Accessibility links

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში ერაყში გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა გასაკეთებელი ჯერაც ბევრია


ერაყზე საუბრისას ბოლო ხანს, როგორც წესი, ერთსა და იმავე საკითხს ვუტრიალებთ. ეს საკითხია ბაღდადი და მასობრივი განადგურების იარაღი. დღეს ერაყზე კი ვილაპარაკებთ,

მაგრამ არც გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობაზე შევჩერდებით და არც უშიშროების საბჭოს ძველსა თუ ახალ რეზოლუციებზე. ამჯერად გვინდა გესაუბროთ ერაყში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე; მით უმეტეს, რომ საამისო საბაბი არსებობს: სამშაბათს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს მომხსენებელმა ანდრეას მავრომატისმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ოფიციალური ანგარიში, რომელიც ერაყში მისი სტუმრობის შედეგად დაიწერა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამოსვლისას, ანდრეას მავრომატისმა განაცხადა, რომ ერაყის ხელისუფლებას იმ ათასობით ადამიანის გვარები მოსთხოვა, ვინც ოქტომბრის შუა რიცხვებში საყოველთაო ამნისტიის შედეგად ციხეებიდან გაათავისუფლეს. მომხსენებლის თქმით, მან, ამასთანავე, მოითხოვა არა მარტო იმ პირთა სია, ვინც ციხიდან არ გამოუშვეს, არამედ იმ მიზეზების დასახელებაც, რატომ არ შეეხო მათ ამნისტია.

მავრომატისმა, რომელიც ერაყს პირველად თებერვალში ესტუმრა, აღნიშნა, რომ საშუალება ჰქონდა, საკუთარი თვალით ეხილა აბუ ღრაიბის ციხეში არსებული არაადამიანური პირობები და, ამდენად, კმაყოფილებით შეხვდა ცნობას საყოველთაო ამნისტიის შესახებ. თუმცა, მომხსენებელმა იქვე დასძინა, რომ აუცილებელია მეტის ცოდნა ამნისტიის დეტალებზე.

ანდრეას მავრომატისმა ერაყის ხელისუფალთ მოუწოდა, უფრო სრული პასუხები გასცენ მის შეკითხვებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სხვადასხვა დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. ბაღდადიდან აქამდე მიღებული პასუხები ახალს თითქმის არაფერს შეიცავდაო, განაცხადა მომხსენებელმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერაყის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მხრივ. ახლო მომავალში მავრომატისი უფრო დიდი ხნით აპირებს ერაყში გამგზავრებას და, როგორც თვითონ თქვა, მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით ბაღდადიდან დადებითი რეაქცია მიიღო. თუმცა, ჯერაც უპასუხოდ არის დარჩენილი პირველი სტუმრობისას წამოჭრილი არაერთი შეკითხვა.

[ანდრეას მავრომატისის ხმა] "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ერაყის მთავრობას, მომაწოდოს დამატებითი ინფორმაცია სიკვდილით დასჯის შესახებ; მოვუწოდებ, გამოაცხადოს მორატორიუმი უმაღლესი განაჩენის სისრულეში მოყვანაზე, და წერტილი დაუსვას იმგვარ ქმედებასა თუ პოლიტიკას, რომელიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ხელს უწყობს რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი სახის გამოვლინებას – მათ შორის იმას, რასაც არაბიზაცია ჰქვია."

გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სიტყვა წარმოთქვა ერაყის წარმომადგენელმაც. მან განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა მზად არის, დაძლიოს ყველა ზღუდე, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებას. მანვე უკმაყოფილება გამოთქვა მავრომატისის ანგარიშის გამო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ასახული არ არის უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება, ერაყს 12 წლის წინათ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რომ მოუტანა.

ამ საკითხს თავის გამოსვლაში ანდრეას მავრომატისიც შეეხო. მისი თქმით, გაეროს საგანგებო პროგრამამ სახელწოდებით "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" სულ ახლახან გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ერაყის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

მომხსენებელმა დასძინა, რომ სანქციების გაუქმებისა და ერაყელი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ერთადერთი გზა ბაღდადის მიერ გაეროს რეზოლუციების განუხრელი შესრულება და მასობრივი განადგურების იარაღის სრული მოსპობაა. გაეროს რეზოლუციებში, სხვათა შორის, ბაღდადის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, გაარკვიოს სპარსეთის ყურის ომის დროს გაუჩინარებული 600-ზე მეტი ადამიანის, ძირითადად ქუვეითელების, ბედი. ანდრეას მავრომატისის თქმით, ერაყმა ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს.

[ანდრეას მავრომატისის ხმა] "ჩემი აზრით, დადგა დრო, ბატონო თავმჯდომარევ, რათა ერაყის მთავრობამ ამ საკითხში გადამჭრელი ზომები მიიღოს და მოაგვაროს ეს ჰუმანიტარული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ეს თავად ამ ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო."

მომხსენებელი მიესალმა ერაყის გადაწყვეტილებას, ქუვეითისთვის დაებრუნებინა სპარსეთის ყურის ომის დროს მიტაცებული არქივები. თუმცა, როგორც ქუვეითის ხელისუფლება ამტკიცებს, ერაყმა არქივების მხოლოდ ნაწილი დააბრუნა.
XS
SM
MD
LG