Accessibility links

logo-print

ექსისლამისტების გამარჯვება თურქეთის საპალამენტო არჩევნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში უდიდესი გამარჯვება ხვდა ისლამური წარსულის მქონე სამართლიანობისა და პროგრესის პარტიას, რეჯეპ ტაიიპ ერდოანის ლიდერობით.



ეს პარტია წარმატებას ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს უნდა უმადლოდეს. წინა კოალიციაში შემავალი სამი პარტიიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა.

კვირა საღამოს წამსვლელმა პრემიერ-მინისტრმა, 77 წლის ბულენტ ეჯევიტმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა არჩევნების ორი წლით ადრე დანიშვნის მიზეზი, გაიგო რა, რომ მისმა მემარცხენე დემოკრატიულმა პარტიამ ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მოაგროვა, თქვა, რომ მისმა მთავრობამ თვითმკვლელობა ჩაიდინა, როცა ვადამდელ არჩევნებზე დათანხმდა.

ერდოანს ეჭვის თვალით უყურებს ქვეყნის გავლენიანი გენერალიტეტი, რომელიც თავს თურქეთის სეკურულარიზმის მცველად თვლის.

ერდოანი, თავის მხრივ, ისლამისტური წარსულისგან დისტანცირებას ცდილობს. ამერიკელი ჟურნალიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:

"სეკულარიზმი ყველა რწმენისა და რელიგიის დამცველია... ჩვენ სეკულარიზმის გარანტები და ჩვენი მმართველობა ამას მომავალში დაამტკიცებსო."

ერთ დროს ის ეწინააღმდეგბოდა ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანების იდეას და ნატოდან გამოსვლასაც მოითხოვდა. კვირა საღამოს კი განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტული ამოცანაა დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები კავშირში შესვლის შესახებ.

სამართლიანობისა და პროგრესის პარტიამ ხმების 34 პროცენტი მოაგროვა და თურქეთის პარლამენტის 550 ადგილიდან მას, როგორც ჩანს, 363 ერგება. თურქეთის საარჩევნო კანონის თანახმად, ეს საკმარისია კოალიციური პარტნიორების გარეშე მთავრობის შესაქმნელად.

მაშინ, როცა სამართლიანობისა და პროგრესის პარტიას პარლამენტში დომინანტური როლი ექნება, მისი ლიდერის პოლიტიკური მომავალი ჯერჯერობით ნათელი არ არის.

1998 წელს მან საჯაროდ წაიკითხა პოემა რომელშიც ასეთი სტრიქონები იყო: "მეჩეთი ჩვენი ხიშტია, მისი გუმბათი ჩვენი მუზარადია და მორწმუნეები ჩვენი ჯარიკაცები". სასამრთლომ ეს რელიგიური შუღლის გაღვივებად მიიჩნია და ერდოანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში მან 4 თვე გაატარა. ამჟამად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას არა აქვს სამთავრობო თანამდებობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების უფლება. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ თურქეთის პოლიტიკა შესუსტდება, ვინაიდან ერდოჰანი კულისებიდან უდირიჟორებს მარიონეტული პრემიერ-მინისტრის საქმიანობას.

ერდოანი უარყოფს ამას. მისი თქმით, ხალხმა ხმა მისცა პარტიას და მის პროგრამას და, რომ არ არის აუცილებელი პარტიის ლიდერი იმავდროულად მთავრობის ხელმძღვანელი იყოს.

ერდოანისა და მის პარტიას ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთის ისტებლიშმენტის ლიდერები, განსაკუთრებით სამხედროები, რომლებმაც ბოლო 42 წლის განმავლობაში სამი გადატრიალება მოაწყვეს, როცა იგრძნეს, რომ სახელმწიფოს სეკულარული არსი საფრთხეშია. 1997 წელს არმიამ აიძულა გადამდგარიყო თანამედროვე თურქეთის პირველი ისლამისტური მთავრობა, რომელსაც სათავეში კეთილდღობის პარტია ედგა.

ერდოანი და მისი პარტიის ბევრი წამყვანი წევრი კეთილდღეობის პარტიის წევრები იყვნენ. თურქეთის გაზეთების სიტყვით, არმია ერდოანს შეშფოთებით ადევნებს თვალს.
XS
SM
MD
LG