Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს მდგომარეობის გაუარესების ეშინიათ


ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, საქართველოსი არ იყოს, აზერბაიჯანსაც მწვავე პრობლემად ექცა მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა მეამბოხეთა მიერ

მოსკოვში მძევლების აყვანის შესახებ. ბაქოს დიდხანს არ უყოყმანია: 25 ოქტომბერს დაიხურა ჩეჩენთა ხელმძღვანელობის წარმომადგენლობა; სხვათა შორის, ისეთივე არაფოციალური და არარეგისტრირებული, როგორიც საქართველოში. მეტიც: დაიხურა ჩეჩნური სკოლა, რომელშიც ათობით ბავშვი დადიოდა. ახლა აზერბაიჯანში მყოფი ლტოლვილები – მათი რიცხვი კი 10 ათასს აღწევს – საარსებო პირობების კიდევ უფრო გაუარესებას მოელიან.

რატომ დახურა ბაქომ ზოგიერთი ჩეჩნური ორგანიზაცია? ოფიციალურმა პირებმა არ მოისურვეს ჩვენი კორესპონდენტის, ქლოე არნოლდის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ როგორც ბაქოში განთავსებული “ადამიანის უფლებების ჩეჩნური ცენტრის” დირექტორი, მაირბეკ ტარამოვი ვარაუდობს: [მაირბეკ ტარამოვის ხმა] “ეს რუსეთის გულის მოსაგებად გაკეთდა. აქ ხომ რუსეთის მხრიდან ძალიან ძლიერი ზეწოლა იგრძნობა და ბაქო დათმობებზე მიდის. ეს კეთდება, რათა ჩეჩენი ლტოვილები აიძულონ, ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. ამ სიტუაციაში უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს.”

ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ ოფიციალური ბაქოს მკვეთრი რეაქცია განაპირობა შეშფოთებამ იმ როლის გამო, რომელიც მოსკოვის კრიზისში შეასრულა ალი ასაევმა – ბაქოში ჩეჩენ მეამბოხეთა მთავრობის წარმომადგენელმა. საქმე ის არის, რომ ასაევი საათობით ელაპარაკებოდა მძევლების ამყვანებს, რათა ისინი მძევლებს შორის მყოფი 4 აზერბაიჯანელის გათავისუფლებაზე დაეყოლიებინა.

[ალსუ აბდულაევას ხმა] “ამ აქციამ დიდად იმოქმედა ჩეჩნებისადმი დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებით დსთ-ის წევრ ქვეყნებში, სადაც რუსეთის პოლიტიკა ჯერაც საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს. მაგრამ აქ ბოევიკები არ არიან. ეს არის უბრალო ხალხი, რომელიც ჩეჩნეთიდან გამოიქცა, რათა შვილები გადაარჩინოს”, ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის” დირექტორი, ალსუ აბდულაევა.

ბაქოს მერვე საავადმყოფოში ხშირად ჰყავთ ჩეჩენი პაციენტები, რომელთაც იქ უფასო კონსულტაციებისა და მედიკამენტების მიღება შეუძლიათ. მხოლოდ ოქტომბერში საავადმყოფოს კარი 1500-მა მცირეწლოვანმა და 2500-მა მოზრდილმა ლტოლვილმა შეაღო. მათ შორის არის ჩეჩნეთიდან ერთი წლის წინათ წასული მალიკ დადაევი, რომელსაც ფეხში მიღებული ჭრილობის გამო კვირაში ერთხელ მაინც უწევს კლინიკაში მისვლა. დადაევი გადაჭრით გმობს მოსკოვში განხორციელებულ ძალადობის აქტს:

[მალიკ დადაევის ხმა] “ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ასეთ რამეს არასოდეს დავუშვებდი. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გაძნელდა. სხვანაირად მიყურებენ. მთელს მსოფლიოში შეიცვალა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. ეს ყველასთვის ძალიან ცუდია.”

[მუსიკა. "We Shall Overcome"]

ამ სიმღერას – "We Shall Overcome" ("ჩვენ გავიმარჯვებთ"), რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ჰიმნად იცნობენ, ჩეჩენი ბავშვები მღერიან ბაქოში, კერძო ინიციატივით დაარსებულ დაწყებით სკოლაში. ეს სასწავლებელი ჯერ არ დაუხურავთ, მაგრამ პედაგოგები შიშობენ, რომ აზერბაიჯანში ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლობისა და ლტოლვილთა სკოლის დახურვა კარგს არაფერს მოასწავებს...

ლტოლვილების შეშფოთება უსაფუძვლო რომ არ არის, თუნდაც იმ გარემოებით დასტურდება, რომ მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკამ აშკარად მეტი აგრესიულობა შეიძინა. რუსეთი არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანზე ახდენს ზეწოლას ჩეჩნეთის საკითხში თავისთვის ხელსაყრელი მიზნების მისაღწევად, არამედ ასევე კატეგორიული კილოთი მოითხოვს თურქეთის, კატარისა და დანიისაგან ჩეჩენი მეამბოხეების ექსტრადიციას.
XS
SM
MD
LG