Accessibility links

logo-print

სახალხო ამბოხის პერსონაჟები ერთი წლის შემდეგ


იმ მოვლენებში, რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ თბლისში განვითარდა, ჩართული აღმოჩნდა, ერთი მხრივ, საზოგადოება, მეორე მხრივ – ხელისუფლება.

სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა - ძირითადად, ახალგაზრდებმა - საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნად პრეზიდენტის გადადგომა ჩამოაყალიბეს. ამ მოთხოვნას შეეწირა რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის პირი და მთელი მთავრობა. პრეზიდნტმა კი ხელისუფლება შეინარჩუნა.

რა როლი ითამაშა გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებმა პოლიტიკური პროცესის განვითარებაში? პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე სახალხო ამბოხი არ განმეორებულა, თუმცა საზოგადოებამ შეიძინა გამოცდილება, რომ მშვიდობიანი პროტესტით შესაძლებელია ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის განხორციელება.

შარშან, სახალხო პროტესტის შედეგად, თანამდებობიდან გადადგა ოთხი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი: უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. მათგან პოლიტიკური ფიგურა მხოლოდ ჟვანია იყო და დარჩა კიდეც პოლიტიკაში. ქუთათელაძე, თარგამაძე და მეფარიშვილი ჯერჯერობით საზოგადოებრივ ასპარეზზე არ ჩანან და არც არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე მათგანი ოდესმე ძველ ძალაუფლებას და გავლენას დაიბრუნებს.

როგორ განვითარდა ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა განვლილი ერთი წლის მანძილზე? თავიდან იგი ენერგიულად ჩაერთო მოქალაქეთა კავშირისთვის ბრძოლაში და საზოგადოებისთვის დღემდე ბუნდოვანი და გაუგებარია, კერძოდ, რისთვის იბრძოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე: ყველაზე არაპოპულარული პარტიის სახელისთვის, მისი ქონებისთვის თუ კიდევ სხვა რამისთვის... ფაქტია, რომ ჟვანიამ ბრძოლა წააგო და ამით მისი პოლიტიკური იმიჯი ორმაგად შეილახა: მით უმეტეს გაუგებარი და მიუღებელი გახდა ჟვანიას მცდელობა – როგორმე შეენარჩუნებინა მოქალაქეთა კავშირი.

ამის მიუხედავად, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მოსახლეობისგან 6%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც წარმატებად ჩაითვალა. მოგვიანებით კი მან ახალი პარტია შექმნა, თავისი თაობის ლიდერები შემოიკრიბა და პარლამენტშიც გააქტიურდა. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირთან გამიჯვნის შემდეგ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა აღმავალია. თუმცა ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ ვერა ეს პოლიტიკური მოღვაწე ოდესმე იმ სახელისუფლო მდგომარეობას, რომელიც სახალხო ამბოხისას ნებაყოფლობით დათმო.

შარშანდელი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მიხეილ სააკაშვილია. სწორედ პარლამენტის წინ თავმოყრილმა ახალგაზრდებმა აღიარეს იგი პირველად სახალხო ლიდერად. მას მოუთმენლად ელოდნენ, მას აღტაცებით ხვდებოდნენ და მის სიტყვას იჯერებდნენ. განვლილი ერთი წლის მანძილზე სააკაშვილის ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. თუ ოდესმე თბილისის საკრებულო შეიკრიბება, სააკაშვილს თავმჯდომარის პოსტზე კონკურენციას, ალბათ, ვერავინ გაუწევს და იგი მიიღებს სერიოზულ ასპარეზს მოქმედებისთვის და ბერკეტებს - ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ საკრებულო ვერ შეიკრიბა, ნაციონალური მოძრაობის წარმატება არჩევნებში, შესაძლოა, სააკაშვილს პოლიტიკურ მარცხად შემოუბრუნდეს. თავად შარშანდელი საპროტესტო აქცია კი მხოლოდ ხელსაყრელი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან სწორედ იგი აღიარეს ლიდერად მეამბოხე ახალგაზრდებმა. განვლილი ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო სახალხო ამბოხი - მშვიდობიანი რევოლუციის ჩათვლით - მხოლოდ სააკაშვილის სახელს უკავშირდება.

გასული წლის მოვლენების კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი ედუარდ შევარდნაძეა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მან შეინარჩუნა ძალაუფლება. მეორე: ჟვანიასა და თარგამაძის გადადგომით პრეზიდენტმა მოხსნა წარმოუდგენელი დაძაბულობა თავის გარემოცვაში, რაც ამ ორი ფიგურის დაპირისპირებით იყო გამოწვეული. და მესამე: იმის გამო, რომ პოლიტიკურ სპექტრში თვითგამორკვევის პროცესი მიმდინარეობდა და პარტიები მზად არ იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების დასაკომპლექტებლად, პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა დაამტკიცებინა ძველი მთავრობა და ამით, სულ მცირე, ერთი წელიწადი მოიგო. ერთი წლის შემდეგ კი - მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა - ძალთა ახალი განლაგება გამოიკვეთა. პრეზიდენტს ცალკე ჯორბენაძის და ცალკე – ჟვანია-გამყრელიძის ფრთამ სტრატეგიული მოკავშირეობა შესთავაზა. ახლა ხელისუფლებაში და მის ირგვლივ ვითარება თავიდან იძაბება და არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესის შედეგად და მის ბოლო ეტაპზე ისევ სახალხო-საპროტესტო გამოსვლები მივიღოთ. უფრო მეტად კი მოსალოდნელია, რომ ამჯერად დაძაბულობა არა სახალხო ამბოხმა, არამედ საპარლამენტო არჩევნებმა განმუხტოს.
XS
SM
MD
LG