Accessibility links

logo-print

შეცვლის თუ არა არჩევნების შედეგები თურქეთში საქართველოსთან ამ ქვეყნის ურთიერთობას?


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, საერთოდ, პოლიტიკით დაინტერესებული მოქალაქენი ყოველთვის ინტერესდებიან მეზობელ ქვეყანაში გამართული არჩევნებით, მით უმეტეს,

თუ ეს მეზობელი –ძლიერი სახელმწიფო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. რა შეიძლება შეცვალოს თურქეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, როგორ შეიძლება დაეტყოს ისლამისტური პოლიტიკური ძალების გამარჯვება თურქეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ? ამ კითხვით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს მივმართე.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გამარჯვება ჯერ კიდევ სათუოა, რადგან მისი საქმე უნდა განიხილოს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც შეიძლება გაუუქმოს კიდეც პარტიას წარმატებული შედეგი, - მითხრა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა გიორგი ხელაშვილმა. როგორც ცნობილია, თურქეთის კონსტიტუციის ძალით, ამ ქვეყნის არმია არსებული წყობის გარანტია. ის ფხიზლად იცავს რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათათურქის პოსტულატებს და, აუცილებლობის შემთხევაში, მართვის სადავეებსაც იღებს: ასე მოხდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წინამორბედი პოლიტიკური ორგანიზაციის, კეთილდღეობის პარტიის, ხელისუფლების სათავეში ყოფნისას, როცა პრემიერი ნეჯმედდინ ერბაქანი და მისი მთავრობა ხელისუფლებას ჩამოაცილეს. სამართლიანობისა და განვითარების პარტია არ მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ერაყის ხელისუფლებაზე ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო შეტევის მიმართ. თუმცა, შეგახსენებთ, თურქეთის საპარლამენტო არჩევნებამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი ამ პარტიის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა.

გიორგი ხელაშვილი შენიშნავს, რომ კვირის არჩევნებში გამარჯვებული პარტია [ხელაშვილის ხმა] “წინასაარჩევნო პლატფორმის მიხედვით, არის პროევროპული პარტია, ანუ ის მხარს უჭერს თურქეთის შესვლას ევროკავშირში და ამერიკისა და თურქეთის თანამშრომლობას, ზოგადად. რაც შეეხება ვაშინგტონის შეჭრას ერაყში, ამის წინააღმდეგ, ამ ისლამისტური პარტიის გარდა, სხვა პარტიებიც გამოდიოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ, თავისთავად, ისლამისტების გამარჯვება (თუ დავივიწყებთ მათ რელიგიურ მოტივებს) დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს სხვა ნებისმიერი პარტიის გამარჯვებისაგან. ვფიქრობ, საქართველოს მიმართაც იმავეს თქმა შეიძლება: ამ პარტიის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის პოლიტიკა რეგიონის მიმართ დიდად არ იქნება განსხვავებული ნებისმიერი სხვა მთავრობის პოლიტიკისაგან”.

პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ალექსანდრე რონდელიც მიიჩნევს, რომ თურქეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, რადგან არ შეიცვლება თურქეთის პოლიტიკის პრიორიტეტები და სტრატეგიული ინტერესები. მართალია, პოლიტიკური ძალების თანაფარდობა შეიცვალა, მაგრამ არა ისე მკვეთრად, რომ ეს ხსენებულ პრიორიტეტებსა და სტრატეგიას დაეტყოს [რონდელის ხმა]: “თურქეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს სტაბილური და კარგი მეზობელი მის საზღვარზე; შემცირდეს რუსეთის გავლენა კავკასიაში, მაგრამ იქ (კავკასიაში) იყოს სტაბილურობა და წესრიგი; ამავე დროს, თურქეთი დაინტერესებულია რეგიონში თავისი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ზრდით, ამიტომაც საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან როლს თურქეთის სტრატეგიულ გათვლებსა და ხედვაში. და არა მგონია, რაიმემ საგრძნობლად შეცვალოს საქართველოს მიმართ თურქეთის დადებითი განწყობა და ინტერესი”.
XS
SM
MD
LG