Accessibility links

logo-print

რას წარმოადგენს ''წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამით მომზადებული პირველი ქართული ქვედანაყოფი?


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურმა ოპერაციამ საზოგადოებას დროებით მიავიწყა იმ 400 ქართველი სამხედროს ბედი, რომლებსაც ამერიკელი ინსტრუქტორები "წვრთნისა და აღჭურვის"

პროგრამით მესამე თვეა ამზადებენ. ცნობილია, რომ ინტენსიური სამხედრო წვრთნა 15 დეკემბერს მთავრდება, რის შემდეგაც სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონი "კომანდო" თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილს, ვაზიანის ბაზას, დაუბრუნდება, ხოლო მეორე ქვედანაყოფი, რომელიც ესტაფეტას გადაიბარებს, საჩხერის სამთო ქვეითები იქნებიან. თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არც ერთ ამ ქვედანაყოფს ანტიტერორისტული პროფილი არ ექნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არაფერ მსგავსს ამერიკული პროგრამა არ ითვალისწინებს.


პირველი პროფესიული ქართული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელსაც ამერიკულ ყაიდაზე "კომანდოს" ბატალიონი ეწოდება, რუსთავთან ახლოს, 11 სექტემბრის ტერაქტის სახელობის პოლიგონზე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში იწვრთნება. პროგრამის თანახმად, ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მიმდინარე მომზადების პროცესი მთლიანად დახურულია გარეშე თვალისთვის. აკრძალულია კონტაქტი პრესის წარმომადგენლებთან. სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტებმა პოლიგონზე შეღწევა სულ ორჯერ, ისიც ამერიკელი სენატორებისა და ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდლის სტუმრობის დროს, მოახერხეს. თუმცა ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. "კომანდოს" ბატალიონის შტაბის უფროსის, უფროს ლეიტენანტ ლაშა ბერიძის თქმით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ისეა გაწერილი და იმდენად ძვირად ღირებულია, რომ თითოეული წუთის დაკარგვაც კი დაუშვებელი ფუფუნება იქნებოდა. ყველა სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტის თანახმად, ხელფასის სახით, თვეში 400 ლარს იღებს. თითქმის ამდენივე იხარჯება მათ კვებასა და სამედიცინო უზრუნველყოფაზე. ხოლო თითოეული საბრძოლო კომპლექტი, რომელიც პროგრამაში მონაწილე სამხედროებმა ამერიკიდან უსასყიდლოდ მიიღეს, 2000 დოლარი ღირს.

ბუნებრივია, მოტივირებული ჯარისკაცები ნებისმიერი დისციპლინური დარღვევისთვის მკაცრად ისჯებიან. უფროს ლეიტენანტ ლაშა ბერიძის განცხადებით, ორი სამხედრო მოსამსახურე პროგრამიდან გაირიცხა სიმთვრალისთვის, რაც, ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში.

რაც შეეხება წვრთნის პროცესს, მას უშუალოდ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მსუბუქი ქვეითი ძალების პროგრამით წარმართავენ და, უამრავი ხმაურიანი განცხადების მიუხედავად, მას არ აქვს გამოკვეთილად ანტიტერორისტული მიმართულება.

[ლაშა ბერიძის ხმა] "იმ ამოცანას, რაც ამ ქვედანაყოფის და რაც ამ წვრთნის წინაშეა დასმული, იმ სტანდარტებს, რაც ამ წვრთნას სჭირდება, ესენი კარგად აკმაყოფილებენ. სწავლებას, წვრთნას ეგენი[ამერიკელები] აწარმოებენ. დაგეგმარებასაც თვითონ ატარებენ, მაგრამ ყველაფერს ჩვენთან, ბატალიონის შტაბთან, ათანხმებენ. სწავლებას აწარმოებენ სამი საბრძოლო ასეულის, გარკვეული სპეციფიკით ოცეულებიც მოამზადეს და მმართველობას ამზადებენ იმ საკითხებზე, რაც მმართველობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვეულებრივი ქვედანაყოფია, მსუბუქი ქვეითი, და მზადდება, როგორც მსუბუქი ქვეითი ბატალიონი უნდა მზადდებოდეს. ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის." [სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები და ყველა ამერიკელი სამხედრო ჩინოსანი, რომლებიც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ, მაღალ შეფასებას აძლევენ ქართველი სამხედროების მონდომებას, ფიზიკურ ამტანობას და ლიდერის თვისებებს. თავის მხრივ, პროგრამაში მონაწილე ყველა ქართველი სამხედრო, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, თუმცა მათ ერთი სურვილი აქვთ - ეს საბრძოლო ფორმა სამხედრო ნაწილში დაბრუნების შემდეგაც შეინარჩუნონ.
XS
SM
MD
LG