Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დგას თუ არა ეჭვებზე მაღლა საქართველოს რკინიგზის შეფი


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე მთლიანად უარყოფს იმ ეჭვებსა თუ ბრალდებებს, რაც გამოითქვა 27 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის გადაცემაში “60 წუთი”.

თუ გადაცემის ავტორები ცდილობდნენ საბუთების მოშველიებით ელაპარაკათ, აკაკი ჩხაიძე საზოგადოებას ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე უმტკიცებს თავის სიმართლეს. ჩხაიძის მიხედვით, ყველაფერი სიცრუე, შეთხზული და დამონტაჟებულია: ის არ ფლობს მიწის ნაკვეთს სპორტის სასახლესთან, არ ემუქრება მოკვლით ამერიკაში მცხოვრებ ბიზნესმენ ალეკო მაღლაფერიძეს, არ მონაწილეობს ჩახლართულ ფინანსურ და კრიმინალურ ოპერაციებში, არ უმალავს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტს და ა.შ. სამშაბათს, 29 ოქტომბერს, როცა აკაკი ჩხაიძე ხალხს თავის სიმართლეს აუწყებდა, სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი შეიკრიბა “60 წუთის” ჟურნალისტის ნინო ზურიაშვილის მხარდასაჭერად: ზურიაშვილის თქმით, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ის მოსისხლე მტრად შერაცხეს.

27 ოქტომბრის “60 წუთის” შინაარსის მოყოლა აქ შეუძლებელია. ვიტყვით, რომ ის ეფუძნებოდა უამრავ ინტერვიუს, ბიზნესმენ ალექსანდრე მაღლაფერიძის მონათხრობს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის დოკუმენტებს, მათ შორის, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, რომელთა ნამდვილობას არც აკაკი ჩხაიძე უარყოფდა, ოღონდ ერთი შენიშვნით [ჩხაიძის ხმა]: “მე მაგას არ უარვყოფ, რომ იქ რაღაც ჩემი ხმაც იყო, მაგრამ გარკვეულია, ის იყო დამონტაჟებული, რომელიც ყველას შეუძლია დღეს – ეგ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. ახლა შეიძლება გალაპარაკოს კაცმა ის, რაღაც დაგელაპარაკოს, გთხოვოს ის სიტყვები, რაც მას სჭირდება, ჰოდა შემდეგ ის და”...[სტილი დაცულია]

მოსასმენად ღირს ჩხაიძის სხვა შეფასება, რომელიც ეხება სატელეფონო საუბრების ჩაწერასა და ტელეგადაცემაში წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტიკურობას (აქვე შევნიშნავთ, რომ სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა ალეკო მაღლაფერიძემ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა, რომელმაც დაამონტაჟა კიდეც მაღლაფერიძის სახლში მოსასმენი ხელსაწყო) [ჩხაიძის ხმა]: “ჯერ ერთი, კაცი, რომელიც იწერს ამას, ის კაცად არ მიმაჩნია მე. მეორე ერთიც, რაც თქვენ ბრძანეთ, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით: კომპიუტერზე დღეს დოკუმენტის შექმნა ყველას შეუძლია”.[სტილი დაცულია]

აკაკი ჩხაიძე საჭიროდ მიიჩნევს შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელშიც საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლებიც შევლენ, რათა მოიკვლიონ “60 წუთში” გახმაურებულ საქმეთა გარემოებები. ჩხაიძის აზრით, ეს ყველას დაარწმუნებს მის სიმართლესა და მაღლაფერიძის სიცრუეში. გადაცემაში მოყვანილი ფაქტების კიდევ ერთხელ შემოწმებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც სამშაბათს სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ “60 წუთის” ჟურნალისტების მხარდასაჭერად. ერთმა მათგანმა, გადაცემის თანაავტორმა ნინო ზურიაშვილმა, მითხრა [ზურიაშვილის ხმა]: “მე შემხვდა “საქრკინიგზაექსპედიციის” ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე. მე ვხვდებოდი მას რამდენიმე კვირის წინ, გადაცემაზე მუშაობისას, და ჩიგოგიძე დამეხმარა ინტერვიუების ჩაწერაში. მან მითხრა, იმიტომ დაგეხმარე, რომ დარწმუნებულიყავ ჩვენს უდანაშაულობაში და გადაცემა არ გაგეკეთებინაო. პირობა ასეთი გვქონდა: თუ დარწმუნდები, რომ დამნაშავეები ვართ, მაშინ გააკეთეო. როცა საქმე საქმეზე მიდგა და ვუთხარი, მართალია, ინტერვიუები ავიღე, მაგრამ სულაც ვერ დავრწმუნდი, რომ თქვენ არაფერში დამნაშავე არა ხართ, პირიქით, მაქვს რეალური, დოკუმენტურად დადასტურებული, მასალა თქვენსა და ბატონ ჩხაიძის წინააღმდეგ და გადაცემა აუცილებლად შედგება-მეთქი, მითხრა: თუ გადაცემა გაკეთდება, შენ ჩვენი მოსისხლე მტერი გახდებიო. სხვათა შორის, შევხვდი აკაკი ჩხაიძესაც, რომელმაც მითხრა: გირჩევ, გადაცემა არ გააკეთოო”.

აკაკი ჩხაიძე არ არის საჯარო გამოსვლების მოყვარული პირი. პრესკონფერენციის გამართვა და ფაქტებისა თუ მტკიცებების უარყოფა, რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მშვიდი ლაპარაკის მიუხედავად, შეიძლება მძაფრ რეაქციად შეფასდეს. სიტუაციის არაორდინალურობაზე მეტყველებდა ჟურნალისტთა სახლში რესპუბლიკის მთავარი რკინიგზელის საგულშემატკივროდ მისული ადამიანების კოჰორტა: პარლამენტის წევრი ლევან თედიაშვილი, ავთანდილ მარგიანი, ირაკლი წერეთელი, როინ ლიპარტელიანი და მასმედიის საგრძნობი ნაწილი, რომელიც, ვერ გაარჩევდი, კერძო იყო, სახელმწიფო-სახელისუფლო თუ, სულაც, აკაკი ჩხაიძის.
XS
SM
MD
LG