Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებულ ჩეჩნებს რუსეთს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ვეღარ გადასცემენ


საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 5 ჩეჩენის რუსეთში ექსტრადირებით საქართველომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის იგნორირება მოახდინა.

გარდა იმისა, რომ ჩეჩნები გადასცა მხარეს, სადაც არ არსებობს ამ ადამიანების მთავარი უფლების - სიცოცხლის უფლების - დაცვის გარანტია, მათ საქართველოში დაცვის ეფექტურ საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობაც არ მიეცათ. და აი, საქართველოში დაკავებული ერთ-ერთი ჩეჩენის, გვარად ალიევის, მიერ უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპულ კონვენციასთან მიერთებით ნაკისრი ვალდებულებების თანახად, პირზე, რომელსაც საქართველოდან ექსტრადირება ემუქრება, ორმა ინსტანციამ უნდა იმსჯელოს.

მოკლედ შევეხები
იმ ისტორიას, რომელიც ზემოხსენებული პრეცედენტით დაგვირგვინდა. საქართველოში 6 თვის წინ დაკავებული ჩეჩენის, ალიევის, მიერ უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დაცვამ, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რათა ამ უკანასკნელს ალიევის რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნის კანონიერებაზე კი არ ემსჯელა, არამედ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო ამ კონკრეტული პირის საკითხის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში განხილვა.

საქმე ის გახლავთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის
თანახმად კი, პირს, რომლის მიმართაც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ექსტრადირების მოთხოვნა დგება, ნება აქვს ისარგებლოს დაცვის უფლებით და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ორ ინსტანციაში გაასაჩივროს: ჯერ - ქვედა ინსტანციაში, შემდეგ კი - უმაღლეს ინსტანციაში, ანუ უზენაეს სასამართლოში. ალიევის ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიერ ალიევის საქმის წარმოებაში მიღება არამართებული იყო, რომ ამ საქმზე ჯერ ქვედა ინსტანციაში უნდა ემსჯელათ. ამ პრეცედენტს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” იურისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ - მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში ექსტრადირების არასამართლებრივი პროცესის აღკვეთა დაიწყო. თბილისის ნომერ მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში მყოფი ჩეჩნების ადვოკატის მაკა ძამუკაშვილის თქმით:

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] “დღეის ამას იქით ნებისმიერ ადამიანს, რომლის ექსტრადირების საკითხი დადგება და რომლის მიმართაც გენერალური პროკურატურა გამოიტანს ექსტრადირების გადაწვეტილებას, საშუალება მიეცემა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მინიმუმ, ორ ინსტანციაში: ჯერ - მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, შემდეგ კი - უზენაეს სასამართლოში.”


ამ ფაქტის გათვალისწინებით, ადვოკატები ფიქრობენ, რომ თბილისის მეხუთე იზოლატორში დარჩენილი 8 ჩეჩენის მიმართ ვეღარ განხორციელდება ისეთი უკანონობა, როგორსაც ამჯერად სტავროპოლის ციხეში მყოფი 5 ჩეჩენის მიმართ ჰქონდა ადგილი. აქვე უნდა ითქვას, რომ, რუსეთიდან მიღებული საგარანტიო წერილის მიუხედავად, რომლითაც რუსეთის მხარემ ამ ადამიანების სიცოცხლისა და სხვა უფლებების დაცვა ივალდებულა, ექსტრადირებული ჩეჩნების შესახებ მათმა ახლობლებმა არაფერი იციან. შეგახსენებთ, მათი რუსეთისთვის გადაცემა 40 წუთით ასცდა სტრასბურგიდან შეტყობინების მოსვლას. ამ შეტყობინებით, ევროპის სასამართლომ საქართველოს ჩეჩნების ექსტრადირების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა და ამის მიზეზიც ჩეჩნების საქმით ქართველი ადვოკატების აქტიური დაინტერესება იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ ჩეჩნების ექსტრადირების გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში გაასაჩივრა. ის დარწმუნებულია, რომ 5 ჩეჩენის ექსტრადირების გამო სტრასბურგში საქართველოსაც გაამტყუნებენ და რუსეთსაც. აქვე შევნიშნავთ, რომ ევროპის სასამართლო რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩადენილ უმსგავსობებთან დაკავშირებულ საქმეებსაც სწავლობს. მათგან განსხვავებით, საქართველოდან მიღებული სარჩელი სასწრაფოდ განსახილველ საქმეთა რიგში მოხვდა.

[ლია მუხაშავრიას ხმა] “ეს იყო გადაუდებელი ღონისძიება და სასამართლომ პირველ რიგში დაიწყო მასზე მუშაობა. ეს იქნება პრეცედენტი, როცა საქართველოს მთავრობაც წააგებს და რუსეთის მთავრობაც. ჩეჩნების ექსტრადირების საქმე გამოცხადდება უკანონოდ და ჩეჩნები გამოცხადდებიან მართლებად. “

ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოდან ექსტრადირებული 5 ჩეჩენის გათავისუფლების მოთხოვნა წაეყენება. მაგრამ რას იზამს ასეთ შემთხვევაში რუსეთი, ძნელი სათქმელია. საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების წინააღმდეგ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შეთხზული ბრალდებები ქართველი ადვოკატების გაოცებას იწვევს. მათში ფიგურირებს გვარები, რომლებიც დაკავებულმა ჩეჩნებმა საქართველოს ტერიტორიაზე დაირქვეს. ამას გარდა, ყველას ერთნაირი ბრალდებები აქვს წაყენებული. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელზეც დასაწყისში გვქონდა საუბარი, წარმოშვა იმედი, რომ რუსეთის ხელში მოხვედრილი მსხვერპლის ბედს თბილისში დარჩენილი ჩეჩნები მაინც არ გაიზიარებენ. რუსეთში მათი შესაძლო ექსტრადირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, 31 ოქტომბრის ღამე ქართველმა ჟურნალისტებმა იზოლატორის შესასვლელში გაათენეს.
XS
SM
MD
LG