Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანანამოს ბანაკის ზოგიერთი პატიმარი ომის ტყვის სტატუსის მოპოვებას ცდილობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების თქმით, ის გუანტანამოს პატიმრებს – თალიბანისა და ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილებს – ეპყრობა ისე, თითქოს ისინი ომის ტყვეები იყვნენ.

ამავე დროს, ვაშინგტონი მათ ამ სტატუსს არ ანიჭებს და არაკანონიერ მებრძოლებად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი არ იცავდნენ საომარი კონფლიქტების წესებს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება იქნენ დაკავებული განუსაზღვრელი დროით, მათთვის ბრალდების წარდგენის გარეშე.

გუანტანამოს ბანაკში დაკავებულ 600 პატიმარს შორის ორი ფრანგი მოქალაქეა: 21 წლის ნიზარ სასი და 22 წლის მურად ბენ ჩელალი. სექტემბერში მათმა ოჯახებმა საფრანგეთის სასამართლოში ამ პატიმრებისთვის ომის ტყვის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ხუთშაბათს ფრანგმა მოსამართლემ ჟან-პიტერ მარკუსმა განაცხადა, რომ სტატუსის დადგენა მის კომპენტენციაში არ შედის.

ჟენევის კონვენციით, იმისთვის რომ დაკავებული ომის ტყვედ იქნეს აღიარებული, 4 პირობაა საჭირო: ჯგუფში რომელსაც ის ეკუთვნის უნდა იყოს სამეთაურო სუბორდინაცია; ის უნდა ატარებდეს უნიფორმას ან სხვა რაიმე განმასხვავებულ ნიშანს; ატარებდეს ირაღს დაუფარავად და ემორჩილებოდეს ომის წესებს.

და თუ თალიბანის მეომრები, დიდი გაჭირვებით, შეიძლება რეგულარული არმიის ჯარიკაცებად ჩაითვალონ და, ამგვარად, კვალიფიცირებულ იქნენ როგორც ომის ტყვეები, ალ-ყაიდის მებრძოლები აშკარად არ აკმაყოფილებენ ხსენებულ ოთხ კრიტერიუმს. ფრანგი ახალგაზრდების ოჯახებმა აღიარეს, რომ ბიჭები იმყოფებოდნენ ავღანეთში, თუმცა, არ არის ცნობილი, რას აკეთებდნენ იქ.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ოჯახები მოიგებენ საქმეს სააპელაციო სასამართლოში, ეს შეერთებულ შტატებზე დიდ შთაბეჭდილებას არ მოახდენს. როგორც აღნიშავს კოლინ უორბრიკი, საერთაშორისო სამართლის ბრიტანელი სპეციალისტი, ასეთ საკითხებში ერთიანი საერთაშორისო აზრი არ არსებობს.

[უორბრიკის ხმა] "კონვენციების გარშემო არ წარმოებს დისპუტები მათი პირობების შესრულების მექანიზმის თაობაზე. ისე, რომ თუ საფრანგეთის სასამართლო მიიღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, და კონვენციებს მოიშველიებს, ამერიკელებმა შეიძლება თქვან: "ჩვენ ეს სხვაგვარად გვესმის, არსებობს აზრთა სხვაობა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის."

ჯერჯერობით არც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს გამოუთქვამს სურვილი, გადაჭრას ეს საკითხი. სწორედ ეს კომიტეტი ახორციელებს ზედამხედველობას ხელშეკრულებაზე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ერთ-ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე რომელიც ეხება დაკავებულთა უფლებებს.

მხოლოდ ფრანგები არ აქტიურობენ ამ სფეროში. გუანტანამოში დაკავებული ბრიტანელი მოქალაქის დედამ ბრიტანეთის მთავრობას სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ის არ ცდილობს ამ ქალის ვაჟისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენას.

ქუვეითის 12-მა მოქალაქემ აგრეთვე დაიწყო სასამართლო პროცესი მათი დაკავების გამო. ისინი ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდენ, როცა ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გადაკვეთისას ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააკავეს დაკავებისთვის ჯილდოს მიღების მიზნით.

და კიდევ, ოთხშაბათს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლინჰმა მოითხოვა შეერთებული შტატებისგან, ან წარმოადგინოს სამხილი გუანტანამოს ბაზაზე დაკავებული შვედი მოქალაქის წინააღმდეგ, ან გაათავისუფლოს იგი.

გუანტანამოს ყურის ბაზაზე დაკავებულთა საქმეები არ არის გაყინული. გასულ კვირაში ოთხი მათგანი გაათავისუფლეს და პაკისტანსა და ავღანეთში დააბრუნეს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, რომ ასეთები კიდევ იქნებიან.
XS
SM
MD
LG