Accessibility links

logo-print

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაკვეთის სამშენებლო მასალით დატვირთული გემები ფოთისა და ბათუმის პორტებს 4 იანვარს მოადგება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ნავთობსადენის პროექტი სტარტს იღებს და საქართველო, როგორც ამ უდიდესი პროექტის ერთ-ერთი სუბიექტი, დასავლეთის მზარდი დაინტერესების არეალი ხდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა ამიერკავკასიის რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ენიჭება. ამაზე კიდევ ერთხელ ითქვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დირექტორთა საბჭოს წევრებთან თბილისში გამართულ შეხვედრებზე.


ჯერ - მოკლედ იმის შესახებ, თუ რას გვპირდება დიდი ნავთობსადენი, რომლის მშენებლობაც ბაქოს სამხრეთით, სანგაჩალის ტერიტორიაზე, 18 სექტემბერს გახსნილად გამოცხადდა: ყოველწლიურად 65 მილიონ დოლარს საქართველოს ბიუჯეტში, ათასობით ადამიანის დასაქმებას, რეგიონში დასაბანდებელ ინვესტიციათა პორტფელის გაზრდას და, რაც მთავარია, უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებით, ქვეყანას ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოუტანს. იმის ნათელსაყოფად კი, რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს, პრეზიდენტის მიერ 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას მოვიყვანთ:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “როდესაც ნავთობსადენის და გაზსადენის მშენებლობა დამთავრდება, ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა ენერგეტიკულად დამოუკიდებელია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საფუძველია.”

ოთხაშაბათს გამართული მთავრობის სხდომა, მთლიანად, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. ეს ყველაფერი კი მილსადენის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თბილისში ჩამოსვლას დაემთხვა.

დირექტორთა საბჭოს მიერ თბილისში გამართული შეხვედრების მნიშვნელოვანი მხარე იყო ის, რომ ერთ-ერთი მსხვილი ნავთობკომპანიის “კონოკოფილიპსის” მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას “ბი-პი” აქციათა 2, 5 პროცენტის შეძენის თაობაზე. ამას გარდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის დირექტორთა საბჭო გაეცნო ნავთობსადენის მშენებლობის უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც მას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა წარუდგინა. ამ კონცეფციაში საუბარია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების - მათ შორის, ძალოვანი ორგანოების - კოორდინირებულ ქმედებებზე.

ედუარდ შევარდნაძის განმარტებით, საქართველო აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას დიდი ნავთობსადენის პროექტში ჩართვამ დააკისრა. ედუარდ შევარდნაძის თქმით, “ ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთი უნდა იყოს სანიმუშო, დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით”. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტურიას მითითებით კი, ნავთობსადენის დაცვისთვის საჭირო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს თავად ინვესტორები გაიღებენ, ნაწილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების ფარგლებში დაიფარება და, ამ მხრივ, საქართველოს ფინანსური დანახარჯი მნიშვნელოვანი არ იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შედეგები, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების აქტიური დახმარებით ხორციელდება. დაბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარის შესახებ, რომელიც რეალური მაშინ გახდება, თუ ჯეიჰანისკენ რუსული ნავთობიც დაიძვრება. გია ჭანტურიას აზრით:

[გია ჭანტურიას ხმა] “რუსეთს 120 მილიონი ტონა ნავთობი დაუგროვდება ნოვოროსიისკში, როცა” სი-პი-სი” სრული დატვირთვით იმუშავებს. ამას დაემატება 40 მილიონი ტონა ნავთობი, რაც ახლა აქვს. ამ მოცულობას ბოსფორი ვერ გაატარებს და, ცხადია, რუსეთი დიდი რისკის ქვეშ დადგება. ამიტომ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება და ეს პროექტი ძალიან დიდ მოგებას მოუტანს მას.”

“ბაქო- თბილისი—ჯეიჰანის” პროექტის საწყისი ბიუჯეტი, 2, 95 მილიარდი დოლარი, უცვლელია. ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 2005 წელს შევა.
XS
SM
MD
LG