Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის გაძვირება თბილისში


ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა თბილისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შესაგუებელ პრობლემად არის მიჩნეული, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, გაძვირებათა სიხშირეს ხელს სრულიადაც არ უშლის.

ადამიანი, ხომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეგუება. 1 ნოემბრიდან კვტ/სთ-ი ელექტროენერგიის საფასური 1,3 თეთრით გაიზრდება და 13, 7 თეთრს მიაღწევს. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ თბილისელებს ამჯერად ნერვიულობის საბაბი არა აქვთ.

იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული თანხმობის შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ AES-თელასს ტარიფის გაზრდის ნება დართო. 1998 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკული კომპანია ელექტროენერგიის გაძვირების ბოლო შანსს იყენებს. ამიერიდან მას ტარიფის სიდიდის გადახედვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ვალუტის, ლარის, ინფლაციის შემთხვევაში ექნება. ხსენებულ ბოლო შანსს AES-თელასი უკვე კარგა ხნის განმავლობაში ელოდა, მაგრამ პროცესი მრავალი მიზეზის გამო ჭიანურდებოდა. ერთ-ერთი მიზეზი იყო ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან მისი მწვავე ფინანსური დაპირისპირება, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფის გაზრდის საკითხი მკაცრად და პრინციპულად შეაჩერა. ამ თემის განხილვა განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოდავეებმა საერთო ენა გამონახეს და მრავალტანჯულ შედარების აქტს მოაწერეს ხელი.

ტარიფის გაზრდის პერსპექტივამ თბილისელები ააღელვა ჯერ კიდევ მაისში, ანუ მაშინ, როდესაც AES-თელასმა ეს საკითხი წამოჭრა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მწვავე რეაქციის ჩაცხრობას, როგორც გახსოვთ, თავად პრეზიდენტი შევარდნაძე შეეცადა და პირობა დადო, რომ ტარიფის ძველსა და ახალ სიდიდეებს შორის განსხვავებას სახელმწიფო დაფარავდა. მართალია, მოსახლეობა სახელმწიფო დაპირებებს, ძირითადად, ეჭვით უყურებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ამ განცხადების შინაარსმა ხალხის მღელვარების კოეფიციენტი, აშკარად, შეამცირა. თუმცა ამჟამად, როცა ტარიფის გაზრდა 1 ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, ანუ უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ, ირკვევა, რომ ჯერ სახელმწიფოსა და AES-თელასს არც კი
განუხილავთ მექანიზმი, რომელმაც პრეზიდენტის სიტყვა სისრულეში უნდა მოიყვანოს.
ყოველ შემთხვევაში, ამერიკული კომპანიის ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის:

{ირაკლი მელაშვილის ხმა} “ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიცი, რომ რაღაც მოლაპარაკებები მიდის ამის თაობაზე, როგორ მოხდეს კომპენსირება იმისა, რაც დაემატა ტარიფს. მაგრამ კონკრეტული მექანიზმი შემუშავებული არ არის ”.

თბილისელებს მიაჩნიათ, რომ მექანიზმს მოევლება; მთავარია, რომ ხელისუფლებამ, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, თავისი დანაპირების შინაარსი არ დაივიწყოს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მამუკა ნიკოლეიშვილის განცხადების თანახმად, აუცილებლად გამოინახება რეალური გზა და დანაპირებიც აუცილებლად შესრულდება. თუმცა, მისი თქმით, კომპენსაციის დაფინანსება ენერგეტიკის სექტორში გამონახული თანხით უნდა მოხდეს, რაც ენერგეტიკოსებს თითქმის შეუძლებლად მიაჩნიათ. სხვათა შორის, თანხის მოძიების განსაკუთრებული იმედი არც სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს აქვს. თუმცა ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპტიმისტური ცნობით, AES-თელასის მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ გადახდის ქვითრებზე კვტ/სთ-ი ელექტროენერგია, სავარაუდოდ, კვლავ ძველი ტარიფით იქნება ნაანგარიშევი, ხოლო განსხვავების დაფარვას სახელმწიფო მოსახლეობისთვის უხილავი გზით მოახერხებს. საინტერესოა, რომ ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან AES-თელასში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG