Accessibility links

"ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი" კოპენჰაგენში


დანიის პოლიციის მიერ ახმედ ზაკაევის დაკავება ერთგვარი მოულოდნელობა იყო ყველასთვის,

ვინც კოპენჰაგენში "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" წინა პერიოდში თვალს ადევნებდა რუსეთ-დანიის ოფიციალურ ურთიერთობას. რუსეთის მოთხოვნა ზაკაევის, როგორც მოსკოვის დრამის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე, კოპენჰაგენმა ვეღარ უგულებელყო. აქ შუალედური პოზიციისთვის ნიშა აღარ არსებობდა.

განსხვავებული სურათი იყო რამდენიმე დღით ადრე: კოპენჰაგენში "ჩეჩნების მსოფლიო კონგრესის" ჩატარების გამო რუსეთის ხელისუფლების პროტესტს დანიის მთავრობა უეჭველად მოელოდა. ამას მოწმობს რამდენიმე მომენტი: უპირველესად ოფიციალური კოპენჰაგენის კატეგორიულობა, რაც მან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო ნოტის მიღებისთანავე გამოავლინა, უარი განაცხადა "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" აღკვეთაზე და საკუთარი ქმედება კონსტიტუციით გაამართლა; მეორე: რუსეთის ხელისუფლების მუქარას დანიაში დაგეგმილი სამიტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ დანიამ ოპერატიული გადაწყვეტილებით უპასუხა: როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ ევროკავშირ-რუსეთის ნოემბრის სამიტი კოპენჰაგენიდან ბრიუსელში გადაიტანა. მაინც რას ემსახურებოდა კოპენჰაგენის ორდღიანი კონგრესი და რატომ გამოიწვია მან ასეთი ხმაური?

დანიის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის სოციალისტ ჰოლგერ ნილსენის პროტესტი, როცა მან დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ევროკავშირ-რუსეთის სამიტის კოპენჰაგენიდან ბრიუსელში გადატანა მოსკოვისადმი მორჩილების გამოხატვად მონათლა, პოლიტიკურ ახირებას უფრო ჰგავდა. სინამდვილეში, დანიის გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიმართ საპასუხო პროტესტად შეიძლება მივიჩნიოთ. ბოიკოტის მუქარაზე დანიის ხელისუფლებამ რუსეთს უპასუხა, რომ არ დაარღვევდა კონსტიტუციას და არ ჩაერეოდა საზოგადოებრივ ინიციატივაში, ანუ ჩეჩენთა კონგრესის მომზადებაში - კონგრესისა, რომელიც დანიის მთავრობას სრულიად კანონიერად მიაჩნდა.

დანიის მთავრობა არ გახლდათ პირველი, ვინც ჩეჩენთა კონგრესის გამო მოსკოვის რისხვის ობიექტი გახდა. მაისში მსგავსი კონგრესის ჩატარება სტამბულში იყო დაგეგმილი. რუსეთს მაშინ ოფიციალური პროტესტით არ მიუმართავს თურქეთის ხელისუფლებისთვის, თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ელჩი შეხვდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ კონგრესის აკრძალვა სთხოვა. აღშფოთებას არ მალავდა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხემძღვანელი დმიტრი როგოზინიც. ასეა თუ ისე, თურქეთის მთავრობის მითითებით ჩეჩენთა კონგრესი მაისში აიკრძალა.

რუსეთის მცდელობა, ამჯერადაც შეეშალა ხელი კონგრესისთვის, უშედეგოდ დასრულდა. საინტერესოა, რა ამოძრავებთ ევროპელებს, მხარი დაუჭირონ ასეთი ღონისძიების მოწყობას, რომელიც, როგორ საზოგადოებრივ ინციატივასაც უნდა ეფუძნებოდეს, ძალზე პოლიტიკურია.
"მსოფლიოს ჩეჩენთა კონგრესის" პრეზიდენტმა დენი ტეპსმა, რომელსაც კონგრესის დამთავრებისთანავე კოპენჰაგენში დავურეკე, განაცხადა:

[ტეპსის ხმა] "ელემენტარულია, ისინი საკუთარი კონსტიტუციის დაცვით მოქმედებენ და აცხადებენ, რომ მათი კონსტიტუციით დაშვებულია ასეთი მშვიდობიანი ღონისძიების ჩატარება. სულ ეს არის. ისინი პატივს სცემენ საკუთარ კონსტიტუციას, სუვერენიტეტს და უფლებებს. თურქეთმა კი, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ამის გაკეთება. პატარა ქვეყანამ გამოავლინა საკუთარი ნება, სიმამაცე, დაიცვა კონსტიტუცია და შეიძლება ითქვას ღირსებაც"

კონგრესი ორ დღეს გაგრძელდა და მისი შედეგი გახლდათ რეზოლუცია და არაერთი ღია წერილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისადმი და, უპირველესად, რუსეთის პრეზიდენტისადმი. მის ორგანიზატორებს უდიდეს მიღწევად მიაჩნიათ ისიც, რომ ახლანდელმა კონგრესმა თავად ჩეჩნების დიდი ნდობა დაიმსახურა და სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი ჩეჩნები გააერთიანა. რაც შეეხება კონგრესის ეფექტიანობას, რა როლი შეიძლება მან ითამაშოს რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობაში? პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კონგრესის ეფექტი მხოლოდ დადებითი იქნება:

[ტეპსის ხმა] "რუსეთისა და ჩეჩნეთის მთავრობების ურთიერთობაში ამან ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს შერიგების თვალსაზრისით. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამიტომაც შევიკრიბეთ. ისევ და ისევ ვცდილობთ გარკვეული ბიძგი მივცეთ ამ პროცესს. დარწმუნებულები ვართ, რომ კონგრესი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება".

"ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ დელეგატებსაც, რომლებმაც, დენი ტეპსის განცხადებით, ვერ მოასწრეს ვიზების მიღება, რადგან, თურქეთის გამოცდილების გათვალისწინებით, კონგრესი ძალიან შეზღუდულ დროში დაიგეგმა და მომზადდა. თუმცა, კოპენჰაგენის კონგრესს საქართველოს სხვა მოქალაქეები ესწრებოდნენ:

[ტეპსის ხმა] "დიახ, აქ იყვნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები, რომლებიც სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ, მაგრამ ის, ვინც აპირებდა ჩამოსვლას, ვერშეძლეს ვიზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. მათ ვერ მოასწრეს ვიზების გაფორმება. მათ შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატები, საზოგადოების წარმომადგენლები. თუ არ მეშლება, ჩამოსვლას რვა კაცი აპირებდა".

უმთავრესი ფაქტორი, რამაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი კონგრესის მიმართ ყურადღების გამახვილებასა და ურთიერთობის დაძაბვას რუსეთისა და დანიის ხელისუფლებათა შორის, რა თქმა უნდა, მოსკოვის 23-26 ოქტომბრის მოვლენები იყო, რომელიც "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესმა" დაგმო:

[ტეპსის ხმა] "რა თქმა უნდა, ჩვენ დავგმეთ ეს ტერორისტული მოქმედება. განვაცხადეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხების გადაჭრის გზა. ჩვენ გვესმის იმ ადამიანების სასოწარკვეთილების, რომლებიც ამ ზომამდე მივიდნენ, რაც ჩეჩნეთში მიმდინარე სასტიკი ომით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგი ვართ ასეთი მიუღებელი მეთოდების. ჩვენ თანაგრძნობა გამოვუცხადეთ დაღუპულთა ნათესავებს".

ბოლო ფაქტი, რომელიც ერთდროულად კონგრესსაც უკავშირდება, მოსკოვის დრამასაც და რუსეთ-დანიის ურთიერთობასაც, დანიის პოლიციის მიერ ახმედ ზაკაევის დაკავება იყო. ამ კონკრეტული სიტუაციის განვითარება 12 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა ამოიწურება ზაკაევის წინასწარი პატიმრობის ვადა.

დანიის ხელისუფლებამ 30 ოქტომბერსვე განაცხადა, რომ ზაკაევის დაკავება მხოლოდ ინტერპოლის ეგიდით განხორციელებული ოპერაცია იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ დანიის ხელისუფლებაზე რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად.

ჩეჩნეთი რჩება საკითხად, რომელიც განაპირობებს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა ხასიათს. ჩეჩნეთთან მიმართებაში ევროპა არაერთხელ წავიდა რუსეთთან კომპრომისზე. საინტერესოა, რა მოხდება ახლა. დღესაც არჩევანის გაკეთების ჯერია.
XS
SM
MD
LG