Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან მასხადოვის ინტერვიუ


ანდრო ეული, პრაღა ინტერვიუში, რომლის ჩანაწერი ორშაბათს მიიღო ჩვენმა რადიომ, ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი გმობს მძევლების აყვანას მოსკოვში, თუმცა დასძენს,

რომ რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედია ჩეჩნეთში მიმდინარე ომის პირდაპირი შედეგია.

ასლან მასხადოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველთვის გმობდა ტერორიზმს, რომელსაც შეუძლებელია, გამართლება მოეძებნოს: [ასლან მასხადოვის ხმა] "ჩვენ ვგმობთ და ყოველთვის ვგმობდით ამგვარ ქმედებებს, და ამას ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუნახავთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ღირსეულად გვეტარებინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლთა დროშა."

მასხადოვის თქმით, ჩეჩნეთში ომის გაჩაღებაში დამნაშავე რუსეთის მთავრობაა და არა ჩეჩენი, ან რუსი ხალხი. ოთხი წლის მანძილზე მიმდინარე ომმა ჩეჩენთა ცალკეულ ჯგუფებს სასოწარკვეთილი ნაბიჯისკენ, მძევლების აყვანისკენ უბიძგა.

მოსკოვი, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, აგრეთვე "საერთაშორისო ტერორიზმის" წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ამართლებს ჩეჩნეთში წარმოებულ ომს.

როგორც ასლან მასხადოვი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეცდომა დაუშვა, როცა ძალის გამოყენებით მოინდომა მოსკოვის თეატრში დატყვევებული მძევლების გათავისუფლება, რასაც 120-მდე მძევლის სიცოცხლე ემსხვერპლა, და კიდევ ასობით სხვა საავადმყოფოებშია მოთავსებული და ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მათს გადასარჩენად.

მასხადოვი ამბობს, რომ არ არის და არც ოდესმე ყოფილა ტერორისტი, არამედ არის პროფესიონალი სამხედრო ოფიცერი და მისი საქმე მძევლების აყვანა კი არა, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაა. ასლან მასხადოვი დარწმუნებულია, რომ რუსი დამპყრობლები გაძევებული იქნებიან ჩეჩნეთიდან: [ასლან მასხადოვის ხმა] "ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, მაგრამ არა ტერორისტული მეთოდებით. დავგეგმავთ და განვახორციელებთ სამხედრო ოპერაციებს. უცილობლად გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ამ ჯალათებისა და მკვლელებისგან, და ამას ვერავინ აგვიკრძალავს ყოვლისშემძლე ალაჰის გარდა."

ასლან მასხადოვის აზრით, ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებით არის შესაძლებელი: [ასლან მასხადოვის ხმა] "არსებობს ერთი გონივრული, საიმედო გზა. ეს არის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა. ნებისმიერ სხვა გზას სიკვდილი, სისხლი, მძევლები მოსდევს."

სწორედ ამ შინაარსის მოწოდებებს გამოთქვამდნენ კოპენჰაგენში სამშაბათს დამთავრებული "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" დელეგატები, რომელზეც ჩვენი გადაცემის დასაწყისში უკვე გესაუბრეთ.
XS
SM
MD
LG