Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა რუსი დამცველები ჩეჩნეთში ომის წინააღმდეგ


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ კვირას გაკეთებულ განცხადებას ჩეჩნეთში ე.წ. “ანტიტერორისტული ოპერაციის” მასშტაბის გაზრდის შესახებ, ორშაბათს საქმე მოჰყვა:

ნანგრევებად ქცეულ გროზნოში რუსი ჯარისკაცები მეამბოხეების ძებნას შეუდგნენ. იმავე დღეს სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატმა მოიწონა კრემლის გადაწყვეტილება, გააუქმოს გეგმა, რომელიც ჩეჩნეთში განთავსებულ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის შემცირებას ითვალისწინებდა. მაგრამ სამხედრო ოპერაციის გამკაცრებას, თვით რუსეთში, მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეც მრავლად გამოუჩნდა.

ეს მოწინააღმდეგეები ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველები არიან, მათ შორის ორგანიზაციის “მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის” დირექტორი, ლევ პონომარიოვი. მისი ვარაუდით, სერგეი ივანოვის განცხადება “ანტიტერორისტული ოპერაციის” მასშტაბის გაზრდის შესახებ ჩეჩნეთში უკანონო დაპატიმრებების და ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა ფაქტების გაგრძელებას მოასწავებს, რაც არათუ არ შეამცირებს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაზრდის ტერორიზმის საფრთხეს. როგორც პონომარიოვმა ორშაბათს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა [პონომარიოვის ხმა] “თუ რეალური სამშვიდობო პროცესი არ დაიწყო, მოგველის ჩეჩნეთის ომის კოშმარის მთელს რუსეთზე გავრცელება. ამის პირველი ნიშანი უკვე ვიხილეთ მოსკოვში და, ვფიქრობთ, რომ მომავალში უარესი მოხდება.”

ჩეჩნეთის ომის მოსალოდნელ ესკალაციას შეეხო ორგანიზაცია “მემორიალის” ხელმძღვანელიც – ოლეგ ორლოვი, რომლის თქმით, სამხედრო ოპერაციის გააქტიურება უკვე რამდენიმე თვეა შეინიშნება. რაც შეეხება გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ჩეჩნეთში სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის შემცირებას აპირებდა, ორლოვი მას სკეპტიკურად აფასებს.

[ორლოვის ხმა] “რამდენჯერ უთქვამთ, რომ ჩეჩნეთში ჯარის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, და რამდენჯერ არ გაუკეთებიათ ეს? ცხადია, რომ ამას დასავლეთისა და რუსი ამომრჩევლების დასანახად აკეთებენ. ეს ხდება ისევე ხშირად, როგორც პოლიტიკოსების მიერ კეთდება განცხადება, რომ ჩეჩნეთში ომი დამთავრებულია და ახლა კონფლიქტის შემდგომი პერიოდი, თუ მშვიდობიანი აღმშენებლობა მიმდინარეობს.”

მოსკოვში ორშაბათს გამართული პრესკონფერენციის კიდევ ერთი ცნობილი მონაწილის, პარლამენტარ სერგეი კოვალიოვის აზრით კი, ამჟამად კრემლი ომის “ჩეჩენიზაციისაკენ” მიისწრაფის, ანუ ცდილობს, ომი არა რუსეთის ფედერალურ ჯარებსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის დაპირისპირებად, არამედ კრემლის მომხრე და კრემლის მოწინააღმდეგე ჩეჩნებს შორის კონფლიქტად წარმოსახოს. კოვალიოვის სიტყვებით:
[კოვალიოვის ხმა] “ამ “ჩეჩენიზაციაზე” ბოლო დროს ძალიან ენერგიულად მუშაობენ. შეხედეთ, როგორ ამახვილებენ ყურადღებას მოსკოვის მიერ დანიშნული ჩეჩენი ლიდერის, ახმედ კადიროვის სტრუქტურების თითქოსდა მზარდ გავლენაზე. მას მოიხსენიებენ, როგორც ჩეჩნეთის ადმინისტრაციას, რომელსაც მხოლოდ ბანდიტები და ტერორისტები უპირისპირდებიან.”

კოვალიოვის ამ სიტყვებს ერთგვარად ადასტურებს რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები: თუ მემაბოხეების ლიდერ ასლან მასხადოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებას ივლისში გამოკითხულთა 61 პროცენტი ემხრობოდა, გასულ კვირაში მოსკოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მათმა რიცხვმა 44 პროცენტამდე იკლო.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვის ტრაგედიის შემდეგ ჩეჩნებს არა მარტო სამშობლოში ემუქრებათ სხვადასხვა სახის გართულებები: აზერბაიჯანიდან მოსული ინფორმაციით, ბაქოში მეამბოხეთა მთავრობის წარომომადგენლობა და ჩეჩნური სკოლა დახურეს.
XS
SM
MD
LG