Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ბიუჯეტის შესასრულებლად


ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ბიუჯეტში არსებული გარღვევა არც ისე კატასტროფულად დაახასიათა და განაცხადა,

რომ წლიური გეგმის საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებითაც კი სრულდება. მიუხედავად ამ დამაიმედებელი გამონათქვამისა ყველა კარგად ხედავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების სამართლებრივი მხარე და შესაბამისად ფისკალური შედეგი რეალურად არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოდის, რომელიც წლების მანძილზე მრავალჯერ რედაქტირებულ საგადასახადო კოდექსში კიდევ ახალ ცვლილებებს ითვალისწინებს. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას ხშირად მკაცრ და გაუმართავ საგადასახადო კოდექსს აბრალებენ, თუმცა მისი შეცვლა წლების მანძილზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას სერიოზულად არ უცდია. რამდენიმე თვის წინ ახალი საგადასახადო კანონმდებობის მიღების ინიციატივით ეკონომიკის ექსპერტები გამოვიდნენ. მათ საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით პროექტი უკვე მოამზადეს, თუმცა მას საქართველოს საკანონმდებლო ორგანომდე არ მიუღწევია და ნაკლებად სავარაუდოა მისი განხილვა ახალი პარლამენტის არჩევამდე მოხერხდეს.

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე მრეწველთა პარტიის წევრი დავით სალარიძე. არადა სწორედ მრეწველები ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას. ახლა დავით სალარიძის ძალისხმევა ისეთ საკითხებზეა მიმართული რომელთა გადაწყვეტა მთავრობის ინტერესებს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მრეწველთა თუ წვრილ მეწარმეთა. კერძოდ კი იგი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტზე საგადასახადო კანონმდებლობის მორგების ინიციატივით გამოდის. თუმცა იქვე დასძენს, რომ:

[სალარიძის ხმა] „დღეს საქართველოში ვერ მოძებნით ვერც ერთ მეწარმეს და ეს შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომელიც კეთილსინდისიერად გადაიხდის გადასახადს და მისი საქმიანობა იქნება რენტაბელური. თუ ყველაფერს კარგად გადაიხდის ის იქნება ყველა შემთხვევაში წამგებიანი.“

ამ განცხადებიდანაც ნათელია, რომ საგადასახადო კოდექსი შესაცვლელია და მასში მხოლოდ ცალკეული ცვლილებების შეტანა კანონს კიდევ უფრო ართულებს და წინააღმდეგობრივს ხდის. ერთ მაგალითად გამოდგება თავად სალარიძის ინიციატივა გამოდგება რომელიც მიზნად ისახავს საბიუჯეტო რეზერვების ათვისებას.

ეს სწორედ ის რეზერვია, რომელიც უმკაცრეს საგადასახადო სისტემას გაექცა და ჩრდილოვან ეკონომიკას შეაფარა თავი. კერძოდ კი ეგრეთწოდებული გარე მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა მხოლოდ თბილისში 30 ათას კაცს აჭარბებს. სალარიძის ძალისხმევით ასეთი საქმოსნებისთვის ყოველდღიური 1 ლარიანი გადასახადის დაწესებაა გადაწყვეტილი. თუ გარემოვაჭრის სტატუსი კანონმდებლობითაც განიმარტა, მაშინ გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელსიც იძულებული გახდება დაბალი საგადასახადო განაკვეთის გამო გარევაჭრობას მიჰყოს ხელი. ასეთივე ფიქსირებული გადასახადის დაწესების ინიცირება ხდება იმ სფეროთათვისაც რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო უწყებები ვერ ახერხებენ. ამასთან ერთად დავით სალარიძე მის პრესკონფერენციაზე მოწვეული საგადასახადო უწყებების ხელმძღვანელთა პოზიციის დაცვას სხვა განცხადებითაც შეეცადა.

[სალარიძის ხმა] „არ დაუჯეროთ თქვენ არავის, რომ საქართველოში შეიძლება სამჯერ იმაზე მეტი აიკრიბოს რაც ახლა იკრიბება. ეს არის ტყუილი, ეს მოგონილი ამბავია და ეს ვიღაცას ჭირდება ეფექტისათვის და მარტივად არის ეს გამოთვლილი. ამიტომ ამოცანა იმაში კი არ არის თუ გვინდა 3-ჯერ გავზარდოთ რომ ვიღაცას მუშტი ვუბრახუნოთ რომ თქვენ კარგად არ იღებ, კარგად არ იღებენ ესენი ვინც აქ ზიან, მაგრამ ამოცანა არის ის რომ ქართული ეკონომიკა გავზარდოთ.“

ამ ნანატრი ოცნების რეალიზება კი მხოლოდ სათანადო საკანონმდებლო გარემოს შექმნით თუ არის შესაძლებელი და არა ბიუჯეტის პროექტზე მორგებული საგადასახადო კოდექსით.
XS
SM
MD
LG