Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია პანკისის ხეობას ეწვია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო თვენახევრის განმავლობაში ოფიციალური თბილისი მაქსიმალურად ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ მის მიერ ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობაში

ჩეჩენი მებრძოლები აღარ არიან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა, მოსკოვის მოვლენების შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოების მომიზეზებით, პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ტერორისტთა მფარველი ქვეყნებისთვის პრევენტიული დარტყმების მიყენებას. საქართველოს ხელისუფლების განცხადებათა სიმართლეში დასარწმუნებლად, 31 ოქტომბერს პანკისის ხეობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პანკისის ხეობაში ჩამოსვლა ჯერ კიდევ 25 სექტემბერს გადაწყდა, როცა საქართველოს დელეგაციის წევრებმა თავიანთ ევროპელ კოლეგებს რუსეთის ხელისუფლების ბრალდებათა აბსურდულობაში დასარწმუნებლად პანკისის ხეობაში ჩასვლა შესთავაზეს. ვლადიმირ პუტინის 11 სექტემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, თავად გარკვეულიყო, რამ დაძაბა ასე მის ორ წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და რამდენად შეეფერება სინამდვილეს კრემლის ბრალდებები, საქართველოს მიერ საერთაშორისო ტერორისტების მფარველობასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პანკისის ხეობის პირველი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მონიტორინგი არ გახლავთ. ზუსტად ერთი თვის წინათ, 30 სექტემბერს, პანკისის ხეობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სტუმრობდა. მონიტორინგის მაშინდელი შედეგი ძალზე ოპტიმისტურად ჟღერდა. მაგალითად, ირლანდიელმა კონფლიქტოლოგმა დოკ ლინჩმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეტენზიები საქართველოს მიმართ სრულიად უსაფუძვლოა და რომ პანკისის ხეობაში არაფრით არ შეიძლება რუსი სამხედროების გამოჩენა.
მართალია, ამის შემდეგ, 21 ოქტომბერს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის ბრიფინგზე შენიშნა, რომ პანკისის ხეობაში ჯერაც დარჩენილნი არიან სხვადასხვა ეროვნების მებრძოლები, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ოფიციალური თბილისი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, დასავლეთის თვალში, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვალმოხდილი იყოს.
ჯერჯერობით კი საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლები პანკისის ხეობის პრობლემაზე მუშაობას განაგრძობენ. 31 ოქტომბერს სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, პანკისის ხეობაში 46-47 უცხოელი იმალებოდეს, ჩეჩენი დევნილების საბუთებით. მათივე ვარაუდით, ეს, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ, რომელთა გამოსავლენად დიდი ხანია შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს.
სხვათა შორის, კვლავაც გაურკვეველია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ამერიკული გაზეთებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს უშიშროების სამინისტრომ დააკავა ე.წ. პანკისელი არაბების ჯგუფი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას გეგმავდა, და დაკავებულები ამერიკულ მხარეს გადასცა. ეს საკითხი კიდევ უფრო საინტერესოა ამჯერად, როცა საქართველოს ხელისუფლება პრინციპულობას იჩენს და, ევროსასამართლოს რეკომენდაციით, არ ჩქარობს რუსეთისთვის სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების გადაცემას.
XS
SM
MD
LG