Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია თუ არა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება საქართველოში?


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხუთშაბათის სხდომამ ორი რამით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: რუსმა პარლამენტარებმა მიიღეს საკანონმდებლო შესწორება,

რომელიც ამიერიდან მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს სპეცოპერაციების გაშუქებას უკრძალავს. გარდა ამისა, დუმის წევრებმა საკომიტეტო სხდომაზე მოამზადეს სპეციალური გეგმა, რომელიც საიდუმლო ხასიათისაა და საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ანტიტერორისტული მიმართულებით მოქმედებას გულისხმობს. თუ პირველ შემთხვევაში საქმე რუსეთის შიდა პრობლემას ეხება, რუსეთის ანტიტერორისტული გააქტიურება საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობას ჰგავს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში თავს იმით იმშვიდებენ, რომ, დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რუსი სამხედროები რაიმე სერიოზულ სამხედრო ოპერაციას საქართველოში ვერ ჩაატარებენ.


ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყველა ძალითა და საშუალებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. ამასთან, რუსეთის ხელისუფალს მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, შევიდოდნენ თუ არა რუსული ანტიტერორისტული მოქმედების ზონაში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც ტერორისტული ვირუსი, თავის დროზე, სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან შეიჭრა. მიუხედავად ამისა, მეზობელი ქვეყნის ლიდერის მრისხანე განცხადების პირველსავე წუთებში საქართველოში გაჩნდა ეჭვი, რომ პუტინმა "ყველაში" საქართველოც იგულისხმა.

ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთბაშად ორი კომიტეტის მიერ 31 ოქტომბერს მომზადებული გეგმის პროექტმა, რომელიც საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას, საჭიროების შემთხვევაში, სერიოზული ანტიტერორისტული მოქმედების განხორციელებას ავალდებულებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური ხაზით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "გუშინ რამდენიმე კომიტეტი ერთობლივად ატარებდა მოსმენას, თუმცა მათი საბოლოო გადაწყვეტილება ჩემთვის ცნობილი არ არის. ის წინასწარი ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა, რომ თითქოს ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებმა აქტიურად განახორციელონ ანტიტერორისტული საქმიანობა, - იმედი მაქვს, რომ ამ ფორმით მაინც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. იმიტომ რომ, ეს გადაწყვეტილება ვერანაირ იურიდიულ და სამართლებრივ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჩაჯდება."(სტილი დაცულია)

გარდა იმისა, რომ რუსი დეპუტატების მოფიქრებული ეს გეგმა სრულიად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის შეზღუდული კონტინგენტი სრულიად გამოუსადეგარია ანტიტერორისტული საქმიანობისთვის. "საქართველოში არსებული რუსეთის ბაზების დღევანდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ მათ შეუძლიათ რაიმე აქტიური კონტრტერორისტული მოქმედებები ჩაატარონ, " განაცხადა სააგენტო კავკაზ-პრესთან საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ. არსებული შესაძლებლობით ამგვარი ამოცანის გადაჭრას არარეალურად მიიჩნევს რუსეთის ჯარების დაჯგუფების პრესმდივანი, პოლკოვნიკი ალექსანდრ ლუცკევიჩი, რომელმაც რადიო “თავისუფლებას" უთხრა, რომ ამგვარი გეგმა რუს სამხედროებს არ მიუღიათ.

[ალექსანდრ ლუცკევიჩის ხმა] "ჩვენ არ ვართ მოწოდებული ანტიტერორისტული საქმიანობისათვის და არ გვყავს შემადგენლობაში ასეთი ქვედანაყოფები. ჩვენ ჩვეულებრივი საერთო საჯარისო ნაწილები გვყავს. ასე რომ, რას მოვიმოქმედებთ, თუ მოსკოვიდან ასეთ გეგმას მივიღებთ, ეს მხოლოდ ჰიპოთეზების სფეროა."

მოსაზრებას, რომ რუსეთს არ ჰყავს საქრთველოში სპეციალურად გაწვრთნილი ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, ბევრი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ეთანხმება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოფიციალური რუსეთი ჩეჩნეთში მიმდინარე შვიდწლიან ომსაც ასევე ანტიტერორისტულ კამპანიას უწოდებს. სინამდვილეში კი ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ყველა სახეობის სამხედრო ძალა გამოიყენება. ამიტომ სანამ დუმაში შემუშავებული გეგმის ყველა დეტალი არ გახდება ცნობილი, ამ ისტორიაში წერტილის დასმა მაინც ნაადრევია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG