Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საქართველო ნატოში”-შეიქმნა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია


პრაღის “ნატოს” სამიტის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მოძრაობა სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

განსაკუთრებით აქტიურობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც “ნატოსთან”ასოცირებულ ათამდე ორგანიზაციას მოიცავს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა “საქართველო-ნატოში”, ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი კი “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”. შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ისტორიული სამიტის წინა პერიოდი საქართველოში სწორედ მათ მიერ ორგანიზებული პროპაგანდისტული საქმიანობით გამოირჩევა-პროპაგანდის ობიექტები კი თანაბრად არიან როგორც მოსახლეობა, ისე ხელისუფლება.

საქართველოს ნატოში ასოცირების საკითხი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, იმ თვალსაზრისით, რომ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ნაკლებად ოპონირებს და უშურველად სთავაზობს თანამშრომლობას-შეგახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაცია პრეზიდენტ შევარდნაძეს მოუწოდებს, პრაღის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს. დეკლარაციის ინიციატორთა შორის იყო ჩვენს მიერ უკვე ნახსენები “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, რომელიც 1 ნოემბერს ამჯერად უკვე პარლამენტარებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრაზე ელიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს. “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ხელმძღვანელი არჩილ ოსაძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს “ნატოსთან” ასოცირების უახლოესი პერსპექტივების არასამთავრობო სექტორის გეგმებთან შეჯერება, კონსენსუსის იდეის რეალიზებას უფრო გააიოლებს.
სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პრობლემა განსხვავებულ სიბრტყეშია ორგანიზაციისთვის-“საქართველო ნატოში”, რომლის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის 16 წევრიდან 10 საქართველოს პარლამენტის წევრია, ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე”, დავით გამყრელიძე. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ ნატოსთან ასოცირებისათვის საგანგებოდ ჩამოყალიბებული უახლოესი მიზნების განხორციელება ამ ჯგუფისთვის რთული არ უნდა იყოს. გამოვყობთ საქართველოს პარლამენტის 13 სექტემბრის დადგენილების განხორციელების მონიტორინგსა და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ლობირებას. რაც შეეხება საზოგადოებასთან მუშაობას,
[დავით გამყრელიძის ხმა]-“პირველი, რასაც ალბათ გააკეთებს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, და მე ვფიქრობ რომ ის მოახერხებს გარკვეული თანხების მობილიზაციას, როგორც ბიზნეს-წრეებში, ისე უცხოური დაფინანსების წყაროებიდან, რომ შეიქმნას საქართველოში და თბილისში, პირველ რიგში, ძალიან სერიოზული დოკუმენტური ცენტრი ნატოსთან ერთად, სადაც ექნება ყველა მოქალაქეს, მიიღოს სრული ინფორმაცია, რა არის ნატო, როგორ შეიქმნა, რა ისტორია გააჩნია, რა სტრუქტურები მუშაობს”.
მოგეხსენებათ, პრაღის 21-22 ნოემბრის ნატოს ქვეყნების სამიტზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოც გახდება. ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ალდრიუს ბუტკიავიჩუსი სწორედ ამ ნიშნით შევიდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოში-მისი პირველივე რჩევები ორგანიზაციისთვის-“საქართველო-ნატოში” სიცხადითა და ანგარიშგასაწევი სიმარტივით გამოირჩევა-დაარწმუნეთ საქართველოს უახლოესი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონის უსაფრთხოების ტოლფასია, აუხსენით საკუთარ მოსახლეობას, რომ ნატოში მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ ერთიანდებიან და ბოლოს, დაარწმუნეთ თანამემამულენი, რომ ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკი კი არა, სრულიად ახალი მშვიდობისმოყვარე სტრუქტურაა.
XS
SM
MD
LG