Accessibility links

logo-print

სად არიან ჩეჩენი ბოევიკები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 ნოემბერს დილიდან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო

საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ჩეჩენი მებრძოლების გააქტიურების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, 20 კაციანი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა. დღის მეორე ნახევარში რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა თავადვე უარყო ინფორმაცია საზღვრის მახლობლად ჩეჩნების აღმოჩენის შესახებ.

როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე ცრუ განგაშის შემთხვევები კვლავაც იქნება. მიუხედავად ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, – სხვათა შორის, ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, სწორედ ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს, – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპატრამენტი აცხადებს, რომ რუსი კოლეგებისგან არ მიუღია არავითარი ინფორმაცია საზღვრის დარღვევის მცდელობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ასევე 2 ნოემბერს გავრცელდა რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელის კონსტანტინ ტოცკის განცხადება, რომ მას ზამთრის პირას მიზანშეწონილად არ მიაჩნია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დამატებითი საგუშაგოების შექმნა, რადგან უახლოეს დღეებში თოვლის გამო საზღვრის დარღვევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების გადასვლის თემა აქტუალურობას დაკარგავს. დღეს საკუთარი მოქალაქეების სამართავად რუსეთის ხელისუფლებისთვის უაღრესად მომგებიანია, მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხესთან დაკავშირებით, მუდმივი დაძაბულობის ფონის შექმნა, რუსეთის საზოგადოების დარწმუნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავაც იმყოფებიან ჩეჩენი მებრძოლები. – ეს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ცივი ომის გასაგრძელებლად კარგ საფუძველს მისცემს.
ნელ-ნელა რუსეთი უკვე მთელ დასავლეთს უცხადებს ცივ ომს. დანიის შემდეგ რიგში ევროსასამართლოა, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეეჩერებინა რუსეთში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩენიდან დარჩენილი 8 მებრძოლის ექსტრადიცია. 2 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა, ევროსასამართლოში რუსეთის ფედერაციის რწმუნებულის პაველ ლაპტევის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლაპტევმა მიიღო წერილი, რომელშიც ევროსასამართლო ბოდიშს იხდის საქართველოდან ჩეჩენი ეროვნების ადამიანთა ექსტრადიციის შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის მხარისთვის გაგზავნილი მიმართვის გაუმართაობის გამო. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ევროსასამართლოს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგება, რის პირობადაც ლაპტევი 4 ოქტომბრის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ასახელებს. ცნობისთვის: ევროსასამართლოს, უკვე ერთი თვეა, არ განუხილავს რუსეთის პროტესტი ევროსასამართლოს სწორედ 4 ოქტომბრის იმ დადგენილების გამო, რომელიც საქართველოდან ჩეჩენი მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემის შეჩერებას ეხება.
XS
SM
MD
LG