნის შესახებ ბლოკისა და აჭარის ლიდერის შეთანხმება წარმოადგენდა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოკი ერთიანი არ არის. ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი დაუჭირა; პარალელურად, აჭარის ლიდერი დაეთანხმა ერთ-ერთ საიმპიჩმენტო ბრალდებას - საქართველოდან რუსეთის სამხედრო ჯარების გაყვანის თაობაზე პარლამენტის მოთხოვნის იგნორირება - და თქვა, რომ მზადაა, უყოყმანოდ დაუჭიროს მხარი ამ მოთხოვნას.


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სამშვიდობო ჯარების გაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავისი ახალი პოზიცია აჭარის ლიდერმა პირველად ბათუმში ჩასულ პარლამენტარებს გაუმხილა. ეს მაშინ მოხდა, როცა აჭარის და ბლოკ “საქართველოს აღორძინების” ლიდერებმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო მოთხოვნის საფუძვლები, ანუ ფრაქცია “აღორძინების” მიერ შედგენილი დოკუმენტი, განიხილეს.
ბრალდებები, რომლებსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა ეფუძნება, ასეთია:
ედუარდ შევარდნაძემ ვერ უზრუნველყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, ამავდროულად, ხელი შეუწყო ცენტრსა და რეგიონებს შორის დაპირისპირებების გაღრმავებას. პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციური საქმიანობის უზრუნველყოფა, რის გამოც ხელისუფლების კორუმპირებულობის მიზეზი გახდა. მანვე ვერ შეუწყო ხელი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიღწევას და, კიდევ, უგულებელყო კონსტიტუციის მოთხოვნა და არ შეასრულა პარლამენტის ცნობილი დადგენილება, რომლის ძირითად მოთხოვნასაც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სამშვიდობო ჯარების გაყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. აი, რა განუცხადებია ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლან აბაშიძეს, როგორც ფრაქცია “აღორძინების” წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა ბათუმიდან განგვიმარტა:

[ვალერი გელბახიანის ხმა] “ამ საკითხთან დაკავშირებით ასლან აბაშიძემ ბრძანა, რომ იგი მზად არის ხელი მოაწეროს ამ მოთხოვნას. რუსული ბაზების დაკანონებაზე საუბარი არ არის. თუ სახელმწიფო ხელისუფლება ასეთ პოზიციაზე დგას, ის მზად არის უყოყმანოდ, ყოველგვარი რევიზიის გარეშე, შეუერთდეს ამ მოთხოვნას.”

როგორც ჩანს, ასლან აბაშიძე ახლებურ თამაშს იწყებს. ძნელი წარმოსადგენია, ის თავის ცნობილ საგარეო ორიენტაციას იცვლიდეს და მისდამი ასე კეთილგანწყობილი რუსული გენერალიტეტის განაწყენებაზე მიდიოდეს. მაშინ, როცა პარლამენტის დადგენილების მოკლე ვადაში შესრულების პერსპექტივა არ ჩანს, აჭარის ლიდერის მზადყოფნა, უყოყმანოდ დაუჭიროს მხარი საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნას, თუ ის სახელმწიფო ხელისუფლების მოთხოვნა იქნება, “აღორძინების” ინიციატივისადმი - ვგულისხმობ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით წამოწყებულ მოძრაობას - პარლამენტის, ასე თუ ისე, პროდასავლური მიმართულების ფრაქციების მიმხრობას უნდა ისახავდეს მიზნად.
ვალერი გელბახიანის თქმით, აჭარის ლიდერს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი “აღორძინების” ინიციატივის შესახებ, რაც, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია. იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მისი პოზიცია თავიდან ორაზროვანი იყო; მოგვიანებით აბაშიძემ თქვა, რომ პარტიის შიგნით განხეთქილების თავიდან ასაცილებლად მხარს დაუჭერს მას. ასეთი პოზიციის გასამართლებლად აჭარის ლიდერმა არგუმენტად თბილისადან მის წინააღმდეგ გამოთქმული ცნობილი ბრალდებებიც დაასახელა. ბლოკ “საქართველოს აღორძინებაში” პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას ერთადერთი ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ეწინააღმდეგება.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ჩვენ იმპიჩმენტის წინააღმდეგი ვართ და ხელს არ მოვაწერთ ამ მოთხოვნას.”

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბლოკ “საქართველოს აღორძინების” დანარჩენი სუბიექტების - მათ შორის, ტრადიციონალისტების - გვერდით “ნაციონალური მოძრაობა” რჩება.
XS
SM
MD
LG