Accessibility links

logo-print

პარლამენტში გამართული მორიგი მუშტი-კრივი არაპოლიტიკური უმრავლესობის შექმნით დასრულდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ზუსტად ერთი წლის წინათ საპარლამენტო უმრავლესობის ოფიციალურად დაშლის შემდეგ არაერთხელ გამოთქმულა ეჭვი ამ მოწვევის პარლამენტში ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობის თაობაზე.

თუმცა, 5 ნოემბერს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, ფრაქციათა ნაწილი ე.წ. არაფორმალურ უმრავლესობად ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, 11-მა საპარლამენტო ფრაქციამ ისეთი სათათბირო საბჭოს შექმნის იდეის განხილვა დაიწყო, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას შეიმუშავებს.

თუ ამ ორი თვის წინათ პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი ხელისუფლების კრიმინალიზაციის საფრთხის თავიდან ასაცილებლად გაერთიანდა, 5 ნოემბერს 11 ფრაქციას, მათივე შეფასებით, ქვეყანაში ძალადობის გამეფების საფრთხემ უბიძგა თანამშრომლობისკენ. 5 ნოემბერს პარლამენტის სესიაზე საკმაოდ მკაცრად შეფასდა ის მოვლენები, წინა დღით თბილისის საკრებულოში რომ განვითარდა. ფრაქცია “აღორძინებამ” პარასკევის სხდომის დღის წესრიგში იმ პარლამენტართა უფლებამოსილების გადახედვის საკითხის შეტანა მოითხოვა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში. ფრაქცია “სოციალისტი” არა მხოლოდ თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით ყველა ფრაქციის პოზიციის საჯაროდ გამოხატვას მოითხოვს, არამედ დღის წესრიგში აყენებს თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხსაც, ვინაიდან მან ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შტურმით აღებას შეუშალა ხელი და ვერც ორშაბათს თბილისის საკრებულოს შენობის ალყაში მოქცევას. თბილისის საკრებულოს თემაზე ყველაზე ემოციურად ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე გამოვიდა. მისი განცხადებით, ოპოზიციისგან წამოსული უსამართლობა და ძალადობა მისთვის ისევე მიუღებელია, როგორც ხელისუფლებისა.
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ ნაციონალური მოძრაობის დევიზი იყო - თბილისი შევარდნაძის გარეშე. გუშინ ჩვენ მივიღეთ თბილისი, პატარა შევარდნაძით. ამის წინააღმდეგ ჩვენ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ.”
ცემა-ტყეპა კი მას შემდეგ გაიმართა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ახალი მემარჯვენეები თბილისის საკრებულოს წევრების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. მერე უკვე ძნელი გასარკვევი იყო, ვინ ვის და რატომ ულაწუნებდა. ამ სამარცხვინო საქმის გარჩევის შემდეგ პარლამენტის კინოდარბაზში გამართულ შეხვედრაზე 11 ფრაქცია – ყველა, მინუს ნაციონალები, გაერთიანებული დემოკტარები და ტრადიციონალისტები – შეთანხმდა შეიქმნას არაპოლიტიკური სათათბირო საბჭო, რომლის ფუნქციები და პერსპექტივა ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭო განიხილავს საარჩევნო და საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და პარლამენტის სპიკერატის “გადახალისების” საკითხებს. თუ როგორ იმოქმედებს საბჭო, დავუშვათ, სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, – ამ საკითხისადმი საბჭოში შემავალი ფრაქციების დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია, - უკვე ამ კვირის ბოლოს გაირკვევა, როცა პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს.
XS
SM
MD
LG