Accessibility links

logo-print

ტრადიციულად, “თბილისობის” მოახლოებასთან ერთად


ტრადიციულად, “თბილისობის” მოახლოებასთან ერთად,

უფრო მრავალფეროვანი ხდება დედაქალაქის “კულტურული აფიშა” – ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა ქალაქში სადღესასწაულო განწყობილება შეიქმნას. მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი თარიღებიც, როგორც წესი, “თბილისობაზე” აღინიშნება ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ წლის “კულტურული კალენდარი” გათვლილია მაინცდამაინც ოქტომბრის მიწურულზე, როცა ქალაქს ჯერ კიდევ მიეწოდება ელექტროენერგია და როცა ჯერ კიდევ თბილა საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებში... და თანაც, როცა კარსაა მომდგარი თბილისური “ბნელი ზამთარი”, რომელსაც, როგორც წესი, სასოწარკვეთა და დეპრესია ახლავს ხოლმე. სწორედ “თბილისობის” წინ გაიმართა: მედეა ჩახავას საიუბილეო საღამო, გურამ საღარაძის საიუბილეო ბენეფისი, გიგა ლორთქიფანიძის იუბილე, ანსამბლ “ივერიას” იუბილე (ამ უკანასკნელს წელს “ვარსკვლავიც” გაუხსნეს ფილარმონიასთან); “თბილისობის” წინ აღინიშნა სამხატვრო აკადემიის 80 წლისთავი. ქართველ მხატვრებს, წესით და რიგით, სამხატვრო აკადემიის იუბილე თხუთმეტ მაისს უნდა ეზეიმათ, რადგან საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი 1922 წლის 15 მაისს გაიხსნა, ეგრეთ წოდებულ, “უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ სახელოსნოთა” ბაზაზე. მაგრამ ზეიმი შემოდგომაზე გადმოიტანეს, არ არის გამორიცხული, იმიტომაც, რომ სწორედ “თბილისობის” წინ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა სამხატვრო აკადემიის ყოფილმა პედაგოგმა ზურაბ წერეთელმა, რომელიც პირადად დაესწრო აკადემიის საიუბილეო გამოფენის გახსნას ეროვნულ გალერეაში.

საერთოდ, ამ ექსპოზიციას “აკადემიის პედაგოგების ანგარიშიც” შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე აღმოჩნდა, რომ აკადემიის კურსდამთავრებულები, როგორც წესი, ამავე სასწავლებლის პედაგოგები ხდებოდნენ ხოლმე... რაც იმას ნიშნავს, რომ თაობების ცვლა აქ, შედარებით, უმტკივნეულოდ ხდებოდა, “თაობების კონფლიქტი” აკადემიაში ნაკლებად იგრძნობოდა, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა ეპოქაში, როცა ქართველ მხატვრებს, ძირითადად, ოფიციალურ იდეოლოგიასთან უხდებოდათ დაპირისპირება.

ექსპოზიციის ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ შეიტანეს “კორექტივები” აკადემიის ისტორიაში – არ “დაგვიმალეს”, მაგალითად, სოციალისტური რეალიზმის სულით გაჟღენთილი ნამუშევრები და საიუბილეო ექსპოზიციაზე მხოლოდ და მხოლოდ აკადემიისთვის “საამაყო” სურათები არ გამოფინეს. მეტ-ნაკლები ობიექტურობის მისაღწევად ექსპოზიციის ავტორებმა საუკეთესო ხერხს მიაგნეს: რეტროსპექტულ გამოფენაზე მოხვდა მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრები – დაწყებული 1938 წელს შესრულებული ვალენტინ შერპილოვის “შემოდგომის დღესასწაულით” და დამთავრებული დღევანდელ კურსდამთავრებულთა სურათებით. დიპლომების წარმოდგენა არ იძლევა საშუალებას ვისაუბროთ სამხატვრო აკადემიის ისტორიაზე მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის რაკურსში, რადგანაც სადიპლომო ნამუშევარი, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, მნიშვნელოვნად ზღუდავს მხატვრის შემოქმედებით თავისუფლებას. მაგრამ საიუბილეო გამოფენის ორგანიზატორებისთვის შეიძლება მომგებიანიც იყო გამოფენის ასეთი ფორმატი – თბილისის სამხატვრო აკადემია ხომ ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ მხატვარი აქ “აკადემიურ” ცოდნას იღებდა, კლასიკური მხატვრობის წესებს ეუფლებოდა. სხვა საქმეა, “იდეოლოგიური წნეხი”, რომელსაც აკადემიის კურსდამთავრებული, ისევე როგორც აკადემიის დირექცია, ხელისუფლებისგან განიცდიდა ხოლმე. საბჭოთა ეპოქაში სტუდენტი, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავდა დიპლომს, ასე ვთქვათ, “საეჭვო თემატიკისთვის” რომ მიემართა. დღეს ეს წნეხი ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს, მაგრამ 90-იან წლებში შესრულებული სადიპლომო ნამუშევრები თემატური მრავალფეროვნებით მაინც არ გამოირჩევა – ჭარბობს ისტორია და რელიგია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს თემებია დღეს სტუდენტებისთვის მომგებიანი. არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალ მხატვრებს გულწრფელად აღელვებთ ეს თემები.

გასული კვირის კულტურულ აფიშას რომ გადავხედოთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეროვნული კულტურა ჯერ კიდევ ვერ თავისუფლდება საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული კულტურული კლიშეებისგან. ნიშანდობლივია, რომ ეს კლიშეები განსაკუთრებით ვლინდება “თბილისობის” დროს – იმ დღესასწაულზე, რომელსაც კვლავაც გადაჰკრავს კომუნისტური იერი. ამ ფონზე კი მით უფრო იპყრობს ყურადღებას იმ ადამიანების შემოქმედება, რომლებიც ამ კლიშეებს კი არ ანგრევენ, არამედ, საერთოდ, არ იმჩნევენ, თითქოს ეროვნული კულტურის კრიზისი და ყოვლად უხარისხო მასკულტურის შემოტევა მათ პირადად არც ეხებოდეს. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანია თანამედროვე ქართული ჯაზის ვარსკვლავი გულიკო ჭანტურია... მართალია, მისი ვარსკვლავის გახსნას ჯერ არავინ ფიქრობს, მართალია, მას ვერ გამოუჩნდა პატრონი რომელიმე მუსიკალური “ჰოლდინგის” სახით, ჩვენი ბულვარული ჟურნალები კი სულ სხვა ტიპის, ეგრეთ წოდებულ, “მუსიკოსებს” უწევენ პოპულარიზაციას, გულიკო ჭანტურია, თავისი ლამაზი ხმითა და საუცხოო ტექნიკით, მაინც ვარსკვლავია... ასე ფიქრობს, ალბათ, ის მცირერიცხოვანი მსმენელი, რომელიც 22 ოქტომბერს დაესწრო ჯაზის საღამოს თბილისის სამეფო უბნის თეატრში. “მცირერიცხოვანი” უფრო იმიტომ, რომ კონცერტს (ყოველ შემთხვევაში, ბეჭდვით პრესაში) რეკლამა, ფაქტობრივად, არ ჰქონია. თუმცა, შესაძლოა, სწორედ მაყურებლის მცირერიცხოვნებამ მიანიჭა გულიკო ჭანტურიას კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი, ინტიმურობა; განაპირობა კონტაქტი მსმენელსა და მუსიკოსებს შორის... და, აბა, ვის გაუგია ჯაზი კონტაქტისა და იმპროვიზაციის გარეშე. [ჩართვა. მუსიკა]

გულიკო ჭანტურიას იმ საღამოს მშვენიერი მუსიკოსები - ნუკრი აბაშიძე, ოთარ მაღრაძე, ნუგზარ მაისაშვილი, გურამ ტეცოშვილი და სხვები - უმშვენებედნენ გვერდს. როგორც გამოირკვა, იმისათვის, რომ თავი ირჩინოს, ზოგიერთი მათგანი დღეს თბილისის რესტორნებში უკრავს. და არაიმიტომ, რომ ჯაზი აღარ არის მოდაში. ჯაზური მუსიკის მიმართ ინტერესს დღეს საეჭვო გემოვნების, ხმის, ტექნიკის პოპვარსკვლავებიც იჩენენ ხოლმე. დაქირავებული იმიჯმეიკერები მათგან ქმნიან თოჯინებს, რომელთაც სატელევიზიო კლიპებში იღებენ – ისინი მღერიან “ნოსტალგიურ მელოდიებს”, უფრო სწორად, ძველი შლიაგერების ასლებს “ამრავლებენ”... ასლი კი დღევანდელ საქართველოში უფრო მეტად ფასობს, ვიდრე დედანი, და, კონკრეტულ შემთხვევაში, ვიდრე პოპულარული მელოდიის ახლებური, მოულოდნელი, შესაძლოა, საკამათო ინტერპრეტაცია – ის, რასაც აკეთებენ გულიკო ჭანტურია და მისი მეგობრები. [ჩართვა. მუსიკა]

ასლების პოპულარობა დღეს შეიმჩნევა არამარტო მუსიკაში. არსებითად,“თბილისობაც”, მთელი თავისი რიტუალებით, მასობრივი კულტურული ღონისძიებებით, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა დაჯილდოებით, “ტირაჟირების ეპოქის” ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ. კატასტროფული ამაში არაფერია – “ტირაჟირების” ვირუსი დღეს მთელ მსოფლიოს მოედო. სხვა საქმეა, რისი გამრავლება ხდება ამ დროს – რაღაც ფასეულის, თუ “ეროვნულობით” შენიღბული კომუნისტური კლიშეების.
XS
SM
MD
LG