Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში “ჩრდილოვანი” მინიპარლამენტი შეიქმნა?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის 5 ნოემბრის ბობოქარი სხდომის შემდეგ 11-მა საპარლამენტო ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინასწარი

შეთანხმების მისაღწევად არაფორმალური საბჭო შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ 6 ნოემბერს საბჭოს პირველივე სხდომა, პროტესტის ნიშნად, დატოვა ფრაქცია “ ახალმა მემარჯვენეებმა”, შეიძლება ითქვას, რომ ახლებურად ცხოვრების დაწყების სურვილი პარლამენტარებს დიდ ხანს არ გაჰყვებათ.

11 გაერთიანებული ფრაქციის ერთიანობის გამოცდად იქცა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი. თბილისში განვითარებული მოვლენებისა და დედაქალაქში კრიმინალური ვითარების გაუარესების გამო, მეორე დღეა, პარლამენტარები პარლამენტში კობა ნარჩემაშვილის მისვლას მოითხოვენ. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 5 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა:
[დავით გამყრელიძის ხმა] “ გუშინდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ქალაქს არ ჰყავს პატრონი, რომ პოლიცია, საერთოდ, არ ფუნქციონირებს. ის, რაც ხდება პარლამენტის წინ რამდენიმე თვეა, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აწყობს, ჩვენ ვიყოთ პარალიზებული. ან ჩვენ შევძლებთ ყველაფერი ეს შევაჩეროთ აქ ან მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, დავიხუროთ ქუდი და ძალაუფლება გადავაბაროთ ქუჩას და ქუჩამ მართოს ეს ქვეყანა.”

პოლიციის მუშაობის მისამართით კრიტიკა 6 ნოემბერსაც გაისმოდა პარლამენტში. ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ შეშფოთება გამოთქვა წინა დღეს გაზეთ “თბილისის” რედაქტორის სოსო ჭუმბურიძის ცემასთან დაკავშირებით. ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” წევრის გიორგი თარგამაძის განცხადებით, თბილისში შექმნილი ვითარება სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება:
[გიორგი თარგამაძის ხმა] “ დედაქალაქში არის აბსოლუტური განუკითხაობა. პოლიცია, ფაქტობრივად, არაფერს არ აკეთებს საკუთარი ჯიბის გასქელების გარდა. გადართულია რაღაც პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს? და ვინ არის ის, თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი? და ის მზად იყოს, როცა აქ მოვა, კონკრეტულ ფაქტებზე სასაუბროდ, მოვიდეს შედეგებით. ან თუ მოვა, შეეჩვიოს იმას, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება დღის წესრიგში.”
შინაგან საქმეთა მინისტრი 6 ნოემბერს პარლამენტში მივიდა, მაგრამ დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის ამ ფორმატის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, შეხვედრა დატოვა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ. საბჭოში შემავალი 10 ფრაქციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და თბილისის მერიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და, შესაბამისად, აღარ დადგება კობა ნარჩემაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ფრაქციათა საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების მიუხედავად, “ახალი მემარჯვენეები” მაინც დააყენებენ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის საკითხს.
რაც შეეხება ფრაქციათა საბჭოს მუშაობის პერსპექტივას, პარასკევს ხუთი ფრაქცია - ე.წ. “დემარშისტები” კვლავ დააყენებენ სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და ფინანსთა მინისტრის მირიან გოგიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით, სამი ფრაქცია – თანადგომა, ალიანსი ახალი საქართველოსთვის და მოქალაქეთა კავშირი – აცხადებს, რომ ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.
XS
SM
MD
LG