Accessibility links

logo-print

თურქეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები


კვირას თურქეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელსაც სათავეში სტამბოლის ყოფილი მერი რეჯეპ ერდოანი უდგას.

არჩევნების ამ საკმაოდ მოულოდნელმა შედეგმა ლამის შეკივით იმოქმედა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ თავსატეხი გაუჩინა თურქეთის პარტნიორებსაც. ჯერჯერობით ძნელია იმის განჭვრეტა, თუ საით წაიყვანს ქვეყანას ზომიერ ისლამისტად მიჩნეული ერდოანი და მისი პარტია.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს თურქეთის ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ანკარას საკვანძო მნიშვნელობის როლის თამაში შეუძლია მის სამხრეთელ მეზობელ ერთაყთან კონფლიქტის შემთხვევაში.

მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ნაკლები ოპტიმიზმით უყურებენ მუსულმანური სამყაროს ერთადერთი სეკულარული სახელმწიფოს მომავალს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობის პირობებში.

[ალირიზას ხმა] "სავსებით ცხადია, ეს იყო მიწისძვრა და მისი ზემოქმედება კიდევ დიდხანს გაგრძელდებაო", განაცხადა ბულენთ ალირიზამ, ვაშინგტონის თურქეთის საკითხების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ორშაბათს გამართულ დისკუსიაში, რომელსაც ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის, ანკარაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, მარკ პარისის აზრით, თურქეთის სამხედროები ჯერ არ მიმართავენ რაიმე ზომებს ერდოანის პარტიის წინააღმდეგ. მაგრამ პარტიის საქმე ჯერ კიდევ ირჩევა სასამართლოში და თურქეთის გენერალური პროკურორი იმედოვნებს, რომ ერდოანს და მის პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ.

ალირიზას აზრით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას იგივე საფრთხე ემუქრება, რაც თურქეთის ზოგიერთ სხვა პარტიას.

[ალირიზას ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ პარტია ამბობს, ისლამისტური არა ვარო, მას იგივე პრობლემები შეექმნება. ვინაიდან, თუმცა თავად არ განსაზღვრავს საკუთარ თავს სუბიექტურად, მას მისი მოწინააღმდეგეები განსაზღვრავენ ობიექტურად", მიაჩნია ალირიზას.

თურქეთის ექსპერტი სონერ ჩაგაპტაი კი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ერდოანის მტკიცებას, რომ შორსაა ისლამიზმისგან. ჩაგაპტაის აზრით, გამარჯვებული პარტია საგარეო პოლიტიკაში ძველ გზას გააგრძელებს. მისი თქმით, პარტიას "სეკულარიზმში ჭეშმარიტი გამოცდა" ელის სოციალურ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, რესტორნებში ალკოჰოლის აკრძალვა ანდა ქალებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება მაჰმადიანური თავსაფრების ტარებაში. ეს თურქებისთვის მეტად ემოციური საკითხებია და შეიძლება განხეთქილების საგნად იქცეს თავად ერდოანის პარტიის შიგნით.

გაურკვეველია თავად ერდოანის როლიც. მას აკრძალული აქვს პრემიერ-მინისტრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანას ეყოლოს პრემიერ-მინისტრი, რომლის უკანაც ჩრდილოვანი პოლიტიკური ძალა იდგება.

საინტერესოა ისიც, რამდენად იმოქმედებს თურქეთში მიმდინარე პროცესები სხვა ისლამურ ქვეყნებზე. ვაშინგტონში გამართული დისკუსის წევრთა აზრით, თურქეთი მაგალითად ვერ გამოდგება არაბული სამყაროსთვის. სამაგიეროდ ასეთი როლის თამაში შეუძლია ბალკანეთისთვის, ცენტრალური აზიისთვისა და რუსეთის მაჰმადიანთათვის.
XS
SM
MD
LG