Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად


მოსკოვში დუბროვკის საკონცერტო კომპლექსის ირგვლივ დატრიალებული მოვლენების შემდეგ ძალადობისა და ტერორიზმის პრობლემამ აქტუალობა საქართველოშიც შეიძინა.

ირკვევა, რომ, ისევე როგორც მთელი ხელისუფლება, ტერორიზმთან მებრძოლი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოება ნაკლებად იცნობენ ერთმანეთის მოსაზრებებს ტერორიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ამ დღეებში გამართულმა დისკუსიებმა კი ცხადად აჩვენა, რომ ძალადობის პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ძალადობის არაპირდაპირი პროპაგანდა ან მისი ყოველდღიური გამოყენება პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნის მისაღწევად საზოგადოების დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავად ამ საზოგადოებას. ამ მახინჯ გამოვლინებასთან ბრძოლის ნაცვლად, სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივი ელიტა მის წახალისებას ეწევა. წარმოადგენს თუ არა ეს ტერორიზმს და როგორ უნდა ებრძოდეს მას სახელმწიფო, ამის გარკვევა 29 ოქტომბერს თბილისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში, სცადეს.

ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ნაჭყებიას აზრით, ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედება ბენიამინ ნეტანიაჰუს ლოგიკას უნდა დაექვემდებაროს.

[ნაჭყებიას ხმა] „როცა ჩვენ მწერების საწინააღმდეგო პოლიტიკას ვეწევით, როცა ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მწერები, უნდა დავაშროთ ჭაობები. მარტო მწერები რომ გავანადგუროთ, ჭაობი ისევ შობს ახალ მწერებსო. ჩვენ თუ არ გავანადგურეთ ჭაობი, ისე მწერი არასდროს არ განადგურდება. ჭაობში იგულისხმება ის სახელმწიფოები, რომლებიც მფარველობენ ტერორიზმს.“

ნაჭყებიას მიერ განვითარებულმა აზრმა სტიმული მისცა აჭარის წარმომადგენლობის ლიდერს ჰამლეტ ჭიპაშვილს აჭარის ხელისუფალის პოლიტიკური ოპონენტების საკითხი დაეყენებინა და აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერები ტერორისტებისთვის შეედარებინა. მან აჭარის წარმომადგენლობის კარების დაწვის ფაქტი გაიხსენა და თამაზ ნადარეიშვილის განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება.
[ჭიპაშვილის ხმა] „როდესაც კაცი დაბეჯითებით ამბობს, - და ეს ხელისუფლების წარმომადგენელია, - როგორც კი პირველი მატარებელი გაივლის აფხაზეთში, ჩვენ მას ავაფეთქებთო, მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს, სახალხო თავყრილობებზე. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაცას ავაფეთქებთ, ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ. ეს კარგს არაფერს მოიტანს.“

ჰამლეტ ჭიპაშვილმა ისიც დაამატა, საინფორმაციო საშუალებებით გამუდმებით ძალადობის ტირაჟირება საზოგადოების ტერორიზირების ტოლფასიაო, და ამ გამოვლინებასთან ბრძოლის საშუალებები მოიკითხა.

უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის პირველი სამმართველოს უფროსი ავთანდილ ფოფხაძე შეეცადა დიპლომატიურად, - ისე, როგორც სპეცსამსახურის ჩინოვნიკს შეეფერება, - კონკრეტული არაფერი ეთქვა.

კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე კი პოლიტიკური დაპირისპირებების დროს ძალადობის ფაქტებს ტერორის კვალიფიკაციას არ აძლევს, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს ამგვარ ქმედებათა წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას და, შესაბამისად, ძალადობის მიუღებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რაც რეალური ტერორიზმის წინააღმდეგ საზოგადოების მზადყოფნასაც განაპირობებს. ახლა კი, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, სკანდალებისა და სხვა საინფორმაციო ძალადობის წყალობით, ისტერიულ მდგომარეობაში იმყოფება. მამუკა არეშიძის აზრით:

[არეშიძის ხმა] „ის, რაც ხდება მოსკოვში, კავკასიის ქედს მიღმა, ცოტა ქვემოთ, ეს იქნება ხვალ აქ იმიტომ, რომ არის ამ ქვეყნის ინტერესებში ეს კუთხე. აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ. მზადების ორი ფორმა არსებობს: პირველი, ეს არის სპეციალური ნაწილების მომზადება, სპეციალური ადამიანების მომზადება ამ საქმისთვის და, მეორე, საზოგადოებისთვის მომგებიანი ფონის შექმნა. ისტერიაში ჩავარდნილი საზოგადოება მტრის გამოჩენისთანავე უკან იხევს. დაწყნარებული, მშვიდი და ფსიქოლოგიურად მომზადებული საზოგადოება იკვრება მტრის წინააღმდეგ.“
XS
SM
MD
LG