Accessibility links

logo-print

დატოვებს თუ არა პარლამენტს ბლოკი “აღორძინება”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თბილისში იზრდება მათი რაოდენობა, ვინც ღიად ითხოვს პრეზიდენტ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომას. 30 ოქტომბერს აფხაზეთის ომის ინვალიდებმა, სამართალდამცავი ორგანოების ვეტერანებმა

და ოფიცერთა გაერთიანებულმა პროფკავშირმა რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები, ელექტროენერგიის გადასახადზე დაწესებული შეღავათების აღდგენის პარალელურად, პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენებას მოითხოვენ. შესაბამისად, ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი სამი ფრაქციის მოთხოვნას პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების შესახებ მხარს პარლამენტს გარეთაც უჭერენ.


ბოლო ინფორმაციით, ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი ფრაქციები ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით. სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის ვახტანგ რჩეულიშვილის განმარტებით, მართალია, იგი კვლავინდებურად ბლოკ “აღორძინების” წევრია, ტრადიციონალისტთა კავშირთან ერთად, მაგრამ არ იზიარებს ბლოკის სხვა სუბიექტების ინიციატივას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ასლან აბაშიძის მოულოდნელ თანხმობას იმპიჩმენტის დაწყების თაობაზე, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, თავდაპირველად ფრაქციებს ეს ინიციატივა “აღორძინების” ლიდერთან არ შეუთანხმებიათ. ახლა, როცა ევროპიდან დაბრუნებული აბაშიძე ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, მან გადაწყვიტა, რომ ფრაქციების მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ბლოკ “აღორძინებაში” შემავალთა ეს ინიციატივა ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლისგან ასლან აბაშიძის დაცვის სურვილით იყო განპირობებული. საინტერესო ნიუანსი – ტრადიციონალისტთა კავშირი თავდაპირველად მხარს არ უჭერდა პრეზიდენტის იმპიჩმენტს. თავისი შეხედულება აკაკი ასათიანმა მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც იმპიჩმენტის დასაბუთებაში ჩაიწერა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებისა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების სასწრაფოდ გაყვანის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძე, როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კონფლიქტის მოგვარების აუცილებელ პირობად აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობო ნაწილების ყოფნას ასახელებდა. არც იმის შეხსენება იქნებოდა ურიგო, რომ ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელები არჩევნების პერიოდში მოსახლეობას ასლან აბაშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
რაც შეეხება პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შესაძლებლობას, ეს საკითხი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბლოკ “აღორძინების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განხილულა.
სხვათა შორის, უცნაური იქნებოდა “აღორძინებას” 1999 წლის შეცდომა გაემეორებინა და საკუთარი ნებით ეთქვა უარი პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაზე. მართალია, სხდომების ბოიკოტირების შემთხვევაში პარლამენტის მუშაობა პარალიზებული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამით პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების დისკრედიტაცია მოხდებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხდომების ჩაუტარებლობა ქრონიკულ ხასიათს მიიღებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმი. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის არჩევნები 2003 წლის შემოდგომაზე გაიმართება, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგროვდა 79 ხელმოწერა და თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, წარმოუდგენლად გამოიყურება, რომ პარლამენტის ორმა მესამედმა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას. შესაბამისად, ყოველივე მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს ატარებს – როგორც ჩანს, პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის წამყვანი თემა იქნება.
XS
SM
MD
LG