Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვალა ავღანეთში ქალებისათვის თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ?


გადაცემაში ციკლიდან “ქალი და მსოფლიო” მივაშურებთ ქვეყანას,

რომელიც ადამიანის უფლებების უხეშად ხელყოფის გამო არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის საგანი: ეს ქვეყანა ავღანეთია, კრიტიკას კი, პირველ რიგში ქალთა მდგომარეობა იწვევდა, იქ წლების მანძილზე ქალთა მუშაობის, მოგზაურობის, განათლების უფლებების მკვეთრად შეზღუდვის გამო. ასე იყო 1996-2001 წლებში, როცა ხელისუფლების სათავეში გასამხედროებული ისლამური მოძრაობა “თალიბანი” იდგა. მაგრამ თალიბების რეჟიმი წელიწადზე მეტია დაემხო და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ავღანეთში ქალთა მდგომარეობის გარკვეულ გაუმჯობესებასთან ერთად ამ თემისადმი ინტერესმა თანდათან იკლო – არაერთი მოღვაწის აზრით, გაუმართლებლად. მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ოქტომბრის მიწურულს ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრებზე გამოითქვა.

თუ ვინმე ერკვევა ავღანელი ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებში, ეს პირველ რიგში სიმა სამარზე ითქმის. სამარი ქალთა საკითხების მინისტრი იყო ავღანეთის პირველ მთავრობაში და საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რის შესახებაც ოქტომბრის მიწურულს ნიუ იორკში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეიჟა სოსაიტიში” გამართულ შეხვედრაზე შეკრებილებს ამცნო. სამარის თქმით, თალიბანის მმართველობის წლებთან შედარებით ქალთა მდგომარეობა, შესაძლოა, უკეთესი იყოს, მაგრამ ავღანეთში ქალის სიტყვას დღესაც არა აქვს წონა და გავლენიანი წრეები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მხრივ ვითარების შეცვლას.

როგორც მოგახსენეთ, მაგალითად თვით სიმა სამარი გამოდგება: ის შარშან დაინიშნა ქალთა საკითხების მინისტრად ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობაში, მაგრამ წლეულს იძულებული გახდა, გადამდგარიყო, მას შემდეგ, რაც კონსერვატულმა ძალებმა ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით სამარს ბრალდებები მოეხსნა, მაგრამ მთავრობაში დასაბრუნებელი გზა მაინც გადაეკეტა.
ყოფილი მინისტრის თქმით, ავღანეთში მომხდარი სასიკეთო ძვრები – ქალებისთვის განათლებისა და მუშაობის უფლების მინიჭება – ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ არ მოგვარდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ანუ თუ მოსახლეობამ, რომლის უმრავლესობას წერა-კითხვის უცოდინრები შეადგენენ, არაფერი შეიტყო თავისი უფლებების შესახებ. მოკლედ, ქალებს მუშაობის უფლება აქვთ, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობას მათი მცირე ნაწილი თუ ახერხებს. სიმა სამარი ფიქრობს, რომ [სიმა სამარის ხმა] “საჭიროა პროგრამები პროფესიის დასაუფლებლად: არა მხოლოდ მარტივი საქმის, თუნდაც ხელსაქმის შესასწავლად, არამედ არატრადიციულ, მაგალითად ელექტროტექნიკის სფეროში სამუშაოდ. ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად შეძლონ საკუთარი თავისა და ოჯახების შენახვა.”

ამიტომ არის, რომ სიმა სამარი საერთაშორისო თანამეგობრობას, დონორ ქვეყნებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, ავღანეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების წინაპირობად ქალთა უფლებების დაცვა მოითხოვონ.

ამ მოთხოვნას გამართლებულად მიიჩნევს ჯენიფერ სიმორ უიტეკერი, ნიუ იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი. ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ნიკოლას კრასტევთან საუბარში მან დაადასტურა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ კარზაისა და უცხოელი დონორების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქალთა უფლებების უზრუნველყოფა უნდა მივიჩნიოთ.

[ჯენიფერ სიმორ უიტეკერის ხმა] “რეგიონებში ბევრი საველე მეთაური მისდევს გენდერული ურთიერთობების ტრადიციებს. არადა, ავღანეთში დემოკრატიის დამკვიდრება ქალებზე ისევეა დამოკიდებული, როგორც მამაკაცებზე. ამის გამო ქალთა უფლებების დამცველებს ბევრი პრობლემა და დილემა ექმნებათ.”

უიტეკერი ავღანელი ქალების მთავარ ამოცანად მიიჩნევს მონაწილეობას კონსტიტუციაზე მუშაობაში, რომელიც ერთ-ორ წელიწადში დასრულდება.

[ჯენიფერ სიმორ უიტეკერის ხმა] “ვფიქრობ, მომავალ 12-15 თვეში შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროპის სახელმწიფოებმა და სხვა უცხოელმა დონორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქალთა მონაწილეობაზე საკონსტიტუციო პროცესში, ლოია ჯირგის მომამზადებელ პროცესში. დიდი მონდომებაა საჭირო, რომ მომავალ ლოია ჯირგაში ქალთა ფართო წარმომადგენლობა ვიხილოთ.” რაც შეეხება ქალთა საკითხების ყოფილი მინისტრის, სიმა სამარის მოსაზრებას, რომ ავღანეთში ქალების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, უიტეკერი ფიქრობს, რომ მათთვის ინფორმაციის მიწოდების, მათი განათლების დონის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტიან საშუალებად ჩვენი მედია – რადიო გამოდგება.

[ჯენიფერ სიმორ უიტეკერის ხმა] “რადიო არის განათლების გავრცელების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების უმნიშვნელოვანესი საშუალება. იმისათვის, რომ ქალები დარწმუნდნენ, რომ მათი ესმით, რომ მათ სიტყვას ანგარიშს უწევენ, საჭიროა ქალების მიერ მომზადებული, ქალებისათვის განკუთვნილი რადიოპროგრამები სხვადასხვა თემაზე – მათ შორის ჯანდაცვაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ქალებს უნდა დავაძლევინოთ მსოფლიოსაგან იზოლაციის შეგრძნება.”

მართლაც, რამდენად დიდია რადიოს როლი დღევანდელ ავღანეთში, თუნდაც ის გარემოება ადასტურებს, რომ ჩვენი რადიოს ავღანურ რედაქციას, რომელიც წლეულს, 3 იანვარს გაიხსნა და ორ ენაზე, პუშტუსა და დარიზე მუშაობს, ყველა დანარჩენ რედაქციაზე მეტი მსმენელი ჰყავს – მის პროგრამებს ყურს უგდებს ავღანეთის მოსახელობის 60 პროცენტი!
ამ მნიშვნელობის შესაბამისად, შეერთებული შტატების პირველი ლედი, ლორა ბუში, წლეულს 21 მაისს ჩვენს რადიოში სტუმრობისას, სწორედ ავღანურ რედაქციას ეწვია და პირდაპირ ეთერში მიმართა მის მსმენელებს.

[ლორა ბუშის ხმა] “მოგმართავთ რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შტაბ-ბინიდან – ამ რადიოს მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც გამოგადგებათ თქვენი ოჯახისა და თქვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ავღანელი ქალები განზე არ დადგებიან. თქვენ დიდი შანსი გეძლევათ და ბევრი რამის გადაწყვეტა შეგიძლიათ. მესმის, რომ ქალები ამერიკასა და ავღანეთში ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ. მე პატივს ვცემ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს და თქვენს გადაწყვეტილებებს”.

ეს იყო ნაწყვეტი შეერთებული შტატების პირველი ლედის, ლორა ბუშის გამოსვლიდან რადიო "თავისუფალი ევროპა- რადიო თავისუფლების" ავღანური რედაქციის ეთერში. დღეს 2002 წლის 21 მაისის ამ ჩანაწერით დავამთავრებთ გადაცემას ციკლიდან “ქალი და მსოფლიო”.
XS
SM
MD
LG