Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმიის დაუფინანსებლობა საქართველოს ნატოსკენ გზას უღობავს


ახალი საფინანსო წლის დაწყების წინ საქართველოს სამხედრო უწყებებმა სასოწარკვეთილ მოწოდებებს უმატეს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შემდეგ დაფინანსების საკითხებზე 31 ოქტომბერს

სამხედრო საბჭო თავდაცვის სამინისტროშიც შეიკრიბა. მაგრამ, მესაზღვრეებისგან განსხვავებით, სამხედროების თათბირს არც პარლამენტის თავმჯდომარე დასწრებია და არც ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. ამგვარმა უყურადღებობამ კი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ბიუჯეტის გაზრდის იმედი არც მომავალ წელს უნდა ჰქონდეთ. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ სამხედრო უწყებაში ადგილი აქვს სამეურნეო და საფინანსო განუკითხაობას, რის გამოც გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცხოვრებაში წელიწადში რამდენჯერმე დგება მომენტი, როცა სამხედრო საბჭოს ტრადიციულად გასაიდუმლოებულ სხდომებზე ჟურნალისტებსაც ეპატიჟებიან. ასეთ დროს, ყველამ იცის, რომ საქმე ექნებათ ჩვეულებრივ "პიართან", რომელიც, ძირითადად, ორ მიზანს ემსახურება: პოზიტიურად წარმოაჩინოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელთა საქმიანობა ანდა, საფინანსო წლის დაწყების წინ, უზრუნველყოს საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერა ახალი პროექტებისთვის. ბოლო ორ თვეში სამხედრო უწყებამ ორი ასეთი "პიარკოლეგია"მოიწვია და ორივე თავდაცვის სამინისტროს წინაშე მდგარ ფინანსურ პრობლემას ეძღვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ღია შეკრებაზე, ძირითადად, გარე ხელშემშლელ ფაქტორებზე მსჯელობენ და არა შიდა პრობლემებზე, როგორიცაა კორუფცია, სამხედრო სისტემაში ფესვგადგმული მასშტაბური სამეურნეო და საფინანსო დანაშაული, - სამხედრო კოლეგიიდან გამოსული ინფორმაცია თავის მიზანს აღწევს. საზოგადოების უდიდეს ნაწილს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი უბედურების მიზეზი მხოლოდ მწირი ბიუჯეტია, რაც შესაძლებლობას არ აძლევს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები როგორც საკუთარი პირადი შემადგენლობის, ისე საზღვარგარეთელი პარტნიორების მიმართ.

31 ოქტომბერს გამართულ კოლეგიაზე საჰაერო თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალმა დემურ ბეროზაშვილმა განაცხადა: ფინანსურმა პრობლემებმა საქართველო ნატოს ერთიანი საჰაერო კონტროლის სისტემის მიღმა დატოვაო. ეს პროგრამა კი, როგორც ცნობილია, მასში მონაწილე ყველა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საჰაერო სივრცეში მომხდარი ყველა დარღვევის შესახებ და, როგორც ჩვენს შემთხვევაშია, არ იყოს მარტო მწყემსებისა და ბინოკლით აღჭურვილი მესაზღვრეების იმედზე. ფინანსური საშუალებების უქონლობის გამო, ჯერჯერობით ხელისუფლებას ასევე არ დაუმტკიცებია უკრაინა-საქართველოს ერთობლივი პროგრამა, რომელიც ზოგიერთი სახეობის მობილური საჰაერო თავდაცვის კომპლექსის შესყიდვას და სარადარო სისტემის აღდგენას ითვალისწინებს.

საფინანსო და სამეურნეო დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ ნუგზარ ქევხიშვილის თქმით, დაპირებისა და სურვილის მიუხედავად, არაფერი შეიცვლება სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მომატების მხრივაც, ვინაიდან ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო შესაძლებლად მხოლოდ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე სამხედროების სახელფასო ფონდის დაფინანსებას მიიჩნევს.

[ნუგზარ ქევხიშვილის ხმა] "იგივე იქნება, დაემატა მხოლოდ "წვრთნა და აღჭურვაში" მონაწილეთა ხელფასები...ახლა ჩვენ ორი ბატალიონი გვყავდა და მომავალ წელს ორი ათასი კაცი დაემატება."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს უნდა შეადგენდეს. მარტივი ლოგიკით, გამოდის, რომ ამ ბიუჯეტით საქართველო დიდხანს ვერ ეღირსება ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ ლოგიკას არ არის მოკლებული არც ის მოსაზრება, რომ სამხედროებმა, ასევე, უნდა ისწავლონ რესურსების მიზნობრივი გამოყენება და არ გასწიონ ზედმეტი ხარჯი მეორე და მეასეხარისხოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG