Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი დასასრულს მიუახლოვდა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ფაქტების შემსწავლელი დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში, თბილისსა და პანკისის ხეობაში 2 ნოემბერს დასრულდება.

ამ დროისათვის უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ დელეგაციამ საქართველოში ამოწურა თავისი პროგრამა. პანკისის ხეობის დათვალიერების გარდა, ევროსაბჭოს ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალოვან მინისტრებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს. საგულისხმოა სამუშაო პროგრამის არაოფიციალური ნაწილიც: დეპუტატ ელენე თევდორაძის მოთხოვნით, ევროსაბჭოს ექსპერტები ციხის საავადმყოფოში ჩეჩენ პატიმარს გაესაუბრნენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტთა ჯგუფის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩენი მოქალაქეების რუსეთში ექსტრადიციის საკითხი კიდევ ერთხელ გამწვავდა. 31 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში სიტუაცია საბოლოოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ 8 ჩეჩენი მოქალაქის რუსეთისათვის გადაცემის საკითხი იმ შემთხვევაში გახდება აქტუალური, თუ რუსული მხარე მათი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში ბრალეულობის დამადასტურებელ დამატებით მასალებს წარმოადგენს. ორთაჭალის ციხეში პატიმარ რობინზონ მარგოშვილთან შეხვედრაზე მისულმა ექსპერტებმა მას ერთი ბანალური შეკითხვა დაუსვეს: სად ისურვებდა იგი ყოფნას - რუსეთსა თუ საქართველოში. პატიმარმა მარგოშვილმა ევროსაბჭოს ექსპერტებს კატეგორიული პასუხი გასცა. ამ პასუხის მიხედვით, მას საქართველოში სამუდამო პატიმრობა ურჩევნია რუსეთში თავისუფლებას. რობინზონ მარგოშვილი, იგივე თესოევი, ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გენერალური პროკურატურა საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს. ამის დასტურად, თავად მარგოშვილი ევროსაბჭოს ექსპერტებს მხოლოდ ქართულ ენაზე ესაუბრა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, ლოგიკის მიხედვით, პატიმართა იდენტიფიკაციისა და, საერთოდ, ექსტრადიციის საკითხებზე უნდა იმოქმედოს. თუმცა, მეორე მხრივ, ნათელია, რომ ევროსაბჭოს ექსპერტთა დელეგაციაში მყოფი რუსული ეროვნების ადამიანები დიდი ჰუმანურობით არ გამოირჩევიან. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა იური შარანდინმა, ფაქტობრივად, არადამაკმაყოფილებლად შეაფასა ევროსაბჭოს ექსპერტთა საქმიანობა, როცა აღნიშნა, რომ დელეგაციამ პანკისის ხეობის დათვალიერება ვერ შეძლო. სულ სხვა მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ელენე თევდორაძე, რომელიც, რასაკვირველია, უკეთ იცნობს პანკისის ხეობას, ვიდრე იგივე შარანდინი.
[ელენე თევდორაძის ხმა] “ამ ექსპერტთა ჯგუფს აინტერესებს, რამდენად არის მომზადებული ეს ინფრასტრუქტურა. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ტყეებში და მთებში ძებნა ბანდიტებისა - ეს იყო მთავარი. მართლა ეს არის ვირტუალური ოპერაცია, როგორც რუსეთის მხარემ და, კონკრეტულად, ბატონმა იასტრიჟემსკიმ შეხვედრის დროს გვითხრა, თუ ეს არის რეალური, ნამდვილი, ასე ვთქვათ, მოქმედება.”[სტილი დაცულია]
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ექსპერტთა მიერ თბილისსა და პანკისში მოკვლეული მასალებისა და დასკვნების საჯაროობა ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია. ამდენად, ძნელია იმის თქმა, რა მიმართულებით წარიმართება პანკისის პრობლემაზე მსჯელობა 2003 წლის იანვრის ბოლოს. ამ დროისათვის გაიმართება სწორედ ევროსაბჭოს სესია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს ახალ რეკომენდაციებს შესთავაზებს. მანამდე კი ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება სექტემბრის სესიის გადაწყვეტილებები, რომლითაც ევროსაბჭომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებების განხორციელებისგან თავის შეკავება განუსაზღვრა, საქართველოს კი - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG