Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გაერთიანებული დემოკრატები” ჩამოყალიბებას განაგრძობენ


დავით პაიჭაძე, თბილისი რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას თბილისში დაპატიმრებული ჩეჩნების ექსტრადიციის საკითხს შეეხო საქარველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია.

იგი ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ სამართალზე დაყრდნობით, პოლიტიკის ჩაურევლად უნდა გადაიჭრას [ელდარ შენგელაიას ხმა]: “არსებობს საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი. თუ საერაშორისო სამართალი მოითხოვს, რომ ასეთი აქტი მოხდეს – ის უნდა მოხდეს. აქ მოქმედებს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან გარიგება, არამედ სამართალი და, თუ სახელმწიფო ცივილიზებულია, ის მოვალეა, შეასრულოს სამართლის ძალით ნაკისრი ვალდებულებები. მე მგონი, ჩვენ - ისევე, როგორც რუსულ მხარეს - რაღაც ვალდებულებები აღებული გვაქვს. აი, ამ თვალსაზრისით უნდა გავიაზროთ ყველაფერი. ყველა სხვა მიდგომა ჩემთვის მიუღებელია”.

ელდარ შენგელაიას ვესაუბრე პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” პირველ ყრილობაზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. პარასკევს, 1 ნოემბერს, “გაერთიანებული დემოკრატები” კონვენტს იწვევენ სპორტის სასახლეში. ასე რომ, მხარდამჭერებთან, შესაძლო სამომავლო ამომრჩეველთან შეხვედრის წინ “გაერთიანებულ დემოკრატებს” ყრილობა პარტიის რიგებში მეტი წესრიგისა და ორგანიზებისთვის სჭირდებოდათ.

დამფუძნებელი ყრილობა, რომელზეც “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” პარტიის თავმჯდომარე და მმართველობის დროებითი ორგანოები აირჩიეს, ივნისის თვეში იქნა მოწვეული. პოლიტიკური პარტიები არც ისე დიდი ხანია, მიხვდნენ, რომ საქართველოს რეგიონები მათთვის, პრაქტიკულად, აუთვისებელი ნიადაგია. ამიტომაც მრავალი პარტია თბილისში მეტისმეტად აღარ აქტიურობს და თავის ძალას რეგიონალური ორგანიზაციების შექმნას ახმარს: ასე მოიქცნენ “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”, ასე იცვლის კანს “მოქალაქეთა კავშირი”, რეგიონებში გასვლას ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”. მხოლოდ რეგიონებს უმიზნებენ ახლახან შექმნილი “ნეოლიბერალებიც”. გამონაკლისი არც “გაერთიანებული დემოკრატები” არიან, მით უმეტეს, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას ორჯერადი გამოცდილება აქვს მთელ საქართველოში პარტიული მშენებლობისა: ვგულსხმობთ “მწვანეებსა” და 1993 წლის ჩამოსხმის “მოქალაქეთა კავშირს”. “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ედვარდ სურმანიძე გასული ოთხი თვის მუშაობის შედეგებს ასე აღწერს: [სურმანიძის ხმა]: “საქართველოს 68 რაიონში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები; აქედან 48-ში უკვე დაფუძნდა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციები. შეიქმნა სამეგრელოს სამხარეო ორგანიზაცია. დანარჩენ რაიონებში, ალბათ, ყრილობის მერე გავაგრძელებთ ამ პროცესს და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 1-1,5 თვეში დავასრულებთ ადგილობრივი ორგანიზაციების ფორმირებას, სამხარეო ორგანიზაციათა ჩათვლით”.

პარტიის ლიდერებს არაერთხელ მოუხდენიათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ პრინციპების დეკლარირება. ამდენად, უფრო საინტერესო შეიძლება იყოს დაკვირვება “გაერთიანებული დემოკრატების” ტაქტიკასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე. პოლიტიკით დაინტერესებული მოქალაქენი შეამჩნევდნენ, რომ ჟვანია და მისი თანაგუნდელები ინტენსიურად ეძებენ მოკავშირეებს საზოგადოებაში და საამისოდ ქართული პოლიტიკისათვის რამდენადმე ახალი ფორმები აქვთ გამონახული – იქნება ეს შეთანხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თუ ე.წ. თემატური ფორუმების ჩატარება ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და განათლების საკითხებზე. საქართველოს პოლიტიკური პარტიებისათვის ამ, ჯერჯერობით, უჩვეულო ტაქტიკური სვლების ტესტირება, მათი ეფექტის შემოწმება მოხდება 1 ნოემბერს, როცა “გაერთიანებული დემოკრატები” სპორტის სასახლეში არა მარტო პარტიის წევრებს, არამედ მხარდამჭერებს, საერთოდ, მოქალაქეებს დაელოდებიან. შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლე ჯერჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აქვს გავსებული – ისევ და ისევ “მოქალაქეთა კავშირს” 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG