Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პროგრამა ქართული მედიისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი საგრძნობი ნაწილი საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, არაერთი წელია, ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამას ქართული მასმედიის

მხარდაჭერისა და განვითარებისათვის. მათ რიცხვს ამიერიდან შეემატება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია IREX (აირექს-ი) – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო, რომელიც ასევე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოში, მაგრამ მედიაპროგრამის ამოქმედებას მხოლოდ 2002 წელს იწყებს. ეს იქნება სამწლიანი პროგრამა, რომლის ზოგიერთი მიმართულება განსხვავებულია საქართველოში აქამდე განხორციელებული მედიაპროექტებისაგან. ეს განსხვავება აქტუალურია და, საბოლოო ჯამში, სასარგებლო უნდა გამოდგეს ქართული ჟურნალისტიკისთვის. აირექს-ის პროგრამის პრიორიტეტებზე პროექტის ხელმძღვანელს ბობ ევანსს ვესაუბრე.

მედიაპროექტები ერთმანეთს აბსოლუტური სიზუსტით არასოდეს იმეორებენ, მაგრამ IREX-ის არჩევანი, ვფიქრობთ, მრავალფეროვნების ფონზეც გამორჩეულია. მასმედიის განვითარების ისტორია დამოუკიდებელ საქართველოში აჩვენებს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, მედიაბიზნესი ვერ იქცა წარმატებულ ბიზნესად. სერიოზულ მედიას საარსებოდ ხშირად ფინანსური დოტაცია ესაჭიროება, რომელსაც მის მფლობელთა ბიზნესსაქმიანობის სხვა მიმართულებებიდან იღებს. აღარაფერს ვამბობთ შესაძლო არალეგალური შემოსავლების შესახებ, რომელთა წყარო თანაბრად შეიძლება იყვნენ როგორც ბიზნესსექტორის, ისე პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. IREX-ის წარმომადგენლობა თბილისში (მას, წესისამებრ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს), მედიაპროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრისას, უთუოდ ითვალისწინებდა ქართული მედიის ამ გამოცდილებას. პროექტის ხელმძღვანელის ბობ ევანსის თქმით [ევანსის ხმა]: “ჩემი აზრით, განსხვავება ამ და ყველა სხვა პროგრამას შორის ის გახლავთ, რომ ჩვენ ბიზნესს ვუთმობთ მეტ ყურადღებას: არა მხოლოდ შრომის ორგანიზაციასა და მენეჯმენტს, არამედ საქმიანობის დაგეგმვასა და სტრატეგიას. საჭიროა ცოდნა, როგორ გაყიდო და გაავრცელო შენი პროდუქცია, გნებავს გაზეთები, გნებავს მაუწყებლობის, ტელევიზიის პროდუქტი”.

IREX-ი აპირებს, სამწლიანი მედიაპროგრამის ფარგლებში, ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება გაუწიოს შემდეგ სამუშაო მიმართულებებს: ტელევიზიისა და რადიოგადაცემების ყოველდღიური რეიტინგის დადგენა-შემუშავება; ბეჭდვითი მედიის სარეკლამო ბაზრის კვლევა; გაზეთების სადისტრიბუციო სისტემის მარკეტინგული შესწავლა; ფოკუსჯგუფების სერიული მუშაობა მედიაეთიკის საკითხებზე.

ბობ ევანსი განსაკუთრებით აღნიშნავს გადაცემათა სანდო რეიტინგის აუცილებლობას. მაყურებლისა თუ მსმენელის დამოკიდებულებათა კვლევა და ცოდნა, მისი აზრით, დემოკრატიის მოქმედების ერთ-ერთი პირობაა. - მე ათი წელია ვმუშაობ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მინახავს ბევრი ბრწყინვალე ჟურნალისტი, კარგი მენეჯერი, მაგრამ თითქმის არავინ იცის, როგორ გაიგოს ხალხის აზრი მედიაპროდუქციაზე და როგორ გაითვალისწინოს ის ამ პროდუქციის მომზადებისას. კარგად არავის ესმის, რომ აუდიტორიამ უნდა გიკარნახოს, რა გაუშვა ეთერში. მედიაორგანიზაციებში სარეიტინგო სისტემის არსებობა საშუალებას იძლევა, იმოქმედოს დემოკრატიამ და მაყურებელსაც არჩევანი ჰქონდეს: ის მისცემს ხმას გადაცემას, რომელიც სჭირდება და აინტერესებს, - განმიცხადა ბობ ევანსმა.

სარეკლამო ბაზრის კვლევაზე საუბრისას ევანსმა მითხრა, რომ ამ სფეროში ზუსტი მონაცემების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამის მიმწოდებლისათვის. სულ ცოტა, 6 მსხვილი კომპანია დღეს თავს იკავებს საქართველოში დიდი სარეკლამო ხარჯებისაგან, არადა სანდო ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, სარეკლამო ხარჯები რამდენჯერმე გაზარდონ, ანუ საქართველოში მეტი ფული დახარჯონ. გასაგებია, რომ ამ ფულს, უწინარესად, ქართული მედია მიიღებს.

ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ IREX-ი შეეწევა მედიაბიზნესში დასაქმებულ სოციოლოგებს, რეკლამის მენეჯერებს, გამავრცელებლებს, მოკლედ, ყველას, ჟურნალისტების გარდა. ბობ ევანსის თქმით [ევანსის ხმა]: “ჩვენ ჟურნალისტებთანაც ვმუშაობთ, ჩავუტარებთ მათ ტრენინგებს, ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტთან, მაგრამ ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჟურნალისტებს სამომავლოდ კარგი სამუშაოს პოვნაში, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს ძალიან ცოტას უხდიან. თუ ჩვენ შევძლებთ, ხელი შევუწყოთ ძლიერი მედიასექტორის შექმნას, რომელიც კარგ ფულს გააკეთებს, ვფიქრობ, უკეთესი ჟურნალისტებიც გამოჩნდებიან”.

IREX-ი ორიოდ კვირაში იწყებს მრავალმხრივი პროგრამის განხორციელებას: პირველად ის სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტებიდან, გაზეთებიდან თუ ტელევიზიიდან ტრენინგებს მედიის კვლევის მეთოდოლოგიაში, ცოტა მოგვიანებით, ნოემბრის მიწურულიდან კი – სწავლებას ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედიაბიზნესის განვითარებასა და ახალი ამბების პროდუცირებაში. ეს მხოლოდ დასაწყისი და მცირე ნაწილია IREX-ის სამომავლო საქმიანობისა. ამასთან, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო სწავლების მსურველებს ყოველთვის უტოვებს არჩევანის თავისუფლებას: მსურველები დაესწრებიან და გამოიცვლიან სასწავლო კურსებს მხოლოდ თავიანთი ნებისამებრ.
XS
SM
MD
LG