Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე მესაზღვრეთა პრობლემებმა შეაშფოთა


იმ ქართველ პოლიტიკოსთა რიცხვს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე არსებულ პრობლემებს კატასტროფულად შემაშფოთებელს უწოდებენ და მესაზღვრეებს ყველა შესაძლო დახმარებას ჰპირდებიან,

29 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ტრიბუნიდან გამოთქმული სიტყვიერი მხარდაჭერა არაფრით აისახება სასაზღვრო უწყების ბიუჯეტზე, რომელიც ყოველწლიურად მცირდება. საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში კოლეგიის წევრებთან შეხვედრამ და რეალური ვითარების გაცნობამ ბურჯანაძე დაარწმუნა, რომ ქართველი მესაზღვრეები ენთუზიაზმზე მუშაობენ და, რომ არა მეგობარი ქვეყნების დახმარება, ფინანსური პრობლემების გამო, საქართველოს საზღვრის უწყება არსებობას, საერთოდ, შეწყვეტდა.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის პირადი შემადგენლობა დაახლოებით 7ათას კაცს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარით ფინანსდება. რეალურად კი, ნორმალური ფუნქციონირებისათვის ქართველ მესაზღვრეებს სამჯერ უფრო მეტი თანხა, 26-27 მილიონი ლარი, ესაჭიროებათ. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს ფული არ გააჩნია. მესაზღვრეებსაც, რასაკვირველია, ესმით სახელმწიფოს გასაჭირი და, ბედს შეგუებულები, ზედმეტს არ ითხოვენ. მაგრამ იმის გაგება კი ნამდვილად უჭირთ, თუ წლიდან წლამდე რატომ ვერ ღებულობენ ამ მწირი ბიუჯეტის 30 პროცენტს, მაშინ, როცა მესაზღვრეთა წინაშე მდგარი ამოცანები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის: 23 აგვისტოს, ილტოს ხეობის დაბომბვის შემდეგ, ოპერატიული ვითარება საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე იმდენად გართულდა, რომ მაღალმთიანი ომალოს, შატილისა და მუცოს საგუშაგოების გასაძლიერებლად საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იძულებული გახდა უპრეცედენტო ნაბიჯი გადაედგა.

[გენერალ ვალერი ჩხეიძის ხმა] "რთული ვითარებაა, ოპერატიული ვითარება დაძაბულია. წუთი წუთზე მოსალოდნელია სახმელეთო საზღვრის დარღვევა. ასე რომ, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. დამატებითი ძალებიც არის გადასროლილი, მართალია, სხვა სასაზღვრო საგუშაგოების ხარჯზე, სამწუხაროდ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის."

არადა, 23 აგვისტოს შემდეგ ქართველი კანონმდებლებიც და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ერთხმად ალაპარაკდნენ ძალოვანი უწყებებისა და, მათ შორის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის დაფინანსების გაზრდაზე. ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ "გაერთიანებული დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ფული ყველაზე მაღალი საბიუჯეტო ობიექტის - პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოებისთვისაც კი მოეკლოთ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი დაცვა ღირს 80-დან 90 მილიონ ლარამდე. ეს არის ზუსტად ცხრაჯერ მეტი, ვიდრე იხარჯება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე. ამის ნახევარი საკმარისია იმისათვის, რომ ყოველგვარი რუსეთის პროვოკაცია, ყოველგვარი პროვოკაცია საქართველოს საზღვრებზე აღკვეთილ იქნეს."

ილტოს ხეობის დაბომბვის შემდეგ პარლამენტმა დაავალა აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეემუშავებინა ბიუჯეტის შესწორების პროექტი, რომლითაც ყველა სამხედრო უწყებას მიმდინარე საფინანსო წლის ბოლომდე პროპორციულად გაეზრდებოდა დაფინანსება. მაგრამ გავიდა სულ რაღაც ორი თვე და საკანონმდებლო ორგანოს დავალება დავიწყებას მიეცა. რაკი რუსეთი ღიად აღარ ემუქრება საქართველოს, ყველამ თავი დაიმშვიდა. ერთობლივი საზღვრის დაცვის ოქმმა ხომ პირდაპირ სულზე მოუსწრო საქართველოს ხელისუფლებას.
ასე რომ, მაღალმთიან სასაზღვრო საგუშაგოებზე მყოფი ქართველი მესაზღვრეები კარზე მომდგარ ზამთარს კვლავ ფარღალალა კარვებსა და რკინის ვაგონებში შეხვდებიან. სამაგიეროდ, როგორც შარშან, ისე წელს, მესაზღვრეები უხვად მოისმენენ მათი მისამართით გამოთქმულ ისეთი ტიპის შაბლონურ სენტენციებს, როგორიცაა: "სახელმწიფო საზღვრიდან იწყება" და "ყველაფერი საუკეთესო - ქართველ მესაზღვრეებს."
XS
SM
MD
LG