Accessibility links

logo-print

საქართველოში სამედიცინო მომსახურების რეფორმირების გეგმებს ყველა არ უჭერს მხარს


ელენე ლორთქიფანიძე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველომ

პირველმა სცადა სამედიცინო მომსახურების სისტემის გარდაქმნა. შარშან თბილისმა დაიწყო საავადმყოფოების კონსოლიდაციის ათწლიანი გეგმის განხორციელება. გეგმა საავადმყოფოთა რიცხვის შემცირებასა და დარჩენილ საავადმყოფოთა მოდერნიზებას გულისხმობს. მაგრამ ამ ინიციატივას გააფთრებული მოწინააღმდეებიც გამოუჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, საქართველო ექიმების უდიდესი კონცენტრაციის ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. 1990-იანი წლების მიწურულს საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 436 ექიმი მოდიოდა. ამ მხრივ მას მხოლოდ ოთხი ქვეყანა უსწრებს: მონაკო, იტალია, კუბა და ბელარუსია.

ბევრის აზრით, ამდენი ექიმი მძიმე ტვირთად აწვება გაღატაკებული საქართველოს მწირ ბიუჯეტს. ისინი თვლიან, რომ სამედიცინო პერსონალი უნდა შემცირდეს, გამოთავისუფლებული სახსრები კი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას მოხმარდეს.

ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჟან-კრისტოფ პეკი გასულ თვეში ამ გეგმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ესაუბრა.

თბილისის ინფექციურ დაავადებათა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცცვაძე ამბობს, რომ როცა ქვეყანას ჯანდაცვაზე საერთო ეროვნული პრდუქტის მხოლოდ ერთი პროცენტის გაღება შეუძლია, სხვა გამოსავალი არ არის: მან უნდა შეამციროს სამედიცინო სისტემის მასშტაბები. მისი სიტყვით, მდიდარ ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი მრავალრიცხოვანი სამედიცინო პერსონალის შენახვა:

[ცეცცვაძის ხმა] "და თუ გავითვალიწინებთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი ძალიან მცირეა, ეს უაღრესად მიზერული ციფრი გამოდის, სულ რაღაც 9 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში."

ცერცვაძე მხარს უჭერს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ოპტიმიზაციას. გეგმა, რომელსაც მსოფლილ ბანკი სპონსორობს, ითვალისწინებს საავადმყოფოთა ნაწილის გაერთიანებას, ზოგიერთი მათგანის დახურვას და დაზოგილი თანხებით, მოძველებული სამედიცინო აღჭურვილობის განახლებას.

ჯანდაცვის უწყების სიტყვით, 2010 წლისთვის საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 19 ათასიდან 10 ათასამდე უნდა შემცირდეს, საავადმყოფოთა რიცხვი 287-დან 90-მდე შემცირდება. მთავრობა ვარაუდობს, რომ ეს დააკმაყოფილებს ქვეყნის სამედიცინო მოთხოვნილებებს.

კონსოლიდაციის პროგრამას ბევრი ოპონენტი ჰყავს, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ საავადმყოფოების ათასობით პროფესიონალი თანამშრომლის დათხოვნას, ადეკვატური სამუშაო ადგილებით მათი უზრუნველყოფის გარეშე.

პროგრამის წინააღმდეგ კამპანიას ატარებს სამედიცინო მუშაკთა პროფკავშირი "სოლიდარობა", იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით. "სოლიდარობის" თავმჯდომარის ლევან მეტრეველის თქმით, უახლეს წლებში მხოლოდ თბილისში სამსახურს 6 ათასი ექიმი დაკარგავს.

[მეტრეველის ხმა] "რა უნდა ვუყოთ ამ ხალხს? ქუჩაში გავყაროთ ამდენი ექიმი და საშუალო მედპერსონალი – სამედიცინო დები, ტექნიკური მუშაკები, სანიტრები? ეს ხომ სოციალური აფეთქების ტოლფასია."

სამაგიეროდ, ბევრი საავადმყოფოს ხელმძღვანელები დადებითად ეკიდებიან ოპტიმიზაციისპროგრამას. ერთ-ერთი მათგანია შოთა გოგიჩაიშვილი, ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევის ცენტრის აღმსრულებელი დირექტორი. ეს ცენტრი შეიქმნა შარშან, თბილისის შიდსის ცენტრისა და ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს შერწყმის შედეგად. გოგიჩაიშვილის თქმით, პერსონალი თავდაპირველად 465კაცს ითვლიდა, აქედან 156 დაითხოვეს, მაგრამ ყოველ დახოვნილს მიეცა 5დან 6 ათასამდე ლარის ოდენობის კომპენსაცია. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთმა მათგანმა უკვე იპოვა სამსახური, ხოლო იმათ, ვინც ჯერაც უმუშევარია, დამატებით ორი თვის ხელფასი მიეცემა. მისი თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში დათხოვნილ თანამშრომლებს პირველად გადაუხადეს კომპენსაცია სამუშაოს დაკარგვისთვის.

თენგიზ ცერცვაძე ეთანხმება ოპონენტების აზრს, რომ უმუშევრად დარჩენილი სამედიცინო მუშაკები მეტისმეტად მტკივნეული პრობლემაა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს:

[თევზაძის ხმა] "შესაძლებელია ორი ვარიანტი: დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის და თავი მოვიტყუოთ, რომ ეს 21 ათასი ექიმი მუშაობს და რომ ჩვენთან არსებობს მედიცინა და ავადმყოფებს ემსახურებიან, შევქნათ ასეთი წარმოდგენა. ან მეორე ვარიანტი: მოვახდინოთ ყველაფერის ოპტიმიზაცია, კონსოლიდაცია, შევქმნათ კარგი მედიცინა, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესში იქნება, ამასთან ექიმების გარკვეული რაოდენობა უმუშევრად დავტოვოთ."

ამასობაში ოპონენტებმა კონსოლიდაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამ წლის დამდეგს, 60-მდე ექიმმა, რომლებსაც ახალი სამუშაო ადგილის მიღების იმედი არა აქვთ, მიმართეს რაიონულ სასამართლოს პროტესტით, რის შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანადმე შეჩერებულ იქნა თბილისის ბავშვთა პირველი საავადმყოფოს რესტუქტურიზაცია

პროფკავშირის თავმჯდომარე ლევან მეტრეველი, მართალია აღიარებს, რომ ჯანდაცვის სექტორი რეფორმირებას საჭიროებს, არ ეთანხმება საავადმყოფოების მასობრივად დახურვის გეგმას, რომლის მართებულებას საავადმყოფოების არასრული დატვირთვით ხსნიან.

[მეტრეველი ხმა] "რატომ არ არის დატვირთული საავადმყოფოები? იმიტომ, რომ ხალხს მკურნალობის ხარჯის გაწევა არ შეუძლიათ. ქვეყანაში, სადაც მინიმალური პენსია თვეში 6-7 დოლარია, ავადმყოფისთვის, უბრალოდ, შეუძლებელი ხდება ამდენი ფულის გადახდა. შესაბამისად საავადმყოფოები დატვირთული არ არის. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ ავადმყოფობს. ისინი უფრო მეტად ავადმყოფობენ, ვიდრე 10 წლის წინათ, რადგან ჩვენში გაჩნდა ახალი ინფექციური დაავადებები, მაგალითად ლეშმანიოზი, მალარია, ტუბერკულოზი და სხვა."

ცერცვაძე და გოგიჩაიშვილი კი ირწმუნებიან, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ, მათმა საავადმყოფომ შეძლო ახალი აღჭურვილობის შეძენა, წყლისა და ელექტროენერგიის დავალიანებების გასტუმრება და, რაც მთავარია, პაციენტები ახლა გაცილებით უკეთ მომსახურებას იღებენ: აღარ არის საჭირო საავადმყოფოში საკუთარი წამლების მიტანა ან ოფიციალურად უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის ფულის გადახდა. პერსონალი ახლა თვეში 120 ლარს იღებს, მაშინ, როცა შარშან 40 ლარს იღებდა. შერწყმის წინ, საავადმყოფო დღეში 20 პაციენტს ემსახურებოდა, ხოლო ახლა. ყოველდღიურად 130-დან 220-მდე საწოლია დაკავებული.
XS
SM
MD
LG