Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბენსონის ჩაშლილი კონცერტი


6 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში უნდა განხორციელებულიყო ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი ქართული შოუბიზნესის ისტორიაში – თბილისში ჯორჯ ბენსონს უნდა ემღერა.

მაგრამ 4 ნოემბერს გასტროლების ორგანიზატორებმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყეს და განაცხადეს, რომ ბენსონი თბილისში აღარ ჩამოვა. გასტროლების ჩაშლა რუს შოუბიზნესმენებს ბრალდებათ.

პრესკონფერენციაზე, რომელიც 4 ნოემბერს ჯორჯ ბენსონის ჩაშლილი გასტროლების გამო გაიმართა, კომპანია “ისთერ პრომოუშენის” წარმომადგენელმა განაცხადა: [ჩართვა: “ჩვენ კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს შევიძენთ”]. ეს იყო “ისთერ პრომოუშენის” მეორე პრესკონფერენცია “ჯორჯ ბენსონის გასტროლების თემაზე”. პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ბენსონის ტურნეს ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ გასტროლებს არაფერი ემუქრება, რომ 59 წლის ამერიკელი მუსიკოსი თბილისიდან პირდაპირ მოსკოვში გაფრინდება, სადაც 8 ნოემბერს კრემლის ყრილობათა სასახლეში კონცერტს გამართავს, რომ ბენსონმა უარი თქვა სანქტ-პეტერბურგში გამგზავრებაზე და, ნევისპირეთის ქალაქის ნაცვლად, თბილისი აირჩია. “ისთერ პრომოუშენის” მესვეურები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯორჯ ბენსონის ტურნე უმაღლეს დონეზე ჩატარდებოდა, რადგან ბენსონის გასტროლების ორგანიზაციაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, აგრეთვე, რუსეთის კულტურის მინისტრი მიხაილ შვიდკოი, რომელმაც გასულ კვირას თბილისში რუსული კინოს დღეები ჩაატარა.. გასტროლების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაიოზ კანდელაკმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ “ისთერ პრომოუშენმა” სთხოვა შვიდკოის როგორმე აღეკვეთა მოსკოველი შოუბიზნესმენების მცდელობა ჩაეშალათ დიდი მუსიკოსის ჩამოსვლა თბილისში. როგორც აღმოჩნდა, გასტროლების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე რუსებმა (გაიოზ კანდელაკმა ვინმე ნადეჟდა სოლოვიოვა და “ალფა-ბანკი” დაასახელა) ბენსონის მენეჯერებს აცნობეს, რომ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის არ არსებობს საჰაერო კავშირი, რამაც, შესაძლებელია, ჩაშალოს ბენსონის კონცერტი მოსკოვში. თბილისში ჯორჯ ბენსონი სტამბულიდან ფრანკფურტის გავლით უნდა ჩამოსულიყო. რუსებმა მოახერხეს და დიდი მუსიკოსი ფრანკფურტში უმოქმედოდ დატოვეს, 7 ნოემბრისა და მოსკოვის თვითმფრინავის მოლოდინში. არადა, თბილისი ამ დროს კონცერტის დეკორაციას ელოდა; ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯორჯ ბენსონის საღამო უნდა ჩატარებულიყო, გაყიდული იყო ყველა ბილეთი, რომლის ფასმა ისედაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯაზის ქართველ მოყვარულებს არ დაენანანათ 100 ლარი შესანიშნავი გიტარისტისა და მომღერლის მოსასმენად. ახლა “ისთერ პრომოუშენი” ირწმუნება, რომ ბილეთებს აუცილებლად დააბრუნებს, ოღონდ - მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, რომ კონცერტი კი არ ჩაიშალა, არამედ გადაიდო... სავარაუდოდ, 2003 წლისთვის.

გაიოზ კანდელაკის განცხადებით, რუსებს საქართველო ისევ “თავიანთი” ჰგონიათ და მშვენივრად ახერხებენ “სახიფათო ზონად” გამოაცხადონ არა მოსკოვი, სადაც მიუზიკლებზე მძევლები აჰყავთ, არამედ თბილისი. და, რაც მთავარია, მსოფლიოსაც აჯერებენ, რომ ეს ასეა. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ “ისთერ პრომოუშენს” უნდა გაეთვალისწინებინა, ალბათ, რომ არა ღირს იმ ტურნეში ჩართვა, სადაც საქართველოსთან ერთად რუსეთიცაა აღნიშნული. ასეთი “სეპარატიზმისკენ” თავად რუსები გვიბიძგებენ. თუმცა რუსეთის კულტურის მოღვაწეები, თვით მათი კულტურის მინისტრიც, სიამოვნებით ჩამოდიან “სახაფითო ზონაში” - საქართველოში და აქ პომპეზურად მართავენ რუსული კინოს დღეებს. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ქართველები არ არიან ღირსნი მოუსმინონ ამერიკულ მუსიკას, ქართველებმა მარტო რუსულ ფილმებს უნდა უყურონ.
XS
SM
MD
LG