Accessibility links

ბასილ მკალავიშვილის სასამართლო პროცესი


სოზარ სუბელიანი, თბილისი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში განახლდა განსასჯელების – ბასილ მკალავიშვილისა და პეტრე ივანიძის – სასამართლო პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე პროკურატურიდან სასამართლოში გასული წლის 6 ოქტომბერს გადაიგზავნა, საქმის არსებითი განხილვა სასამართლომ ერთი წლის შემდეგაც კი ვერ დაიწყო. განსასჯელებს – ბასილ მკალავიშვილსა და პეტრე ივანიძეს - 6 ბრალდება აქვთ წაყენებული, კერძოდ: “ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა”; “ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა”; “ცემა”; “მუქარა”; “ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა” და “იძულება”. წინა პროცესებისგან განსხვავებით, ამჟამად სასამართლოს პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავს, თუმცა განსასჯელები და მათი მომხრეები მაინც ახერხებენ აგრესიის გამომჟღავნებას და პერიოდულად ემუქრებიან დაზარალებულებს, ჟურნალისტებსა და იმ უფლებადამცველებს, რომლებიც პროცესს ესწრებიან.

ის დანაშაულებანი, რაშიც განსასჯელებს ედებათ ბრალი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას არის ჩადენილი. შესაბამისად, დაზარალებული მხარეც არაერთგვაროვანია – ესენი არიან იეჰოვას მოწმეები, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება და გაზეთი “რეზონანსი”, რომელსაც, საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელმა ბასილ მკალავიშვილმა და მისი მრევლის წევრებმა 2000 წლის 25 სექტემბერს ოფისში შესასვლელი რკინის კარები ელექტროშემდუღებლით შეუდუღეს.

25 ოქტომბერს განახლებულ სასამართლო პროცესზე, ჯერ კიდევ საქმის არსებით განხილვამდე, იეჰოვას მოწმეების ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი რამდენიმე შუამდგომლობით გამოვიდა. პირველ რიგში, მან განსასჯელების პატიმრობაში აყვანა მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები დღემდე თავისუფლად განაგრძნობენ იმ საქმიანობას, რის გამოც ისინი განსასჯელის სკამზე სხედან, მაგრამ მისი შუამდგომლობა არც პროკურორმა თენგიზ აბაშიძემ გაიზიარა და არც მოსამართლე შალვა კვარაცხელიამ.

მომდევნო შუამდგომლობა განსასჯელთა ბრალის დამძიმებას და მათი რიცხვის გაზრდას გულისხმობდა, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა: [მამუკა ჭაბაშვილის ხმა] “სადმე გინახავთ, რომ ორი კაცი არბევდეს? დადიან ბრბოდ. აი, მკალავიშვილს აძლევენ, მაგალითად, პასუხისგებაში და ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ მკალავიშვილმა, ვთქვათ, ლომთათიძესთან, ვეჩეიშვილთან და ჩამოთვლილია – ამასთან, ამასთან ერთად, ჩაიდინა ეს. ვსვამ კითხვას: თუ ცნობილია, გიწერია – პროკურატურა ხარ თუ გამომძიებელი ხარ – დადგენილებაში გიწერია, რომ ამასთან, ამასთან და ამასთან ერთად ჩაიდინა ეს ყველაფერი, რატომ აძლევს მარტო მკალავიშვილს პასუხისგებაში და რატომ არ აძლევს დანარჩენებს პასუხისგებაში?” [სტილი დაცულია]

კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელზეც მოსამართლემ მხოლოდ სამდღიანი ფიქრის შემდეგ თქვა უარი, საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნებას ეხებოდა. ჭაბაშვილის ამ შუამდგომლობას განსასჯელებიც დაეთანხმნენ და მათი ხუთივე ადვოკატიც, ოღონდ მხარეთა მოტივაცია ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მამუკა ჭაბაშვილის აზრით, საქმეში იმდენი დანაშაულებრივი ეპიზოდია, რომ განსასჯელების მიმართ წარდგენილი ბრალი, უბრალოდ, დაზარალებულებისა და მთელი საზოგადოების დაცინვას წარმოადგენს.

განსასჯელებმა, პირიქით, საქმის ძიებაში დაბრუნება დაზარალებულთა დასჯის მიზნით მოითხოვეს: [ბასილ მკალავიშვილის, პეტრე ივანიძის და მოსამართლე შალვა კვარაცხელიას ხმა]
-
“დღეის შემდეგ აუცილებლად ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოვითხოვთ, მკაცრად იქნენ დასჯილი პროზელიტიზმის მუხლით, ვინაიდან, ესენი ემსახურებიან საზღვარგარეთის ბნელ ანტიქრისტიანულ ძალებს, არ იცავენ საქართველოს ადათ-წესებს, არ ემორჩილებიან საქართველოს კანონებს… დაუბრუნდეს გამოძიებას…”
-
“ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მამა ბასილის აზრს ემთხვევა და, საერთოდ, აი ამ ადგილას, განსასჯელების ადგილას, ჩვენ კი არ უნდა ვიჯდეთ, ეს ხალხი უნდა იჯდეს, იმიტომ, რომ ესენი არიან მტერი მართლმადიდებლობის, საქართველოისა და მთლიანად მოსახლეობის. მე შუამდგომლობას ვეთანხმები, რომ გამოძიებაში დაბრუნდეს ეს საქმე…”
-
“რატომ?
-
“იმიტომ, რომ ესენი ქუჩა-ქუჩა დადიან, ქადაგებენ თავიანთ სარწმუნოებას, ანუ პროზელიტიზმს ეწევიან ესენი. ჩვენ ვიცავთ რჯულის კანონს, ვიცავთ მართლმადიდებლობას და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ.”
[სტილი დაცულია]

მეორე ბრალდება, რაც გლდანის ეპარქიის პროტოპრესვიტერმა იეჰოვას მოწმეებს წაუყენა, საქართველოში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა იყო. საკითხის განსჯაში, იყო თუ არა ბასილ მკალავიშვილის მიერ განადგურებული ქონება კონტრაბანდული, თავად მოსამართლე კვარაცხელიაც ჩაერთო, დიალოგის დროს კი ბასილ მკალავიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა იმ ბრალდებათა ნაწილი, რაც მის მიმართ არის წაყენებული:
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “რისთვის მივედით ჩვენ და რისთვის დავარბიეთ? დავარბიეთ იმისათვის, რომ ქადაგებენ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ, გვიგინებენ ხატს, ჯვარს, საქართველოს და ლაფს გვასხამენ თავზე – აი, რის გულისათვის…”
-
[წამოძახილი მრევლიდან] “სისხლსაც არ ისხამენ…”
-
[მოსამართლე შალვა კვარაცხელიას ხმა] “ერთი წუთით!..”
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ჩვენ გავანადგურეთ კონტრაბანდა და არა ის, ამათი რაღაც-რაღაც ქონება, როგორც დღეს სამართალდამცავი ორგანოები ანადგურებენ გლდანის ნაგვის სანაგვეზე.”
-
[მოსამართლე შალვა კვარაცხელიას ხმა] “თქვენ თვლით, რომ ის ქონება კონტრაბანდულია?”
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ყველაფერი, რაც შემოდის საქართველოში, არის კონტრაბანდული. ის ბეჭედი, რომელიც გააუქმა უზენაესმა სასამართლომ, დღეს იმ ბეჭდით შემოაქვთ ფოთის საბაჟოზე. ესენი არიან დასაჭერები და პასუხისგებაში მისაცემები მარტო ამ ყალბი ბეჭდის გამოყენებისათვის. ეს ყველაფერი უნდა დაემატოს და აღიძრას.”
[სტილი დაცულია]

25 ოქტომბრის პროცესზე განსასჯელთა მთავარმა ადვოკატმა ქართლოს ღარიბაშვილმა დაზარალებულებს შერიგება შესთავაზა. მოსამართლემ და ბრალმდებელმა, თავის მხრივ, მოუწოდეს დაზარალებულებს, რომ ეს წინადადება მიეღოთ. საბოლოოდ, 29 ოქტომბრის პროცესზე ღარიბაშვილის წინადადება ერთადერთმა დაზარალებულმა, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების მენეჯერმა, მიხეილ სარალიშვილმა მიიღო. იგი 2001 წლის 10 მარტს დაზარალდა, როცა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ფოთის პორტიდან თბილისში მიმავალი სატვირთო მანქანა გააჩერეს და გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების კუთვნილი ტვირთი – 1500 ჰუმანიტარული საბანი და 1800 ცალი რელიგიური ლიტერატურა - ნაწილობრივ გაანადგურეს.

მკალავიშვილი და მისი მომხრეები ჩვეულ აგრესიულობას არც სასამართლო პროცესის დროს წყვეტდნენ და არც პროცესის დამთავრების შემდეგ:
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “საინტერესო ის არის, რომ მაინცდამაინც რატომ მოდიან აქ იეღოველების დასაცავად ამერიკის საელჩოდან და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები და რადიო “თავისუფლება”. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ სწორედ ეს პიროვნებები ათამამებენ დღეს ამ კრიმინალურ სექტებს და ჩვენ მათაც მივხედავთ მალე.”
-
[ხმა მრევლიდან] “დავიწყოთ სუბელიანისგან…”
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ჩუმად მაინც მოდიან ამერიკის საელჩოდან აქ – იპარებიან და აფიქსირებენ და გადასცემენ საზღვარგარეთ, როგორც ძველად შპიონები აკეთებდნენ ხოლმე.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “მიხედვას როგორ აპირებთ?”
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “მიხედვას ვაპირებთ – დავატოვებინებთ თავიანთ რეზიდენციებს და გავაგზავნით იქ, საიდანაც ისინი ფინანსდებიან.”
[სტილი დაცულია]

სასამართლოს, წინა პროცესებისგან განსხვავებით, პოლიცია იცავდა, თუმცა, განსასჯელთა ადვოკატის ქართლოს ღარიბაშვილის თქმით, დაზარალებულებს პოლიციის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ: [ქართლოს ღარიბაშვილის ხმა] “ნუ ექნება იმ მეორე მხარეს – დაზარალებულ მხარეს – ნურც მღებრიშვილის იმედი, ნურც მიშა სალაძის იმედი, ნურც, რა ქვიან, ნარჩემაშვილის იმედი… ჯერ ერთი, ეგ ხალხი ჩვენს მხარეს არიან სუყველა და ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც ჩვენა ვართ.” [სტილი დაცულია]

საბოლოოდ, 29 ოტომბრის პროცესი ისე გადაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვა ვერ დაიწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ გაზეთ “რეზონანსის”, რადიო “რეზონანსის”, რადიო “105-ისა” და სააგენტო “ინტერმედიას” წარმომადგენელი მალხაზ რამიშვილი უკვე აღარ არის უფლებამოსილი, ოთხივე იურიდიული პირი წარმოადგინოს სასამართლოზე.

მთლიანობაში, სამდღიანი პროცესის შემდეგ ნათლად გამოიკვეთა ორი მომენტი: ჯერ ერთი, მოსამართლე მონდომებულია, რომ საქმის არსებითი განხილვა, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს, რაც, როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგია. მეორე მხრივ, კარგად გამოჩნდა პირადი პოზიცია სახელმწიფო ბრალმდებლის თენგიზ აბაშიძისა, რომელმაც პროცესის გაწელვა დაზარალებულებს დააბრალა: [თენგიზ აბაშიძის ხმა] “უკვე მერამდენე პროცესი გადაიდო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებულები არ ცხადდებოდნენ. განსასჯელები აკურატულად ცხადდებოდნენ, მათი მხრივ დარღვევას ადგილი არ ჰქონია…” [სტილი დაცულია]

პროკურორის ამ განცხადებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მოსამართლე კვარაცხელიამ, რომელსაც ასევე არ გახსენებია, რომ დაზარალებულთა გამოუცხადებლობა სწორედ მათი დაუცველობით და სასამართლოს არაქმედუნარიანობით იყო გამოწვეული.
XS
SM
MD
LG