Accessibility links

logo-print

5 ჩეჩენის რუსეთში ექსტრადირების გამო საქართველოს საჯარიმო სანქციები ემუქრება


აგვისტოს დასაწყისში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ადვოკატები ევროპის სასამართლოში - ლია მუხაშავრია და მაკა ძამუკაშვილი - დარწმუნებულები არიან,

რომ ევროპის სასამართლო 5 ჩეჩენის ექსტრადირების უკანონობასაც აღიარებს და ექსტრადირების შესახებ რუსეთის მოთხოვნის უკანონობასაც. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაკავებული ჩეჩნების სარჩელის განხილვა სტრასბურგში 5 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუკავშირდი ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობას, საიდანაც დადებითი პასუხი მივიღე. არადა, ადვოკატები პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ასეა თუ ისე, ევროპის სასამართლოს ისინი სერიოზული იმედებით უყურებენ, განსხვავებით თბილისის მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში დარჩენილი ჩეჩნებისგან, რომლებსაც არავის და არაფრის იმედი აღარა აქვთ.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აგვისტოს დასაწყისში დაკავებული ჩეჩნების სარჩელის განხილვის დაწყება მინდია უგრეხელიძის თანაშემწემ თეა წულუკიანმა დამიდასტურა. თუმცა მანამდე, სანამ სტრასბურგში თეას დავუკავშირდებოდი, ევროპის სასამართლოში საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ადვოკატს ვესაუბრე. მაკა ძამუკაშვილს პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ჩანს, საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების შესახებ რუსეთის მოთხოვნას და საქართველოდან რუსეთში 5 ჩეჩენის ექსტრადირებას, რაც, ადვოკატების ღრმა რწმენით, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით მოხდა, პასუხი მოკლე ხანში უნდა გაეცეს. ადვოკატებს საქმის მოგებაში ეჭვი არ ეპარებათ. ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს დაზარალებულების სასარგებლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს, რუსეთს კი სტავროპოლის ციხეში გადაყვანილი ჩეჩნების გათავისუფლების მოთხოვნა წაეყენება.

საქართველოს გენერალური პროკურატურა შეეცადა ჩეჩნების ექსტრადირება მინსკის შეთანხმებით გაემართლებინა. ეს შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობას ეხება, სხვათა შორის, ექსტრადირების საკითხებშიც, მაგრამ, როგორც ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი ამბობს, მინსკის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ამა თუ იმ დაკავებული პირის მეორე ქვეყნისთვის გადაცემისას მხარე საკუთარი კანონმდებლობით უნდა ხელმძღვანელობდეს. ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან მწირია, მაგრამ ამ კანომდებლობის პირობებშიც კი დაუშვებელია, პირს, რომელსაც სხვა ქვეყანაში ექსტრადირება ემუქრება, არ მიეცეს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.
5 ჩეჩენის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო. პუტინის და შევარდნაძის შეხვედრის წინ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ელვის სისწრაფით მოხდა. ჩეჩნების ექსტრადირების შეჩერების რეკომენდაციამ, რაც თბილისში ევროპის სასამართლოდან მოვიდა, 13 - იდან 5 ჩეჩენს ვეღარ უშველა. ისინი რუსეთს ევროპის სასამართლოდან გამოგზავნილი ფაქსის ჩამოსვლამდე 40 წუთით ადრე გადასცეს. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა კიდევ ერთ უსუსურ არგუმენტს იშველიებს. ადვოკატ მაკა ძამუკაშვილის თქმით:

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] “ ისინი ამბობენ, წინააღმდეგები არ იყვნენ მხარეებიო, სასამართლოს წინაშე არ დაუყენებიათ შუამდგომლობაო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ არ იცოდნენ არაფერი. ჩამოაცვეს ტომრები და ისე გადასცეს. მათ, ორი დღით ადრე თუ არა, 2 საათით ადრე მაინც უნდა სცოდნოდათ პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ.”

პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ არც ჩეჩნების ადვოკატებმა იცოდნენ.
ამ გადაწყვეტილებით, 5 ადამიანი გადაეცა ქვეყანას, სადაც მათი მთავარი უფლების – სიცოცხლის ხელშეუხებლობის არავითარი გარანტია არ არსებობს. ალბათ, მათ ბედს გაიზიარებდნენ დანარჩენი ჩეჩნებიც, რომ არა ქართველი ადვოკატების მიერ ევროპის სასამართლოში შეტანილი სარჩელი და მასზე სტრასბურგის სწრაფი რეაგირება. რუსეთის დაუსაბუთებელი მოთხოვნის შესრულებით საქართველოს ხელისუფლებამ თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. ჩეჩნების ადვოკატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩეჩნების ექსტრადირება უკანონოდ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG