Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''თეატრალურ ცენტრში'' მომხდარ ტრაგედიას ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება მოჰყვა


თამარ ჩიქოვანი, კობა ლიკლიკაძე, თბილისი ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში მომხდარი ტრაგედია, ტერორისტულ გამოწვევაზე ხელისუფლებისა და საზოგადოების საპასუხო მოქმედების მოტივაცია - კვლავ რჩება რუსეთის წამყვანი

საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. მაგრამ, როგორც საგაზეთო და საინტერნეტო მასალების ანალიზი ცხადყოფს, შეკითხვებზე, რომლებიც 26 ოქტომბრის სისხლიანი შაბათის შემდეგ დაგროვდა, პასუხების მოძებნა ჭირს, თუ, რა თქმა უნდა, პასუხად არ მივიჩნევთ კრემლის გადაწყვეტილებას ჩეჩნეთში ახალი ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების ახალი მსხვერპლი მოჰყვა.

რა ბედი ელის სამშვიდობო მოლაპარაკებას ჩეჩნეთში? შესუსტდა თუ გაძლიერდა პუტინის პოზიციები მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ? ამ შეკითხვებით 4 ნოემბერს "ნეზავისიმაია გაზეტამ" ცნობილ რუს ექსპერტებს მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ექსპერტი მიიჩნევს, რომ დუბროვკაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან მოლაპარაკების გამართვამ აზრი დაკარგა, ხოლო მძევალთა გასათავისუფლებლად ჩატარებულმა ოპერაციამ პრეზიდენტ პუტინის ავტორიტეტი აამაღლა. ძალიან ნიშანდობლივია, ამ მხრივ, სტარტეგიულ გამოკვლევათა ცენტრის წარმომადგენლის ანდრეი პიონტიკოვსკის შეფასება. 4 ნოემბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს:

“ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვნად აამაღლა თავისი, როგორც ძლიერი ხელმძღვანელის, ავტორიტეტი. ახლა ძლიერი პრეზიდენტის - თითქმის ეროვნული გმირის - იმიჯი მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს, სხვათა შორის, იმავე ჩეჩნეთის საკითხში. მაგალითად, მას რომ ხვალ გამოეცხადებინა დაზავება და დაეწყო მოლაპარაკება, ამას მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერდა მხარს. ასევე, ხვალვე რომ დაეწყო ახალი, კიდევ უფრო სასტიკი საბრძოლო ოპერაცია ჩეჩნეთში, ჩვენ, ალბათ, გამოვიყენებდით "გრადებსაც" და ვაკუუმურ ბომბებსაც. ერთი სიტყვით, პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივას საზოგადოება მხარს დაუჭერს, რაც მას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს".

თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთის პრეზიდენტმა, ჩეჩნეთის პრობლემის მოწესრიგების თვალსაზრისით, კვლავ ტრადიციული ძალისმიერი გზა აირჩია და გასულ კვირას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თავისი მასშტაბით უპრეცედენტო სპეცოპერაცია დაიწყო. ამის თაობაზე 4 ნოემბრის საინტერნეტო გამოცემა "გრანი რუ" წერს:

“ოპერაციის დაწყება თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გვამცნო. მისი თქმით, 3 ნოემბერს "ჯარების დაჯგუფებამ ჩეჩნეთის ყველა რაიონში მასშტაბური, სასტიკი, მაგრამ მიზანმიმართული სპეცოპერაცია წამოიწყო." 26 ოქტომბრის შემდეგ მინისტრის ეს სიტყვები "მიზანმიმართული ოპერაციის" შესახებ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. სულ რაღაც 9 დღის წინ მთელი მსოფლიო უკვე გახდა ასეთი წარმატებული და ბრწყინვალედ ჩატარებული მიზანმიმართული ოპერაციის მოწმე: სუპერპროფესიონალმა-სპეცრაზმელებმა 50 ტერორისტის ლიკვიდირებისას 120 უდანაშაულო ადამიანი გაანადგურეს. თუმცა ხელისუფლებას საკუთარი არითმეტიკა აქვს: ისინი ხომ წარმატებულად მიიჩნევენ ოპერაციას, რომლის მსვლელობის დროსაც ტერორისტებთან ერთად 20-25 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება." ჩეჩნეთში მიმდინარე ომის თემას მეტად თავისებურად გამოეხმაურა 2 ნოემბრის გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი". ცნობილი ჟურნალისტი იულია კალინინა შეეცადა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ომი ჩეჩნეთში:

“თუ რატომ დაიწყო ომი ჩეჩნეთში, ჩვენ თითქმის აღარ გვახსოვს. სამაგიეროდ, ვიცით, თუ რატომ უნდა განვაგრძოთ იგი. იმიტომ, რომ ჩეჩნებისგან დაცვა გვჭირდება. რადგან, თუ ჩვენ მათ საბოლოოდ არ გავასწორებთ მიწასთან, მაშინ ჩეჩნები გააგრძელებენ თავდასხმებს და ტერაქტებს. - ამას თქვენ აგიხსნით ნებისმეირი ადამიანი, ვისაც სახელმწიფოებრივი აზოვნება გააჩნია. ასეთი დამოკიდებულების გამო კრემლის ხელმძღვანელები მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან მათ ესმით ასეთი საქციელის არაადეკვატურობა, მაგრამ არ ძალუძთ აღიარონ, რომ ჩეჩნეთში ყველაფერი არასწორად კეთდებოდა, არ იყო არჩეული სწორი ტაქტიკა და რომ ჯარმა, რომელიც იქ საზეიმო მარშით ხელმეორედ სამი წლის წინ შეიყვანეს, ამოცანას თავი ვერ გაართვა. სიმართლის თქმა საკუთარი შეცდომების აღიარებას ნიშნავს. ამის გაკეთება კი მათ არ ძალუძთ. ამიტომაცაა, რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ხალხის სტატუსი გადაწყვიტოს, ხელისუფლებას ურჩევნია კვლავ გლობალურ ანტიტერორიზმს ებრძოლოს. და იქ, სადაც უბრალო სოფლის ექიმებია საჭირო, იგი დასახმარებლად ცნობილ პროფესორებს და სახელგანთქმულ მედიკოსებს უხმობს.”
XS
SM
MD
LG