Accessibility links

logo-print

თურქეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას 3-მ ნოემბერს თურქეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ისეთი ეკონომიკური რეცესიის ფონზე, რომლის მსგავსი ამ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.



არჩევნები ნაადრევია. ის 2004 წლის აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ბულენტ ეჯევიტის ჯანმრთელობის თაობაზე გამოწვეულმა არეულობამ დააჩქარა მოვლენები.

ბევრი ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც წელიწადნახევარია გრძელდება, 77 წლის ვეტერან-პოლიტიკოს ეჯევიტს ადანაშაულებს და კვირის არჩევნებში ის, როგორც ჩანს, პირველი მსხვერპლი იქნება.

ორშაბათს ეჯევიტმა მისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ, ალბათ, უახლოეს დღეებში გადადგება მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერობიდან და, ფაქტობრივად, დაამთავრებს თავის 50-წლიან პოლიტიკურ კარიერას.

მემარცხენე დემოკრატიული პარტია 1999 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი საპარლამენტო ჯგუფი გახდა. ეჯევიტის კრიტიკის მომძლავრების შედეგად ჯგუფის კანონმდებელთა ნახევარზე მეტმა – 128 დეპუტატმა – უარი თქვა პარტიის წევრობაზე და მათი უმრავლესობა გადავიდა გასულ აგვისტოში შექმნილ "ახალი თურქების" პარტიაში, რომლის ლიდერია ყოფილი მემარცხენე დემოკრატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ისმაილ ჩემი.

სულ არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მხოლოდ ორ მათგანს უწინასწარმეტყველებს პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი 10 პროცენტიანი ზღურბლის გადალახვას.

ერთ-ერთი მათგანია ზომიერი ისლამური მიმართულების სამართლიანობისა და პროგრესის პარტია, თურქული აბრევიატურით "აკრ"-ი, რომლის აკრიმონი "თეთრს" ან "სუფთას" ნიშნავს, რითაც ძალიან ამაყობს პარტიის ლიდერი, სტამბოლის ყოფილი მერი რეჯეპ ტაიიპ ერდოგანი.

მეორეა დენიზ ბაიკალის სეკულარული სოციალ –დემოკრატიული მიმართულების რესპუბლიკური სახალხო პარტია.

მას შემდეგ, რაც სამართლიანობისა და პროგრესის პარტია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცა, ერდოგანი ცდილობს თურქეთის ისლამური ძველი გვარდიისგან დისტანცირებას, ისლამური იარლიყის მოშორებას და კონსერვატულ ცენტრისტად დამკვირებას.

"აკრი", რომლის პოპულარობას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა არეულ-დარეულობამ და უმუშევრობის მაღალმა დონემ, თავის წინასაარჩევნო პლატფორმად გაჭირვებულთათვის სოციალურ დახმარება აირჩია. ის აგრეთვე პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი პარტია პროდასალურ პოლიტიკას გაატარებს და თურქეთის ევროპის კავშირში შეყვანას შეეცდება.

მაგრამ მიუხედავად მისი პროდასავლური რიტორიკისა, ბევრი სეკულარისტი და მათ შორის ქვეყნის გავლენიანი გენერალიტეტი, რომელმაც ხუთი წლის წინათ მოახერხა ქვეყნის პირველი პროისლამური პრემიერ-მინისტრის ჩამოგდება, ერდოგანს თურქეთის რესპუბლიკური ფასეულობების შებღალვაში ადანაშაულებს.

სექტემბერში უზენაესმა საარჩევნო კომისიამ ერდოგანს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა მისი ანტისეკულარული საქმიანობისთვის.1998 წელს მას 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს პოემის საჯაროდ დეკლამაციისთვის, რომელიც სეკულარული ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებად გაისმოდა.

დაიშვება თუ არა ერდოგანი არჩევნებში, ეს უნდა გადაწყიტოს კონსტიტუციურმა სასამართლომ, რომლის სხდომა პარასკევს არის დანიშნული, როცა საარჩენო უბნების გახსნამდე 48 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი. ერდოგანს კორუფციაშიც ადანაშულებენ.

მისი მოქიშპე "რესპუბლიკური სახალხო პარტია" ამ სიტუაციას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. "ჩვენი სახელი არ ნიშნავს "სუფთას" მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს თავმოსაჭრელი. "აკრის" გენერალური მდივნის წინააღმდეგ 15 კორუფციული საქმეა გახსნილი და ის ვერაფერში ვერ იმართლებს თავს და მაინც იჩემებს, რომ მისი პარტია "სუფთაა", თქვა სახალხო პარტიის ლიდერმა ბაიკალმა.

ბაიკალის რესპუბლიკური სახალხო პარტია, თანამედროვე თურქეთის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის კანონიერი მემკვიდრე, წინა საპარლამენტო არჩენებში ყველაზე წარუმატებელი იყო და პარლამენტში ერთი დეპუტატიც კი ვერ გაიყვანა.
ახლა, როგორც აღვნიშნეთ, ბაიკალის რესპუბლიკური სახალხო პარტია და ერდოგანის სამართლიანობისა და პროგრესის პარტია ის ორი ჯგუფია, რომელთაც 10 პროცენტიანმ ზღურბლის გადალახვას ჰპირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
XS
SM
MD
LG