Accessibility links

logo-print

რა სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები ჩამოყალიბდა საქართველოში ბოლო 6 თვის მანძილზე


საქართველო-რუსეთის დაძაბულმა ურთიერთობამ და მასთან გადაჯაჭვულმა ჩეჩნეთის პრობლემამ საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სიმწვავე გადაწონა.

ქვეყნის ხელისუფლების ყურადღებაც, ძირითადად, სწორედ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე იყო გადატანილი და ბოლო თვეების მანძილზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება თვითდინებით მიედინებოდა და მიედინება.

რაც უფრო ახლოვდება წლის ბოლო, ბიუჯეტის შეუსრულებლობის თემა მით უფრო აქტუალური ხდება, თუმცა მთავრობას თითქმის არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ყოველწლიურ პრობლემად ჩამოყალიბებული ეს სისუსტე - ბიუჯეტის შეუსრულებლობა -დაეძლია. არადა, საქართველოში თვითდინებაზე მიშვებული ეკონომიკა, მართალია, დაბალი ტემპით, მაგრამ, ძალაუნებურად, მაინც ვითარდება. ამას მოწმობს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,1 პროცენტიანი ზრდა, რაც, მიმდინარე ფასებში, 5,3 მილიარდ ლარს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე განმარტავს და იქვე იმ ბაზაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის ათვისებაც, არათუ 1 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის შესრულების, არამედ მისი ზრდის საშუალებასაც იძლევა.

[თემურ ბერიძის ხმა] „სტრუქტურაში მთლიანი შიდა პროდუქტის წამყვანი პოზიცია უკავია სოფლის მეურნეობას. ის გახლავთ 19,5%. მშენებლობაში ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ვითარდება ამ სფეროში არაფორმალური სექტორის საქმიანობაც, რომლის წილი დარგის პროდუქციის მესამედს აღწევს. ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა თბილისში განლაგებული სილამაზის სალონების შესახებ და უნდა გითხრათ, რომ ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაცია და რეალური მდგომარეობა ბრუნვა 6-ჯერადია განსხვავება.“[სტილი დაცულია]

არანაკლები სხვაობაა რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტების მიერ ოფიციალურად ნაჩვენებ და რეალურ კაპიტალბრუნვას შორის. სხვა, მეტ-ნაკლებად წარმატებული, ბიზნესის ჩრდილოვანი მხარე 35 პროცენტამდე მერყეობს, რაც საგადასახადო სამსახურებს მოქმედების ფართო არეალს აძლევს.

თუმცა საგადასახადო უწყებები იმით იმშვიდებენ თავს, რომ გეგმას ხან 98, ხანაც 101 პროცენტით ასრულებენ და საფინანსო გეგმის შეუსრულებლობას არასაგადასახადო შემოსავლებს აბრალებენ. ამ ტიპის შემოსავლები, ძირითადად, იმ უცხოური ორგანიზაციების მოწყალებაზეა დამოკიდებული, რომელთა მიერ წამოყენებულ პირობებს საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე ვერ აკმაყოფილებს.

თემურ ბერიძე, ჩრდილოვან ეკონომიკაზე დაკვირვების შედეგად, იმ საშიშ ტენდენციაზე მიანიშნებს, რომელიც ქართული საზოგადოების უკურნებელ სენად იქცა.

[თემურ ბერიძის ხმა] „დაუკვირებადი ეკონომიკის წილი საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო სექტორში 50%-ს აჭარბებს, ნახევარზე მეტი. თუ შევადარებთ წინა წლებს, თვითონ ეს წილი არ მცირდება და არც იზრდება, გარკვეული სტაბილური ხასიათიც მიიღო და ეს, ჩემის აზრით, საგანგაშოა, იმდენად, რამდენადაც ხდება არაფორმალური გარიგებები ეკონომიკურ და მეურნე სუბიექტებს შორის და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის და ეს, გარკვეულ წილად, სტაბილური ხასიათი ჩრდილოვანი ეკონომიკის არის ძალზედ საგანგაშო.“[სტილი დაცულია]

ამ მანკიერი ტენდენციის შედეგია ისიც, რომ ბიზნესის მხოლოდ ის სფეროები განიცდის შედარებით აღმასვლას, რომელიც ყველაზე კარგად ერგება ჩრდილოვანი ეკონომიკის წესებს. მაგალითად, ფართოდ ვითარდება საფინანსო შუამავლების საქმიანობა, მარტივად რომ ვთქვათ, სალომბარდე მომსახურება, მაშინ, როდესაც საბანკო კრედიტებით მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება და ხდება მისი, ეგრეთ წოდებული, დოლარიზაცია, ანუ სულ უფრო იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ეს კი ქართული ეკონომიკის მდგომარეობის მარტივი ინდიკატორია.
XS
SM
MD
LG